![]() ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის საერთაშორისო სამეცნიერო
კ ო ნ ფ ე რ ე ნ ც ი ე ბ ი
"ეკონომიკა – XXI საუკუნე"
![]() |
|
|
∘ ლია დვალიშვილი ∘ თენგიზ ქავთარაძე ∘ სასურსათო უსაფრთხოების გლობალური გამოწვევები და ხარისხის უზრუნველყოფის გზები: საერთაშორისო გამოცდილება და საქართველოს მაგალითი ანოტაცია. ნაშრომი ვრცლად ეხება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სოციალურ-ეკონომიკურ საკითხს – სასურსათო უსაფრთხოებას. განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული გლობალურ გამოწვევებზე, როგორიცაა მოსახლეობის სწრაფი ზრდა, ბუნებრივი რესურსების დეფიციტი, კლიმატის ცვლილება და ეკოლოგიური დეგრადაცია. ნაშრომში განხილულია საკვების ხარისხის უზრუნველყოფის თანამედროვე მექანიზმები (HACCP, GMP) და მათი როლი უსაფრთხო და ხარისხიანი პროდუქციის მიწოდებაში. საქართველოს მაგალითზე ნაშრომი აჩვენებს, რომ ქვეყანა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმპორტზე, რაც ზრდის სასურსათო უსაფრთხოების რისკებს. პრობლემად რჩება ადგილობრივი წარმოების სუსტი განვითარება და ხარისხის კონტროლის არასაკმარისი დონე. ნაშრომი მიუთითებს, რომ სასურსათო უსაფრთხოება არ შეიძლება განიხილებოდეს მხოლოდ ეკონომიკურ ჭრილში – იგი გლობალური უსაფრთხოების, სოციალური კეთილდღეობისა და მდგრადი განვითარების საკვანძო ელემენტია. საქართველოსთვის პრიორიტეტია ადგილობრივი წარმოების გაძლიერება, კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის განვითარება და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობა. საკვანძო სიტყვები: სურსათის ხარისხი, სასურსათო პრობლემა, სასურსათო უსაფრთხოება, რაციონალური კვება, კვებითი უვნებლობა, HACCP, კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობა. ეკონომიკური უსაფრთხოების პრობლემა ნებისმიერ პერიოდში იყო საზოგადოების ყურადღების ცენტრში, მაგრამ განსაკუთრებულ აქტუალობას XXI საუკუნეში იძენს, რასაც განაპირობებს მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკური მოვლენებისა და პროცესების მთელი რიგი კომპლექსი (ასათიანი, 2017). ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე უდიდეს გავლენას ახდენს მსოფლიო მასშტაბით არსებული გლობალური პრობლემები, უმთავრეს გლობალურ პრობლემებს შორის კი თავისი სიმწვავითა და საფრთხით არსებული სასურსათო პრობლემაა. გლობალური მნიშვნელობის ეს პრობლემა მსოფლიოს ეკონომიკური უსაფრთხოების შემადგენელი ნაწილი და ზოგადსაკაცობრიო პრიორიტეტული მიმართულებაა. მისი სიმწვავე კიდევ უფრო გააძლიერა საზოგადოების გარემოზე ზემოქმედების ამჟამინდელმა მასშტაბებმა, რამაც რეალური საფრთხის წინაშე დააყენა მსოფლიოს განვითარება. პრობლემა მდგომარეობს კალორიული და რაციონალური კვების უკმარისობაში, რომელსაც მსოფლიო მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი განიცდის. აღნიშნულ პრობლემას მდგრადი განვითარების პრიორიტეტულ მიზნებს შორის საკმაოდ მოკრძალებული ადგილი უჭირავს. კერძოდ, მდგრადი განვითარების მეორე მიზანი უკავშირდება შიმშილის აღმოფხვრას, სასურსათო უსაფრთხოებისა და მდგრადი სოფლის მეურნეობის ხელშეწყობას (მდგრადი განვითარების მიზნები, 2015). მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, კლიმატის გლობალურ ცვლილებებთან ერთად დამატებით გამოწვევებს ქმნის მოსახლეობისთვის ადეკვატური რაოდენობით მაღალი კვებითი ღირებულების მქონე სურსათით უზრუნველყოფის თვალსაზრისით. ჩვენი პლანეტის მოსახლეობის ზრდის ფონზე მისი სასურსათო უზრუნველყოფის გაუმჯობესება თანამედროვე ცივილიზაციის მეტად მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს, ამიტომ საზოგადოების მთელი ძალისხმევა მიმართულია სასიცოცხლო მარაგის ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლის გაზრდისაკენ. პირველად დედამიწის მზარდი მოსახლეობისთვის სურსათის შესაძლო უკმარისობის პრობლემა დააყენა ინგლისელმა მღვდელმა, რობერტ მალთუსმა. მან შენიშნა, რომ მოსახლეობა იზრდება გეომეტრიული პროგრესიით, სურსათის წარმოება კი იმავე პროპორციით არ ხდება (ვეშაპიძეშ, 2008). ყოველწლიურად პლანეტის მოსახლეობა დაახლოებით 1,1%-ით (წელიწადში დაახლოებით 83 მილიონი ადამიანი ) იზრდება, რესურსები კი, რომლებიც საკვები პროდუქტების წარმოების ზრდისთვისაა საჭირო, პირიქით, მცირდება. ამგვარად, პრობლემა დაკავშირებულია მოსახლეობის შედარებით უფრო სწრაფ ზრდასთან სასურსათო რესურსების მიმართ. ამერიკელი მეცნიერის, ნობელის პრემიის ლაურეატის ნორმან ბელროგის იდეამ „მწვანე რევოლუციამ“ მთელ მსოფლიოში ხელი შეუწყო სურსათის წარმოების ზრდას, ღატაკი ქვეყნების სურსათით მომარაგების დრამატულად გაუმჯობესებას, ათასობით ადამიანის გადარჩენას შიმშილით სიკვდილისგან. მეცნიერის აზრით, „მწვანე რევოლუცია“ აუცილებელი საშუალება იყო მოსახლეობის დრამატულად ზრდის შედეგებთან გასამკლავებლად. სოფლის მეურნეობაში სამეცნიერო ტექნიკური რევოლუციის მიღწევების ფართო და მასობრივი დანერგვის შედეგად მნიშვნელოვნად გაიზარდა მაღალი გამძლეობისა და მაღალმოსავლიანი მცენარეული კულტურების გამოყვანა. ახალმა ჯიშებმა შესაძლებელი გახადა განვითარებად ქვეყნებში სურსათის დეფიციტის დაძლევა და საკვების წარმოების საგრძნობლად გაზრდა (რადიო თავისუფლება, 2009). თანამედროვე ეტაპზე საზოგადოებაში ფართოდაა დამკვიდრებული აზრი საფრთხისშემცველი გენმოდიფიცირებული პროდუქციის შესახებ. მეცნიერთა გარკვეული ნაწილის აზრით, არ არსებობს მეცნიერული დასტური, რომ ასეთი ტიპის პროდუქცია კანცეროგენურია, თუმცა ფაქტია ისიც, რომ „მწვანე რევოლუციის“ მეთოდების ფართო გამოყენებამ ეკოლოგიური ვითარება გაამწვავა (დვალიშვილი, 2018). თანამედროვე მსოფლიოს სასურსათო პრობლემა არაერთგვაროვანია სხვადასხვა რეგიონში. დღე-ღამეში თანამედროვე ადამიანი საკვებად იყენებს დაახლოებით 1,5-2 ლიტრ წყალს და 800-900 გრამამდე საკვებს. ჩვენი პლანეტის მოსახლეობის (7 მლრდ) სადღეღამისო რაციონი დღეისათვის 6,5 მილიონ ტონა საკვებს შეადგენს. კაცობრიობის დიდი ნაწილი განიცდიდა და განიცდის ზოგიერთი სახეობის საკვების დეფიციტს (დღეს მსოფლიოში 1 მლრდ ადამიანი შიმშილობს, ხოლო 2,2 მლრდ სასმელი წყლის დეფიციტს განიცდის) (კოღუაშვილი პაატა, 2022). კვების პროდუქტების დეფიციტი ყოველთვის არსებობდა კაცობრიობის ისტორიაში, მაგრამ ის განსაკუთრებით XX საუკუნის 70-იანი წლების პირველ ნახევარში გამწვავდა. ამ დროიდან მიიღო სასურსათო პრობლემამ გლობალური პრობლემის „სტატუსი“. სასურსათო პრობლემის გამწვავების მოსალოდნელი საფრთხის შესახებ არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, ავტორიტეტული ჟურნალი თუ სასურსათო პრობლემატიკასთან ახლომდგომი ცნობილი მეცნიერი და სპეციალისტი აფრთხილებდა მთელ მსოფლიოს. კერძოდ, ჯერ კიდევ გასული საუკუნის ბოლოს გამოქვეყნდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან არსებული სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) პროგნოზი იმის თაობაზე, რომ 2015-2020 წლებში პლანეტის მოსახლეობის მოთხოვნილება სურსათზე 50%-ით გაიზრდებოდა, რაც უმწვავეს სასურსათო კრიზისს გამოიწვევდა (კოღუაშვილი პ, 2019). სასოფლო-სამეურნეო მიწების გამოფიტვამ, გაუდაბნოებამ, ნიადაგების დეგრადაციამ, ტყეების არასწორმა გამოხშირვამ და ოკეანეებისა და ზღვების რესურსების მტაცებლურმა ხარჯვამ გააღრმავა სასურსათო პრობლემა, რის გადასაწყვეტად კაცობრიობამ უნდა შეიმუშაოს ღონისძიებათა კომპლექსი პლანეტის სასურსათო რესურსების განვითარებისთვის (ვეშაპიძე შ, 2008). სასურსათო უსაფრთხოების მიღწევა ნებისმიერი ქვეყნისთვის ფუნდამენტური სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევაა. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფა მათი კეთილდღეობის პირამიდის საძირკველია. სურსათი ადამიანის ბიოლოგიური არსებობის საფუძველია და იგი მუდამ დარჩება ადამიანთა მოდგმის მარადიულ პირობად (ხარაიშვილი ე, 2020). დღეს სურსათის უსაფრთხოების საყოველთაოდ მიღებული განმარტების თანახმად, სასურსათო და კვების უსაფრთხოება არსებობს მაშინ, როდესაც თითოეულ ადამიანს ნებისმიერ დროს აქვს ფიზიკური, სოციალური და ეკონომიკური წვდომა საკმარისი რაოდენობის უვნებელ და ხარისხიან სურსათზე, რომელიც საშუალებას იძლევა დაკმაყოფილდეს მათი სურსათზე მოთხოვნები და არჩევანი შესაბამის სანიტარიულ და სამედიცინო მომსახურების პირობებში ჯანმრთელი (ჯანსაღი) და აქტიური ცხოვრების წესის წარმართვისათვის. სასურსათო უსაფრთხოება არის გარანტი, რომ ქვეყანაში არსებობს საკმარისი მოცულობის საკვები, ჯანსაღი და ჯანმრთელი სიცოცხლისთვის. თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საჭიროა არსებობდეს მისი ათვისების ეკონომიკური შესაძლებლობა (ტალიკაძე, 2022). ეროვნულ დონეზე სასურსათო უსაფრთხოება განიხილება როგორც თანმიმდევრული პროგრამების ერთობლიობა, რომლის მთავარი მიზანია ქვეყნის მოსახლეობის ჯანსაღი და უვნებელი სურსათით სტაბილური მომარაგება. სასურსათო უსაფრთხოება სამ ასპექტს მოიცავს: 1. რაოდენობრივი – ორიენტირებულია სურსათის საკმარისი რაოდენობით უზრუნველყოფაზე; 2. ხარისხობრივი – ნიშნავს მოსახლეობის უსაფრთხო და ხარისხიანი სურსათით უზრუნველყოფას; 3. სოციალურ-ეკონომიკური – გულისხმობს მოსახლეობის შემოსავლების იმ დონემდე ზრდას, რომელიც რეალურად უზრუნველყოფს სურსათზე მათ ხელმისაწვდომობას (გეჩბაია ბ., 2020). გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (შემდეგში FAO) სასურსათო უსაფრთხოების შეფასების მიზნით ჩამოაყალიბა მაჩვენებელთა მთელი სისტემა. FAO სასურსათო უსაფრთხოების ოთხ ძირითად „ელემენტს“ გამოყოფს: 1. არსებობა – საკვების საკმარისი რაოდენობა; 2. ხელმისაწვდომობა – ეკონომიკური და ფიზიკური წვდომა; 3. მოხმარება – საკვების სწორად გამოყენება კვებითი ღირებულებების მიხედვით; 4. სტაბილურობა – საკვების უწყვეტი მიწოდება და მიწოდების უსაფრთხოება (ტალიკაძე, 2022). მეცნიერთა შეხედულებით, სასურსათო უსაფრთხოების მონიტორინგის მიზნით, სასურველია, რომ FAO-ს მიერ შემუშავებულ მაჩვენებელთა სისტემა მიღებულ იქნეს საფუძვლად, მის ბაზაზე კი ჩამოყალიბდეს მაჩვენებელთა ეროვნული სისტემა. ზემოჩამოთვლილი ინდიკატორების გარდა, მნიშვნელოვანია სურსათის თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტიც, რომელიც ასახავს იმპორტსა და ადგილოებრივი წარმოების ბალანსს, თუ რა დონემდე უზრუნველყოფს ქვეყანა მოსახლეობის სურსათით მოთხოვნილების დაკმაყოფილებას ადგილობრივი რესურსებით და რამდენადაა დამოკიდებული იმპორტზე. სასურსათო დამოუკიდებლობა ნიშნავს ქვეყნის უნარს, საკუთარი რესურსებით უზრუნველყოს მოსახლეობის საკვების საჭიროებები. ძირითადი საკვები პროდუქტები, რომელთაც სტრატეგიული მნიშვნელობა ენიჭებათ ქვეყნისთვის და რომელთა მიღებაც აუცილებელია ადამიანის ორგანიზმისთვის, არის: ხორბალი, სიმინდი, კარტოფილი, ბოსტნეული, ყურძენი, ხორცი (მათ შორის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ღორის, ცხვრისა და თხის, ფრინველის), რძე და რძის პროდუქტები და კვერცხი (ტალიკაძე, 2022). სამწუხაროდ, დღესდღეობით საქართველოში დაბალია აუცილებელი პროდუქტებით დაკმაყოფილების დონე. „FAO“-ს კვლევით, საქართველო 50%-ზე მეტად იმპორტზეა დამოკიდებული, განსაკუთრებით კი მარცვლეულ კულტურებზე. სურსათის დეფიციტის შევსება ძირითადად იმპორტული პროდუქტებით ხდება. თანამედროვე პირობებში არც ერთ ქვეყანას არ შეუძლია დამოუკიდებლად და სხვა სახელმწიფოებისაგან იზოლირებულად სასურსათო უსაფრთხოების პრობლემის გადაჭრა მხოლოდ ეროვნული წარმოებით, ამიტომაც იმპორტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. ამასთანავე, თუ ქვეყანაში მაღალია თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტები, შესაძლოა ამ უკანასკნელმა იფიქროს ექსპორტზეც, რაც საბოლოო ჯამში აუმჯობესებს სახელმწიფოს ეროვნულ ბალანსს. ნებისმიერი ქვეყნის სასურსათო პროგრამის მთავარი მიზანი, ქვეყნის მზარდი ეკონომიკური პოტენციალის გამოყენებით, მიმართული უნდა იყოს მოსახლეობის სურსათის ყველა სახეობით უზრუნველყოფასა და ადამიანის კვების სტრუქტურის გაუმჯობესებაზე მაღალი კვებითი ღირებულების მქონე პროდუქტების ხარჯზე. კვების სტრუქტურის გაუმჯობესება კი შეუძლებელია რაციონალური კვების შესახებ მეცნიერების ძირითადი დებულებების გამოყენების გარეშე, რომლებიც აკმაყოფილებს ადამიანის მოთხოვნილებას საკვებ ნივთიერებებზე (მიქელაძე გ, 1988). მაღალი ხარისხის კვების პროდუქტების არსებობის წინაპირობაა ნაყოფიერი მიწა, სუფთა წყალი, სუფთა ჰაერი, ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნება. საკვები ორგანიზმის ყველა სისტემის მუშაობის ენერგიის წყაროა. საკვები ორგანიზმს აწვდის „სამშენებლო მასალას“ – პლასტიკურ ნივთიერებებს, რომლებისგანაც შედგება ახალი უჯრედები (რადგან უჯრედები მუდმივად იშლება და საჭიროა მათი ახლით შეცვლა); საკვები ორგანიზმს ამარაგებს ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით, ბიოპოლიმერებით, ვიტამინებით (რომლებიც აუცილებელია სასიცოცხლო პროცესების დასარეგულირებლად); საკვები ასრულებს ინფორმაციულ როლს. იგი წარმოადგენს განსაზღვრულ მოლეკულურ სტრუქტურებში ჩადებულ ქიმიურ ინფორმაციას. ამგვარად, კვება ადამიანის არსებობის მთავარი პირობაა. იგი ადამიანის, საზოგადოების და მთელი ერის ჯანმრთელობის და ცხოვრების წესის ინდიკატორია (კოღუაშვილი პაატა, 2022). დიდი ხანია ცნობილია, რომ ადამიანი არის ისეთივე, როგორიც მისი საკვებია. რაციონალური კვება ადამიანის ჯანსაღი მდგომარეობისა და მაღალშრომისუნარიანობის ხელშემწყობი ფაქტორია. ის უზრუნველყოფს ორგანიზმის ნივთიერებათა ცვლის აუცილებელ დონეს მისი არსებობის ყოველ ეტაპზე და მთლიანად უზრუნველყოფს ენერგეტიკულ, პლასტიკურ და სხვა მოთხოვნებს. ჯანსაღი კვების რაციონი უნდა პასუხობდეს ადამიანის ორგანიზმის ინდივიდუალურ თავისებურებებს შრომის ხასიათის გათვალისწინებით, სქესობრივ და ასაკობრივ თავისებურებებს, საცხოვრისის კლიმატურ-გეოგრაფიულ პირობებს. ჯანმრთელობის მთავარი გასაღებია ჯანსაღი კვება, საჭირო კვების პროდუქტები კი სამი ძირითადი კრიტერიუმით ფასდება: 1. კვებითი უნარიანობა – პროდუქტის კალორიულობა, ბიოლოგიური ღირებულება და შეთვისებადობა; 2. კვებითი უვნებლობა – საკვები პროდუქტები არ უნდა შეიცავდეს მომწამვლელ ნივთიერებებს, მავნე მიკროორგანიზმებს ან უცხო მინარევებს; 3. ორგანოლეპტიკური თვისებები – პროდუქტის ფერი, სუნი, გემო, კონსისტენცია და ქიმიური შემადგენლობა. კვებითი უვნებლობასა და ორგანოლეპტიკურ თვისებებს ერთად პროდუქტის კეთილხარისხოვნებას უწოდებენ, მასაშადამე, კეთილხარისხოვნად ითვლება საკვები პროდუქტი, რომელიც ფლობს მოცემული პროდუქტისთვის დამახასიათებელ ფერს, სუნს გემოს, კონსისტენციას, ქიმიურ შემადგენლობას და არ შეიცავს რაიმე მომწამლავ ნივთიერებას (გველესიანი, 1991). კვების პროდუქტების წარმოებიდან მომხმარებლამდე მიწოდების მთელ გზაზე ხარისხის კონტროლი დინამიკური და უწყვეტი პროცესია. ამ პროცესის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გლობალური სტანდარტია საფრთხის ანალიზი და კრიტიკული კონტროლის წერტილები (HACCP) – სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისოდ აღიარებული სისტემა, რომელიც ემსახურება სურსათით გამოწვეული საფრთხის დადგენას და მათ პრევენციას. ის პირველად გამოიყენეს 1960 წელს ამერიკის შეერთებული შტატების კოსმოსური პროგრამისათვის (HACCP-ის ისტორია და მისი ევოლუცია, 2024). დაახლოებით 20 წლის წინ HACCP სასურსათო ინდუსტრიაში დაინერგა, როგორც მაკონტროლებელი საშუალება სურსათის მიმართ. დღესდღეობით ის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მოთხოვნაა, რომელსაც კვების ბიზნესი უნდა აკმაყოფილებდეს. დღეს ბიზნესზე უფრო დიდი ზეწოლა ხორციელდება მათი უსაფრთხოებისა და ხარისხის პროცესების გასაუმჯობესებლად (საკვების ხარისხის კონტროლის კრიტერიუმები, 2021). ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) შესაბამისად, HACCP-ის სისტემის დანერგვა სხვადასხვა პროფილის ბიზნეს ოპერატორთან ეტაპობრივად მოხდა. 2015 წლიდან HACCP-ი სავალდებულო გახდა ნედლი რძის თერმულად გადამმუშავებლებისა და ცხოველთა სასაკლაოებისთვის; 2019 წლიდან – ექსპორტისთვის განკუთვნილი თხილის გულისა და გადამუშავებული თხილის გულის დამმზადებლებისთვის; 2021 წლის იანვრიდან – ცხოველური წარმოშობის სურსათის მწარმოებლებისა ან/და გადამმუშავებლებისთვის; 2021 წლის ივნისიდან –სურსათის წარმოება/გადამმუშავებლებისთვის საცალო ვაჭრობის პუნქტში. 2023 წლის 1 ივნისიდან HACCP-ის სტანდარტი სურსათის მწარმოებელი ყველა ბიზნესოპერატორისთვის სავალდებულო გახდა (HACCP-ის სტანდარტი, 2022). HACCP-ის სისტემების დანერგვით, GMP-ის მოთხოვნების დაცვით და მომხმარებელთა კმაყოფილებაზე ფოკუსირებით შესანიშნავი მომსახურებისა და ჰიგიენის დაცვის პრაქტიკის საშუალებით საკვების მწარმოებლებს შეუძლიათ უზრუნველყონ უსაფრთხო და მაღალი ხარისხის პროდუქციის მიწოდება. შეუსაბამობების ეფექტურად მართვა და მომხმარებელთა უკუკავშირის გამოყენება უწყვეტი გაუმჯობესებისთვის არის ძირითადი სტრატეგიები მაღალი სტანდარტების შენარჩუნებისა და ერთგული მომხმარებელთა ბაზის შესაქმელად (ხარისხის კონტროლი და მომხმარებლების კმაყოფილება, 2024). HACCP-ის წარმატება დამოკიდებულია სისტემური მიდგომის დანერგვაზე მონიტორინგით, პერსონალის ტრენინგითა და ხარისხის უწყვეტი კონტროლით. სხვადასხვა წარმატებული კომპანიის გამოცდილება აჩვენებს, რომ სისტემამ გააუმჯობესა სურსათის უსაფრთხოება და კომპანიებს მისცა საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტული უპირატესობა. HACCP-ის წარმატებული დანერგვა არის არა მხოლოდ კანონის მოთხოვნა, არამედ ბიზნესის მდგრადობისა და კონკურენტუნარიანობის საფუძველი. სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მოსახლეობის სასიცოცხლო ინტერესების დაცვა მეტად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. ბოლო წლების გამოცდილებამ საქართველოში ნათლად დაგვანახა სასურსათო უსაფრთხოების ფართო სპექტრი: 1. არ გაგვაჩნია სასურსათო უსაფრთხოების განმაპირობებელი ფაქტორი – სასურსათო დამოუკიდებლობა. ქვეყნის იმპორტზე დამოკიდებულების ზრდამ გაზარდა ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების რისკები; 2. სურსათის მიწოდების ჯაჭვში გაჩენილი ყველა შეფერხება ზრდის სურსათის ფასებს, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფას; 3. საქართველოში წლების განმავლობაში პრობლემად რჩება ოფიციალური რეგისტრაციის გარეშე მოქმედი სასურსათო საწარმოების არსებობა, რომელთა გამოვლენასა და კონტროლსაც სურსათის ეროვნული სააგენტო ვერ ახერხებს (სურსათის უვნებლობის წინაშე არსებული პრობლემები — არარეგისტრირებული საწარმოები, 2024); 4. საქართველოს სასურსათო მინიმუმის კალათაში სურსათის კალორიულობა შეფასებულია 2300 კკალ-ის დონეზე, რაც საგრძნობლად ნაკლებია საერთაშორისოდ აღიარებულ ნორმაზე (2450 კკალ); 5. მოსახლეობის სიცოცხლის მოსალოდნელი საშუალო ხანგრძლივობით საქართველო მსოფლიოში 73,3 წლით 93-ე ადგილზეა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმოს) მიერ გამოქვეყნებულ ქვეყნების რეიტინგში, რომელიც სულ 183 ქვეყანას მოიცავს (მოსახლეობის სიცოცხლის ხანგრძლივობით საქართველო მსოფლიოში 93-ე ადგილზეა, 2021). თანამედროვე ეტაპზე, გლობალური გამოწვევების (კლიმატის ცვლილება, წყლის დეფიციტი, ბიოლოგიური საწვავის წარმოების ზრდა) წინაშე მყოფი ქვეყნები სურსათზე გაზრდილი მოთხოვნილების უზრუნველმყოფი გზების, სიახლეების ძიებაშია. შესაბამისად, საფრთხის წინაშე დგება ამ ქვეყნების სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ცხადია, არც საქართველოა გამონაკლისი. ახალი გამოწვევების არასასურველი შედეგები მტკივნეულად აისახება ჩვენს ქვეყანაზეც. FAO-ს შეფასებით, 2050 წელს დაგვჭირდება 60%-ით მეტი საკვები, ვიდრე დედამიწის მოსახლეობა მოიხმარს დღეს (კლიმატგონივრული ტექნოლოგიები სოფლის მეურნეობაში , 2023). ქვეყნის მოსახლეობის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მნიშვნელოვანია ეროვნული მეურნეობის ერთ-ერთი ძირითადი დარგის – სოფლის მეურნეობის განვითარება. დარგის მთავარი მისიაა ხარისხიანი მცენარეული და ცხოველური წარმოების სრულფასოვანი საკვები პროდუქტებით მოსახლეობის უზრუნველყოფა. ქვეყნის ძირითადი ეკონომიკური სექტორი საჭიროებს რეაბილიტაციას და რეფორმირებას და ამ პროცესში აუცილებელია კლიმატის ცვლილების მიმდინარე პროცესების გათვალისწინება. კლიმატის მიმდინარე და პროგნოზირებული ცვლილებების ზეგავლენა სოფლის მეურნეობის სექტორზე ძირითადად ვლინდება შემდეგში: 1. აგრო-კლიმატური ზონების გადანაცვლება; 2. უმეტესი კულტურების მოსავლის შემცირება გვალვების, ძლიერი ქარების, არათანაზომიერად გადანაწილებული ნალექების, სეტყვიანი დღეებისა და თბური ტალღების ზრდის შედეგად; 3. სასოფლო-სამეურნეო მიწების ნაყოფიერების შემცირება და დეგრადაციის ინტენსივობის ზრდა, რასაც ხშირად კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ინტენსიური ექსტრემალური მოვლენები (მეწყრები, ღვარცოფები, წყალდიდობები, წყალმოვარდნები და ა.შ.) უწყობს ხელს; 4. მოსავლის დანაკარგის ზრდა ექსტრემალური ამინდის გახშირების შედეგად; 5. გასარწყავებული მიწების ფართობის შემცირება და სარწყავ წყალზე მოთხოვნილების ზრდა (შესავალი, 2017). ქვეყნის ძირითად ეკონომიკურ სექტორს მთავარი მისიის განსახორციელებლად აუცილებლად სჭირდება კლიმატგონივრული (კლიმატისადმი მდგრადი და დაბალემისიანი) სოფლის მეურნეობა. FAO-ს განმარტებით, სოფლის მეურნეობა კლიმატგონივრულია, თუ მისი მართვა ხდება მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაყრდნობით, კერძოდ: 1. ეხმარება სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ ადამიანებს შეინარჩუნონ და გაზარდონ მოსავლის პროდუქტიულობა მიმდინარე კლიმატის ცვლილების პირობებშიც კი; 2. გონივრულად გამოიყენონ კლიმატის ცვლილებით გამოწვეული დადებითი ცვლილებები და მოახდინონ უაროფით ცვლილებებთან ეფექტური ადაპტაცია თანამედროვე ცოდნისა და ტექნოლოგიების გამოყენებით; 3. მაქსიმალურად ეფექტურად მოახდინონ არსებული რესურსის (წყალი, ნიადაგი და სხვ.) გამოყენება; 4. რაც შეიძლება ნაკლები წვლილი შეიტანონ კლიმატის ცვლილების პროცესებში (მოახდინონ უარყოფით ცვლილებებთან ადაპტაცია, გაზარდონ ენერგოეფექტურობა, შეამცირონ სასოფლო-სამეურნეო მიწების/საძოვრების დეგრადაცია და სხვ.), რათა კიდევ უფრო არ დამძიმდეს კლიმატის ცვლილების გავლენა ამ დარგზე. კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობა განიხილავს დარგის მართვის უფრო კონკრეტულ ღონისძიებებსაც, კერძოდ: 1. სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოკლე და გრძელვადიან საჭიროებებს; 2. ეკოსისტემების მიერ მოწოდებული მომსახურების შენარჩუნებასა და გაზრდას სურსათის უსაფრთხოებისთვის; 3. კლიმატის ცვლილების რისკებთან გამკლავებას; 4. კვების სისტემებში ცვლილებების დადგენას, მათ შორის საკვებზე მოთხოვნის ნაწილში, ღირებულებათა ჯაჭვის და მასზე კლიმატის ცვლილების გავლენის სრული ანალიზის გამოყენებით (რაარისკლიმატგონივრულისოფლისმეურნეობა, 2020). კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობით მოტანილი სარგებელი პირდაპირ უკავშირდება ამ დარგში წარმოებული პროდუქციის მოცულობის გადიდებას –მემცენარეობის კულტურების მოსავლიანობისა და მეცხოველეობის პროდუქტიულობის ამაღლებას, ასევე მათი ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესებას (საქართველოში სასათბურე მეურნეობების განვითარებამ საშუალება მოგვცა, არ ვიყოთ დამოკიდებული გარემო პირობებზე და მოვიყვანოთ არასეზონური პროდუქტი; მიწების ხელოვნურად რწყვის ღონისძიებათა სისტემა, ანუ ირიგაცია საუკეთესო საშუალებაა სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის, ლანდშაფტების შენარჩუნებისა და გამომშრალი ნიადაგის ვარგისიანად გადაქცევისთვის; სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის დანერგვა ფერმერებისთვის დიდი შეღავათია სეტყვისაგან მოსავლის დასაცავად). კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის განვითარება საქართველოში ხელს უწყობს ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას, სიღარიბის აღმოფხვრას სოფლად, აგროეკოსისტემური სერვისების მდგრადობას მაღალპროდუქტიული წარმოების მეთოდების დანერგვისა და კლიმატის ცვლილებებთან ასოცირებული რისკების მართვის გზით. დასკვნა სასურსათო უსაფრთხოებას ვერ განვიხილავთ მხოლოდ ეკონომიკურ ან აგრარულ საკითხად, ეს არის გლობალური უსაფრთხოების, სოციალური კეთილდღეობისა და მდგრადი განვითარების საკვანძო ელემენტი. მისი წარმატებული უზრუნველყოფა მოითხოვს როგორც საერთაშორისო თანამშრომლობას, ისე ეროვნული რესურსების ოპტიმალურ გამოყენებას. გლობალური გამოწვევების გათვალისწინებით, ქვეყნის სტრატეგიამ უნდა უზრუნველყოს საკვების საკმარისი რაოდენობა და მაღალი ხარისხი, რათა მოსახლეობა დაცული იყოს საკვების დეფიციტისა და უხარისხო პროდუქტებისგან. საქართველოში სასურსათო უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად აუცილებელია: 1. ადგილობრივი წარმოების გაძლიერება; 2. კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის განვითარება რეგიონების სრული დაფარვით; 3. ხარისხის კონტროლის სისტემების სრულყოფა ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად; 4. მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება ჯანსაღი კვებისა და ხარისხიანი სურსათის მნიშვნელობის შესახებ. გამოყენებული ლიტერატურა
|