![]() ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის საერთაშორისო სამეცნიერო
კ ო ნ ფ ე რ ე ნ ც ი ე ბ ი
"ეკონომიკა – XXI საუკუნე"
![]() |
|
|
∘ ნინო ჟორჟიკაშვილი ∘ საქართველოს სატრანსპორტო სექტორში არსებული მდგომარეობა და გამოწვევები ანოტაცია. ნაშრომში განხილულია საქართველოს სატრანსპორტო სექტორში არსებული მდგომარეობა, გამოწვევები და არსებული პრობლემები. სატრანსპორტო სექტორი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად განვითარებად სექტორს, რომელსაც დიდი წვლილი შეაქვს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში, თუმცა აღნიშნული სექტორის განვითარება ასევე დაკავშირებულია რიგ სოციალური და გარემოსდაცვით პრობლემებთან და განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე. საკვანძო სიტყვები: სატრანსპორტო სექტორი, გლობალიზაცია, ეკონომიკური საფრთხეები შესავალი გლობალიზაციის პირობებში სულ უფრო აქტუალურია სატრანსპორტო სექტორის განვითარება და მისი გავლენა ეკონომიკურ, სოციალურ, გარემოსდაცვით სფეროებზე. ქვეყნის ეროვნულ მეურნეობაში ტრანსპორტი განსაკუთრებულ როლს ასრულებს. ერთის მხრივ, სატვირთო ტრანსპორტი თვითონ წარმოადგენს მატერიალური წარმოების სფეროს, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტში მნიშვნელოვანი წილის შეტანა შეუძლია; მეორეს მხრივ, ტრანსპორტი არის ეროვნული მეურნეობის სხვა დარგების (მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, მშენებლობა) ინფრასტრუქტურის სისტემის ზოგადი ნაწილი, რომლის ფუნქციონირებაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მათ ეფექტურ მუშაობას. განასხვავებენ ტრანსპორტის პირდაპირ, არაპირდაპირ და კუმულაციურ გავლენას გარემოზე:
სატრანსპორტო ინდუსტრიას გააჩნია, მთელი რიგი მაჩვენებლების საკმაო რაოდენობა, რომლებიც ახასიათებენ მის საქმიანობას [ტყეშელაშვილი გ., დუმბაძე ნ. ამანათაშვილი ი., საქართველოს ტრანსპორტი, 2021:30]. ამათგან ძირითადია: -ტრაფიკის მოცულობა. იზომება ტონებში ტვირთებთან მიმართებაში. მათი შემადგენლობის უფრო სრულყოფილი აღწერისთვის. განისაზღვრება გადაზიდვების სიდიდე უნივერსალურ და სპეციალიზირებულ კონტეინერებში, ან შეფუთული ფორმით, როგორც წესი საქონლის სპექტრიდან გამომდინარე სატრანსპორტო პროცესის მახასიათებლების გათვალისწინებით, გამოიყენება ისეთი საზომები როგორიცაა კუბური მეტრი და ცალი. -სატვირთო და სამგზავრო ბრუნვა. ტვირთბრუნვა იზომება ტონა-კილომეტრში. ერთი ტონა კილომეტრი არის 1 ტონა ტვირთის გადაზიდვის დროს შესრულებული სატრანსპორტო სამუშაოების მოცულობა 1 კმ მანძილზე. სამგზავრო ბრუნვა არის მგზავრთა რაოდენობის ნამრავლი მათი ტრანსპორტირების მანძილზე, რომელიც იზომება მგზავრ-კილომეტრებში. -საერთო ტვირთბრუნვა და საერთო გადაზიდვები განისაზღვრება სამგზავრო გადაზიდვების დაყვანით სატვირთო გადაზიდვებზე, გადამყვანი კოეფიციენტების გამოყენებით. -საქონლისა და მგზავრების ტრანსპორტირების საშუალო დიაპაზონი. მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების გამოყენების ტექნიკურ-ეკონომიკური ინდიკატორები (სატვირთო ვაგონის საშუალო შემობრუნების დრო დღეღამეში, რომელიც იზომება ვაგონის ერთი დატვირთვიდან მეორემდე დახარჯული საშუალო დროით, სატრანსპორტო საშუალებების მწარმოებლურობა, ერთი ტონა კილომეტრის ღირებულება, ერთი მგზავრ-კილომეტრი) სადგურის გამტარუნარიანობა, დატვირთვისა და გადმოტვირთვის კომპლექსების, სატრანსპორტო მარშრუტების მოცულობა. საქართველოს სატრანსპორტო სექტორში არსებული მდგომარეობა და გამოწვევები სატრანსპორტო სექტორს დიდი მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს ეკონომიკური და სოციალური განვითარების მიმართულებით. მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრების დიდ ინტერეს იწვევს საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა, რომელიც უზრუნველყოფს ნავთობის მილსადენებით ტრანსპორტირებისათვის მეტად ეფექტიან და უმოკლესს გზას კასპიის, ცენტრლური აზიის ქვეყნებისდან და აზეირბაიჯანიდან შავ ზღვამდე [მანველიძე ი, 2009:75]. საქართველო ესაზღვრება იმ საინვესტიციო გარემო ქვეყნის საინვესტიციიო მიმზიდველობა საინვესტიციო აქტივობა ქვეყანაში საინვესტიციო პოტენციალი საინვესტიციო რისკები ქვეყნებს, რომლებიც ფლობენ ნავთობისა და გაზის უდიდეს მარაგებს. კერძოდ რუსეთსა და კასპიის ქვეყნებს; მეორე მხრივ იგი ესაზღვრება თურქეთს, რომელიც ენერგო რესურსების მნიშვნელოვანი მომხმარებელია. აქედან გამომდინარე, საქართვეკლო განსაკუთრებულ ინტერეს იწვევს როგორც ნავთობისა და გაზის მომპოვებელი, ისე აღნიშნული პროექტის შემსყიდველი ქვეყნების მხრიდან. აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებით სატრანსპორტო კავშირების განვითარებისათვის რეგიონს გააჩნია სატრანსპორტო გადაზიდვების განვიათარების ისეთი მნიშვნელოვანი პოტენციალი, როგორიცაა სარკინიგზო და საავტომობილო ინფრასტრუქტურა. საქართველოს სატრანსპორტო პოტენციალის მთლიანად გამოყენება და ტრანსნაციონალური მაგისტრალის სრული დატვირთვით ამუშავება, ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის გარანტიაა. ცხადია ამისათვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს ქვეყნის შიდასატრანსპორტო ინფრასტრუქტურის სტაბილური მუშაობა. აქართველოში ტრანსპორტის თითქმის ყველა ძირითადი სახეა წარმოდგენილი, რაც განპირობებულია მისი მოსახერხებელი გეოგრაფიული მდებარეობით. საქართველოს მრავალფეროვანი ბუნებრივი პირობები მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ერთიან სატრანსპორტო სისტემაზე. მისი ქსელის კონფიგურაცია ყალიბდება რელიეფის, ჰავისა და ჰიდროგრაფიული ქსელის თავისებურებათა შესაბამისად, აგრეთვე მოსახლეობის სიმჭიდროვისა და მისი გადაადგილებისუნარიანობის მიხედვით. საქართველო წარმოადგენს სატრანსპორტო დერეფანს ევროპისა და აზიის ქვეყნებს შორის, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობის გამო. საქართველოს ტერიტორია უძველესი დროიდან იყო გამოყენებული სავაჭრო-სამიმოსვლო გზებისათვის [ტაბატაძე ლ, 2011:4]. აქ გადიოდა ინდო-ჩინეთიდან შავი ზღვისკენ მიმავალი საერთაშორისო მნიშვნელობის სახმელეთო-საზღვაო ე.წ. ,,აბრეშუმის დიდი გზა” (ტრანსკონტინენტური სავაჭრო გზა), რომელიც ჩინეთს ხმელთაშუა და შავი ზღვების აუზის ქვეყნებთან აკავშირებდა. ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარება საჭიროებს სატრანსპორტო მომსახურების მოთხოვნების გაზრდას. მის გარეშე შეუძლებელია ეკონომიკის რომელიმე დარგის ფუნქციონირება. საქართველოში საბაზრო ეკონომიკის განვითარების თანამედროვე ეტაპზე ტრანსპორტი ძირითად როლს თამაშობს ქვეყნის ეკონომიკური ზრდისა და სოციალური განვითარების უზრუნველყოფაში. ქვემოთ წარმოდგენილია ტრანსპორტისა და დასაწყობების საქმიანობით დაკავებული საწარმოების ბრუნვის მოცულობა და დამატებული ღირებულება (იხ. გრაფ. 1, 2). გრაფიკებიდან იკვეთება, რომ მაჩვენებლები სტაბილურად მზარდია წლიდან წლამდე, ეაც მის მნიშვნელოვან როსლ განაპირობებს ეკონომიკური განვითარების კუთხით. გრაფ.1 ტრანსპორტისა და დასაწყობების საქმიანობით დაკავებული საწარმოების ბრუნვის მოცულობა, მლრდ.ლარი წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, წლიური ანგარიში, 2024 გრაფ.2 ტრანსპორტისა და დასაწყობების საქმიანობით დაკავებული საწარმოების დამატებული ღირებულება, მლრდ.ლარი
მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარება საჭიროებს სატრანსპორტო მომსახურების მოთხოვნების გაზრდას, დღის წესრიგში მწვავედ დგას მასთან დაკავშირებული ეკონომიკური პრობლემები და საფრთხეები. ტრანსპორტის ეკოლოგიური უსაფრთხოების პრობლემა წარმოადგენს ქვეყნის ეკოლოგიური უსაფრთხოების შემადგენელ ნაწილს. ამ პრობლემის მნიშვნელობა და სიმძაფრე ყოველწლიურად იზრდება. სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვებში არსებული მავნე ნივთიერებები ქმნიან მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის პრობლემას. ბუნებრივი გარემოს დაცვა დაბინძურებისა და დაზიანებისაგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სოციალური პასუხისმგებლობაა. გარემოზე ზემოქმედებს როგორც ნებისმიერი ადამიანის ასევე ბიზნეს სუბიექტების საქმიანობაც. ყველაზე მნიშვნელოვანი გლობალური ზემოქმედებაა - კლიმატის ცვლილება. ასევე ყველაზე ხშირად – საერთაშორისო კორპორატიული საქმიანობის ზემოქმედება არის საგულისხმო. თუმცა, რეალობა ოდნავ განსხვავებულია, სითბური გაზების გამოშვების მზარდი რაოდენობის მხრივ მრეწველობის, ტრანსპორტირების დარგებისა და შინამეურნეობების წილი თითქმის თანაბარია [დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, 2018:2]. ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობას აქვს უდიდესი მნიშვნელობა ადამიანის ცხოვრებაში, გადაადგილების, დასვენების, ეკონომიკური, ეკოსისტემებსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე გავლენის თვალსაზრისით. კერძოდ, იგი გავლენას ახდენს: • ჰაერის ხარისხზე: ავტომობილების გამონაბოლქვი უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობასა და ბუნებრივ გარემოზე. • იწვევს ხმაურსა და ვიბრაციას; • ემისიებისა და ნახშირორჟანგის (CO2) დიდი რაოდენობით გამოყოფის გამო ზეგავლენას ახდენს კლიმატზე; • მანქანებისა და მისი ნაწილების ნარჩენები ქმნის პრობლემებს ნაგავსაყრელებზე. • გადატვირთული საგზაო მოძრაობის გამო წარმოიქნება საცობები, საცობებში დაკარგული დრო ზემოქმედებს საერთო პროდუქტიულობაზე და იწვევს გარემოს დაბინძურებას. • საგზაო–სატრანსპორტო ტრავმატიზმი. საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად ყოველწლიურად მსოფლიოში 1.3 მილიონი ადამიანი იღუპება, 50 მილიონზე მეტი კი, სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებას იღებს და ინვალიდდება [დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, 2018:3]. • ენერგეტიკული უსაფრთხოება: დამოკიდებულება სხვადასხვა სახის საწვავზე და ბენზინზე აისახება ეროვნულ ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე. • ეკონომიკური ეფექტურობა: ავტოტრანპორტის მოხმარებაზე დახარჯული თანხა ამცირებს კაპიტალს სხვა ინვესტიციებისათვის. • ვიზუალური იძულებითი ზემოქმედება: მანქანები, გზები და მანქანების გასაჩერებელი ადგილები ცვლის ქალაქების სილამაზეს და თვითმყოფადობას. • სივრცითი/გეგმარებითი პრობლემები და საცხოვრებელი ფართების შემცირება: გზები და მანქანების გასაჩერებლი ადგილები ქალაქებში საჭიროებს დიდი რაოდენობით ურბანულ სივრცეს. საქართველოში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ძირითადი წყარო სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვია. ატმოსფერული ჰაერი ძირითადად ბინძურდება ნახშირჟანგით, ნახშირწყალბადებით, აზოტის ჟანგეულებით, გოგირდის ორჟანგით, ჭვარტლით, ბენზ(ა)პირენით, ჰაერში შეწონილი წვრილდისპერსიული მყარი ნაწილაკებით (PM10 , PM2,5 ) და ა.შ. დამაბინძურებელი ნივთიერებები, რომლებიც გამონაბოლქვ აირთან ერთად ხვდება ატმოსფეროში, რეალურ საფრთხეს უქმნის მოსახლეობის ჯანმრთელობას და პირდაპირ კავშირშია მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუარესების ზრდის ტენდენციასთან. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება წარმოადგენს ავადობის, ინვალიდობისა და სიკვდილიანობის პოტენციურ რისკ ფაქტორს. დაავადებების სპექტრი საკმაოდ ფართოა და ძირითადად დამოკიდებულია ჰაერში დამბინძურებლების სახეობაზე, კონცენტრაციაზე, ექსპოზიციის ხანგრძლივობასა და ორგანიზმის მდგომარეობაზე. ჰაერის დაბინძურებასთან ერთად დიდი ქალაქებისათვის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს საქალაქო ავტოტრანსპორტის ინტენსიური მოძრაობით განპირობებული და გენერირებული ხმაურის დონის განუხრელი ზრდა. ხმაურის მაღალ დონეს განაპიროებს საქალაქო ავტოტრანსპორტის ინტენსიური მოძრაობა, მათი ნაწილის ტექნიკური გაუმართაობა, ვიწრო ქუჩები, გამზირებისა და ქუჩების საფარის არადამაკმაყოფილებელი ტექნიკური მდგომარეობა, ქვეითად მოსიარულეთა გზებსა და ქუჩის სამგზავრო ნაწილს შორის არასაკმარისი მწვანე ნარგავების დაცვითი ზოლის არარსებობა, ავტოსაგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, აკრძალულ ადგილებში ავტოტრანსპორტის მიერ ხმოვანი საყვირების გამოყენება, ქუჩების არასწორი განაშენიანება და კეთილმოუწყობლობა. ავტოტრანსპორტიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების თვისობრივი და რაოდენობრივი ცვლილება მნიშვნელოვნად განპირობებულია მოხმარებული საწვავის სახეობით, ხარისხით და რაოდენობით. ავტოსაწვავის ხარისხზე, ანუ მის შემადგენლობაში შემავალ ეკოლოგიურ მახასიათებლებზე (ტყვიის, ბენზოლის, არომატული ნახშირწყალბადების, გოგირდის შემცველობა და ა.შ) მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული გამონაბოლქვის რაოდენობა და მასში შემავალი მავნე კომპონენტების შემადგენლობა. სწორედ ამ ეკოლოგიური მახასიათებლების მიხედვით ხდება საწვავის ხარისხის შეფასება. ჯანმო-ს მონაცემების მიხედვით, სატრანსპორტო საშუალებებით გამოწვეული ჰაერის დაბინძურება წარმოადგენს 2 მილიონი ადამიანის ნაადრევი სიკვდილის მიზეზს ყოველწლიურად მსოფლიოს მასშტაბით. მტვრის ნაწილაკების მუდმივი ზემოქმედება აძლიერებს გულ-სისხლძარღვთა და რესპირატორული დაავადებების, ასევე, ალერგიებისა და ფილტვის კიბოს განვითარების რისკს და გლობალურად ქვემო სასუნთქი გზების ინფექციები სიკვდილიანობის მესამე მიზეზია და იწვევს 3,2 მილიონი ადამიანის (10,6%) სიკვდილს [World Healh Organization, The top 10 causes of death, 2020:2-3], ხოლო სიკვდილიანობის პირველი მიზეზია დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებისათვის. გასატარებელი ზომები, რომლებიც ამცირებს დაბინძურებული ჰაერის ზემოქმედებას ადამიანის ჯანმრთელობაზე ემყარება ნორმატიულ-საკანონმდებლო რეგულირებას (უფრო მკაცრი კანონები, ჰაერის ხარისხობრივი მაჩვენებლების ნორმება, ემისიების შემცირება), სტრუქტურულ ცვლილებებს (მოხმარებული ენერგიის შემცირება, გამოყენებული საწვავის შემცირება, გადადგილების რეჟიმების და სატრანსპორტო საშუალებების შეცვლა, მიწათსარგებლობის დაგეგმვა), ასევე ქცევითი ცვლილებები ინდივიდუალურ დონეზე, რაც გამოიხატება ეკოლოგიურად სუფთა სატრანსპორტო საშუალებებით გადადგილებაში [World Healh Organization, Health effects of particulate matter Policy implications for countries in eastern Europe, Caucasus and central Asia, 2013:12]. დასკვნა ქვეყნის სატრანსპორტო სისტემა სახელმწიფოს უმაღლეს სტრატეგიულ ინტერესებს ემსახურება. მან უნდა შექმნას ქვეყნის სივრცობრივი ორგანიზაციის მაინტეგრირებელი ძირითადი სტრუქტურა, უზრუნველყოს ქვეყნის სოციალური და სამეურნეო განვითარების უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურის ეფექტური ფუნქციონირება, შექმნას გარე სამყაროსთან ქვეყნის ურთიერთობათა ინტენსიფიცირების რეალური საფუძველი. საქართველოს სატრანსპორტო სექტორში არსებული განვითარების და სწრაფად მზარდი ხასიათის მიღმა გასათვალისწინებელია ის ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი საფრთხეები, რასაც აღნიშნული სექტორი ახდენს თითოეული მოქალაქის და ქვეყნის დონეზე. საქართველოს გეოგრაფიული მდგომარეობა განსაზღვრავს მის სატრანზიტო როლს კავკასიაში. დღესდღეობით ქვეყანაში აქტიურად ვითარდება სატრანზიტო ინფრასტრუქტურა, შენდება ჩქაროსნული საავტომობილო მაგისტრალები. შესაბამისი ზომების გატარების გარეშე, ამ პროცესის თანმდევი შედეგი იქნება ატმოსფერულ ჰაერში დამბინძურებელთა ემისიების ზრდა. აუცილებებლია ყურადღება გამახვილდეს ტრანსპორტზე მოთხოვნილების მართვაზე (საზოგადოების მხრიდან ტრანსპორტზე არჩევანის გაზრდა, ბაზრისა და ფასების რეფორმა, პარკირებისა და მიწის გამოყენების მართვა და ა.შ), რაც გულისხმობს საზოგადოებრივი ტრანსპორტის იმგვარად განვითარებას, რომ ნაკლებ მიმზიდველი გახდეს მოსახლეობისთვის კერძო ტრანსპორტის გამოყენება საზოგადოებრივ ტრანსპორტთან შედარებით. სატრანსპორტო სფეროში პრობლემატური საკითხებს წარმოადგენს: ურბანული მობილურობის სისტემური მიდგომის ინსტიტუციონალური და მარეგულირებელი ბარიერები, ურბანულ და სხვა სახის სატრანსპორტო რეჟიმებს შორის ინტეგრირებული დაგეგმვის სიმწირე, მოძრაობის არაადექვატური მართვა, შეზღუდული ინფორმაცია მობილურობის საჭიროებებზე, დაფინანსებისა და ფინანსური რესურსების ბარიერები. ურბანული სატრანსპორტო სისტემების გაძლიერებისათვის საქართველოს სჭირდება პოლისებისა და მარეგულირებელი ჩარჩოების მოდერნიზება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის რაციონალიზება და გაუმჯობესება, ქსელების სტრუქტურების გაძლიერება, ტექნოლოგიებისა და სერვისების ოპტიმიზაცია, დივერსიფიცირებულ მიწოდების ელემენტებთან (მაგალითად სერვისების საჯარო და კერძო პროვაიდერები) კავშირების განვითარება, ინსტიტუციური ცვლილება და საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტის უწყების – სააგენტოს შექმნა, აუცილებელია, ყოველ ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ჰქონდეს საკუთარი სატრანსპორტო მოთხოვნის მოდელი (PUBLIC TRASNPORT DEMAND MODEL), რომელიც მუნიციპალიტეტთან შექმნილმა სატრანსპორტო უწყებამ უნდა მართოს და ყოველწლიურად განაახლოს. გამოყენებული ლიტერატურა 1. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, „ტრანსპორტი, გარემო და ჯანმრთელობა“, 2018, გვ. 1-5 2.მანველიძე ი., ტრანსნაციონალური კომპანიები ამიერკავკასიის ქვეყნების ეკონომიკასა და პოლიტიკაში, 2009, გვ.75 3.საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, წლიური ანგარიში, 2024 4.ტაბატაძე ლ., ტრანსპორტი და ეკოლოგია, 2011, გვ. 4-5 5. ტყეშელაშვილი გ., დუმბაძე ნ. ამანათაშვილი ი., საქართველოს ტრანსპორტი, 2021, გვ. 5-7, 30 6.Rodrigue, J. Transport and sustainability. The Geography of Transport Systems, January 2020, pp.2-3 https://transportgeography.org/?page_id=5725 7.Wang, S., & Ge, M. (2020, January 14). Everything you need to know about the fastest-growing source of global emissions: Transport. January 2020, pp. 3-4 https://www.wri.org/blog/2019/10/everything-you-need-know-about-fastest-growing-source-global-emissions-transport 8.World Healh Organization, The top 10 causes of death. December 2020, pp. 2-3 http://www.who.int/mediacentre/factsheets/fs310/en/index.html 9.World Healh Organization, Health effects of particulate matter Policy implications for countries in eastern Europe, Caucasus and central Asia, 2013, pp. 12 |