English / ქართული / русский /
ირაკლი ქვარაია
თბილისში რამდენიმე მნიშვნელოვანი მშენებლობის შესახებ

ანოტაცია. თბილისი, როგორც საქართველოს დედაქალაქი ყოველთვის გამორჩეული იყო მშენებლობის მასშტაბებით, მაგრამ საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში არანაირი მშენებლობა აღარ მიმდინარეობდა. ახალი საუკუნის დადგომასთან ერთად ისევ თბილისიდან დაიწყო კომერციული თვალსაზრიით ძალიან მომგებიანი ბინათმშენებლობის პროცესი და სხვა ტიპის ობიექტების მშენებლობას ყურადღება საერთოდ არ ექცეოდა. საბედნიეროდ, ბოლო წლებში ეს ტენდენცია შეიცვალა და საკმაოდ ბევრი ორგინალური საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა შეემატა დედაქალაქს, რომელთაგან მხოლოდ რამდენიმეზე გავამახვილებთ ყურადღებას.

საკვანძო სიტყვები: შენობა. კარკასი, რკინაბეტონი, ფასადი, გამაგრება 

შესავალი 

თბილისი, როგორც  მთაგორიან რელიეფზე გაშენებული ქალაქი, თავისებური არქიტექტურით  ყოველთვის ხიბლავდა და იზიდავდა სტუმრებს და ტურიტებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ალბათ ბევრმა არ იცის, რომ  მე-20 საუკუნის 30-იან წლებში აქტიურად განიხილებოდა ქალაქის პერსპექტიული განვითარების გენგეგმა, რომელიც თბილისის გაფართოებას ფუნიკულიორის პლატოს გაგრძელებაზე ითვალისწინებდა. ასეთი გადაწყვეტილების მიღების  შემთხვევაში, თბილისი ორდონიანი ქალაქი გახდებოდა, რომლის მსგავსი მსოფლიოში სულ რამდენიმე ადგილი არსებობს. დროთა განმავლობაში ქალაქი ყველა მიმართულებით  გაიზარდა. საბურთალო, ნუცუბიძის პლატო, გლდანი, გლდანულა, მუხიანი, დიღომი, დიდი დიღომი, ვარკეთილი, ვაზისუბანი ლილო – ეს ის დასახლებებია, სადაც   გასული საუკუნის მეორე ნახევარში ინტენსიურად მიმდინარეობდა ტიპური საცხოვრებელი სახლების მშენებლობა და დიდი ტემპით იზრდებოდა ქალაქის მოსახლეობა. მიუხედავად საბინაო მშენებლობის მასშტაბებისა, ქალაქს თავის ტრადიციულ სახეს უნარჩუნებდა ძველი უბნების რესტავრაცია-რეკონტრუქცია და მთელი რიგი ახალი საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა-ნაგებობები, რომლებიც თავიანთი ორგინალობით გამოირჩეოდნენ. მათ რიცხვშია საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში აშენებული სპორტის სასახლე, თბილისის დინამოს სტადიონი, ფილარმონიის საკონცერტო დარბაზი,  საავტომობილო გზების სამინისტროს შენობა, სასტუმროები „ივერია’ და „შერატონ მეტეხი პალასი“ და სხვა. შემდეგ  თითქმის 20 წლის განმავლობაში  საზოგადოებრივი  დანიშნულების  ობიექტები ქალაქს არ შემატებია თავდაპირველად სამშენებლო პროცესების სრული გაჩერების, ხოლო მომდევნო წლებში ბიზნესის  თვალსაზრისით მხოლოდ ძალიან  მომგებიანი ბინათმშენებლობის ობიექტების მშენებლობით  დაინტერესების გამო.  აქედან გამომდინარე,  სულ  10-15 წელია, რაც თბილისში მსგავსი ობიექტების  მშენებლობა განახლდა. მათ შორის პირველი აუცილებლად უნდა გამოვყოთ  100-მეტრზე მაღალი სასტუმროები: „ბილტმორი“, „კინგ დავითი“, „აქსის თაუერის ტყუპები“; სავაჭრო ცენტრები – „მერანი“, „ისთ პოინთი“, „გალერეა“, „თბილისი მოლი“, გლდანისა და საბურთალოს „მოლები“, იუსტიციის სამინისტროს შენობა,  მსოფლიოში ცნობილი იტალიელი არქიტექტორის მასიმილიანო ფუქსასის  მიერ დაპროექტებული იუსტიციის სახლი დინამოს კორტების ადგილას  და თეატრის შენობა   „პესკებზე“.  სტატიაში განხილულია მხოლოდ ახლახან დასრულებელი  ან  მშენებარე რამდენიმე ობიექტი, რომლებიც განსაკუთრებით გამორჩეულია თავისი არქიტექტურული თუ კონსტრუქციული გადაწყვეტით. 

ძირითადი ტექსტი 

თბილისის ახალ შენობებს შორის პირველ რიგში უნდა აღინიშნოს პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე გასულ  წელს დასრულებული საქართველოს სახელმწიფო მაუწყებელის ახალი კომპლექსი. ის უნიკალურია თავისი არქიტექტურული გადაწყვეტით, რომლის ავტორია ახალგაზრდა ქართველი არქიტექტორი ლევან სიამაშვილი. პროექტმა მშენებლობის პროცესშივე მოიპოვა საერთაშორიო აღიარება. იგი  შეისყიდა  რუმინეთისა და მოლდავეთის სახელმწიფო ტელევიზიებმა და უახლოეს წლებში აპირებენ  ზუსტად იმავე კომპლექსის ერთობლივად აშენებას.  იგივე მიზანი  ამოძრავებს აზერბაიჯანისა და შუა აზიის რამდენიმე ქვეყნის სახელმწიფო ტელევიზიას. ისინი უკვე რეალურ სამუშაო პროცესს აკვირდებიან და წლის ბოლომდე მიიღებენ  საბოლოო გადაწყვეტილებას პროექტის შეძენაზე. ულტრათანამედროვე აპარატურით აღჭურვილ კომპლექსში, მთავარი შენობის გარდა, რომელიც კომფორტული სამუშაო სივრცეებით არის გამოირჩეული, ყველაზე მეტად  მნიშვნელოვანია, ტელე- და კინოგადაღებების პავილიონების  ცალკე მდგომი კორპუსი  გაბარიტული ზომით 95,0 X 35,0 მეტრი. ლითონის კარკასისაგან და ბგერასაიზოლაციო კედლებით აგებულ კორპუსში ოთხი სხვადახვა ზომის სრულიად დამოუკიდებელი და ყოველმხრივ იზოლირებული  პავილიონია, სადაც ნებისმიერი სახის  გადაღების ჩატარებაა შესაძლებელი. ყველაზე მცირე ზომისაა 200 მ2 ფართობის მქონე პავილიონი, სიმაღლით 6 მეტრი. გარდა ამისა არის მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი საშუალო ზომის ორი პავილიონი 507 მ2 და 790 მ2 ფართობებით და შესაბამისად 14 და 16,5 მეტრი სიმაღლით. ორივე მათგანში 5 მეტრ სიმაღლეზე მთელ შიდა პერიმეტრზე გაკეთებულია  ლითონის 1,2 მეტრი სიგანის აივანი, რაც მკვეთრად ზრდის პავილონის  გამოყენების შესაძლებლობებს. კიდევ უფრო სრულფასოვნად არის აღჭურვილი დიდი პავილიონი  1014 მ2 ფართობით. მისი სიმაღლეა 18 მეტრი და  ორ სხვადასხვა დონეზე  მთელ შიდა  პერიმეტრზე აქვს აივნები. გარდა ამისა ჭერქვეშ, პავილიონის სიგრძეზე  მოწყობილია იმავე სიგანის სამი საჰაერო ხიდი, რაც პრაქტიკულად პავილიონის ნებისმიერი წერტილიდან იძლევა ოპერატორების მუშაობის საშუალებას. ასეთი გადაწყვეტა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ევროვიზიის ხელმძღვანელობის განცხადებით სავსებით შესაძლებელია დიდ პავილიონში მოხდეს ევროპაში ყველაზე ცნობილი კლასიკური მუსიკისა და საესტრადო  ორკესტრების კონცერტების ჩაწერა, რისი საშუალებაც ბევრ ევროპულ ქვეყანას არ გააჩნია.  აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აქამდე საქართველოში არსებული ყველაზე დიდი  პავილონი, ბევრად ნაკლები ფართობით და ამასთან ფიზიკურად და აღიარებული ნორმების მიხედვით სრულიად მოძველებული  არის თბილისში,  თამარ მეფისა და დავით აღმაშენებლის გამზირების გადაკვეთაზე, ძველი კინოსტუდიის ტერიტორიაზე.

მეორე არანაკლებ მნიშვნელოვანი ობიექტია „თი-ბი-სი“ ბანკის  ახალი ბიზნესცენტრის კომპლექსი ლისზე. მისი მშენებლობა 8,7 ჰა ტერიტორიაზე   2018 წელს დაიწყო, მაგრამ სხვადასხვა მიზეზისა და მათ შორის პანდემიის გამო საკმაოდ გაჭიანურდა.  ნიდერლანდელი  არქიტექტორის ფრანც ვან ვუორის მიერ დაპროექტებული ეს უნიკალური კომპლექსი, რომელიც შატილის კოშკების ნახვით მიღებული  შთაბეჭდილების შედეგად  არის შექნილი, თბილისის თითქმის ყველა კუთხიდან ჩანს. ის გაშენებულია ლისის ტბის მიმდებარე მთის ბორცვზე  და სრულიად განხვავებულია საქართველოში აქამდე დაპროექტებულ და აშენებულ შენობებს შორის. კომპლექის საერთო ფართობი   70000 მ2-ია. პირველი ორი სართული მთლიანად დათმობილი აქვს დახურულ ავტოსადგომს 500 ავტომობილზე. აღსანიშნავია, რომ პარკინგის სიმაღლის მაქსიმალური გამოყენების მიზნით გადახურვის ფილები დაყრდნობილია რთული მოხაზულობის მქონე კაპიტელებზე, რომლებიც ძალიან ეფექტურს ხდის ამ ორსარ­თულიანი  სივრცის ათვისებას. პარკინგის ზედა ფილის მარჯვენა კუთხეში აგებულია მთლიანად შემინული ბიზნესცენტრის მაღლივი კარკასული შენობა, დახრილი მონოლითური რკინაბეტონის სვეტებით, რომელიც შენობას კოშკის ანუ  წაკვეთილი პირამიდის სახეს ანიჭებს. ტერიტორიის მარცხენა კუთხე  დათმობილი აქვს ე.წ. ინოვაციების ლაბორატორიას (კვლევისა და ახალი იდეების ცენტრს).  დანარჩენი ნაწილი კი კულტურულ ცენტრს წარმოადგენს (სავაჭრო დაწესებულებები, სასტუმრო, რესტორნები, კაფეები, ბარები,  დასვენებისა და გართობის სივრცეები, გამწვანება). უნდა აღინიშნოს, რომ პროექტის ავტორის აუცილებელი მოთხოვნა იყო არქიტექტურული ბეტონის გამოყენება ანუ მონოლითური რკინაბეტონის სამუშაოების ისეთ მაღალ  დონეზე შესრულება, რომ  მოპირკეთების სამუშაოების ჩატარება საჭირო არ გამხდარიყო. ამ მიზნით, მშენებელმა კომპანიამ „დომუსმა“ პირდაპირი ხელშეკრულება გააფორმა მსოფლიოში ცნობილ კომპანია „დოკასთან“ თანამედროვე ყალიბების მოწოდებაზე და წარმატებით გადაწყვიტა ეს მეტად მნიშვნელოვანი პრობლემა.  რაც შეეხება მშენებლობის ვადების ზემოთაღნიშნულ გაჭიანურებას, ერთ-ერთი  მიზეზი გახდა ასევე მშენებლობის დაწყების შემდეგ მიმდებარე ფერდობზე მეწყრული მოვლენების განვითარება. მართალია ის უშუალოდ განაშენიანების ტერიტორიას არ უქმნის საფრთხეს,  მაგრამ თავის დაზღვევის მიზნით საჭირო გახდა სხვადასხვა ტიპის ფერდობის გამაგრების სამუშაოების ჩატარება და მონოლითური რკინაბეტონის დამცავი საყრდენი კედლების აგება. შესაბამისად შეიცვალა მისასვლელი საავტომობილო გზის მოწყობის თავდაპირველი  ვარიანტი.

აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ თბილისის რელიეფიდან გამომდინარე, მის ცენტრალურ ნაწილში მშენებლობისათვის საჭირო მიწის ფართობების  არარსებობის გამო  ინტენსიურად მიმდინარეობს ლისის ტბის მიმდებარე ფერდობის ათვისება, რომელიც ზემოხსენებული მეწყრული მოვლენების განვითარების საშიშროების გამო  წინასწარ საჭიროებს  გამაგრების ფართომასშტაბიან  სამუშაოებს. გასულ წელს ერთ-ერთი ასეთი ძალიან საინტერესო და ყოვლისმომცველი გამაგრების მონოლითური რკინაბეტონი სისტემა აიგო ელგუჯა ამაშუკელი ქუჩის 11-ში შპს „დაგის“ მიერ  მულტიფუნქციური ობიექტის მშენებლობის დაწყებამდე. ფერდობის გამაგრება ითვალისწინებდა  კლდოვანი გრუნტის ციცაბო ფერდობზე ბურღტენილი ხიმინჯებისაგან მაღალი კედლის მოწყობას, რომელიც დამატებით გრუნტული ანკერების გამოყენებით ჩამაგრებულია აღნიშნულ ფერდობში. ამ ტიპის გამაგრების მოწყობით  შესაძლებელი გახდა სამშენებლო სამუშაოები დაწყება და მათი უსაფრთხოდ წარმოება.  კომპლექსური ტიპის  გამაგრების აღნიშნული სისტემა ერთ-ერთი გამორჩეულია, რადგანაც მანამდე ბევრ ადგილას გამაგრებები ძირითადად კეთდებოდა მხოლოდ გრუნტული ანკერების გამოყენებით ან მხოლოდ ბურღტენილი ხიმინჯების ან მონოლითური რკინაბეტონის საყრდენი კედლების სახით. ამ შემთხვევაში კი ფერდობი გამაგრდა მათი ერთობლივი მუშაობის  გათვალისწინებით.

ქალაქში სამშენებლო ტერიტორიების დეფიციტის არსებობის პირობებში ბევრგან მშენებლობა  მიმდინარეობს ყოფილი  საწარმოო შენობებისა და ფაბრიკა-ქარხნების ადგილას, რომლებმაც დიდი ხანია მუშაობა შეწყვიტეს. ასეთ შემთვევებში უკვე სრულიად სხვა სახის პრობლემები ჩნდება. მაგალითად, ავჭალაში ამჟამინდელ ე. ანდრონიკაშვილის ქუჩაზე ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დასაწყისში ერთმანეთის გვერდით  მრავალი ლითონდა­მამუშავებელი და ლითონჩამოსასხმელი  საამქრო ფუნქციონირებდა. ისინი იმდენად აბინძურებდა გარემოს და მუდმივად  ისეთი მყრალი სუნი იდგა, რომ ახლომახლო ტერიტორიაზე მოსახლეობა ვერ სახლდებოდა. უკანაკნელი 20-30 წლის განმავლობაში მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა. ინდივიდუალური სახლების მშენებლობასთან ერთად დაიწყო ყოფილი საწარმოების ტერიტორიაზე საზოგადოებრივი და სასაწყობო დანიშნულების ობიექტების მშენებლობა. ერთ-ერთი ასეთია „ტოიოტა კავკასიის“ საწყობი, რომლის მშენებლობა ამ ცნობილი იაპონური კომპანიის დაფინანებით განხორციელდა. ალუკაბონდით მოპირკეთებული, ლოჯისტიკის თანამედროვე მოთხოვნების სრული დაცვით აშენებული სასაწყობო შენობა ამ ქუჩის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობად გადაიქცა. ამასთან ერთად უნდა აღინიშნოს მის მშენებლობასთან დაკავშირებული სირთულეები. კერძოდ, მშენებლობის დაწყებამდე ძალიან ძველი ლითონჩამოსასხმელი  საამქროს ტერიტორიაზე ჩატარებული საინჟინრო-გეოლოგიური კვლევისას არ იყო გათვალისწინებული ჩამოსხმული ლითონის გასაცივებელი აუზების ქვის საძირკვლები, რომელთა ამოღებისა და ტერიტორიიდან გატანის შემდეგ, თითქმის ორჯერ გაიზარდა  საძირკვლის მოსაწყობად  საჭირო ფუძის მოსამზადებელი ბალასტის ფენის სიმაღლე, რომელმაც საბოლოოდ 2,8 მეტრი შეადგინა და რამდენიმე ათასი კუბური მეტრი ბალასტი  დამატებით  გახდა შემოსატანი.

ამ შემთხვევისგან განსხვავებით არავითარი პრობლემა არ წამოჭრილა მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, გალაკტიონის ხიდთან, დ. აბაშიძის ქუჩაზე მდებარე ყოფილი ნარკოლოგიური ცენტრის ტერიტორიაზე საქართველოში წარმატებულად მოღვაწე აზერბაიჯანული პაშა-ბანკის საოფისე შენობისა და სასტუმროს მშენებლობათან დაკავშირებით. ახალ შენობებთან ერთად ამ ძველ უბანს  კარგად გამწვანებული   ტერიტორიაც შეემატება, რომლის დენდროლოგიური პროექტი საკმაოდ იმედის მომცემია.  მშენებლობის დასრულება 2026 წლის ბოლოსთვის არის დაგეგმილი. აქვე აუცილებალდ უნდა აღინიშნოს, რომ საოფისე შენობის აგებისას საქართველოში პირველად განხორციელდა მშენებლობის წარმოების პროცესში  წინაწარდაძაბული მონოლითური რკინაბეტონის კონსოლური სართულის ადგილზე მოწყობა. აღნიშნული ტექნოლოგიით რკინაბეტონის კონსოლური ელემენტების წინასწარი დაძაბვა მოხდა სპეციალური დამჭიმავი მოწყობილობის გამოყენებით, რომელიც ამწის კაკვზე მარტივად ეკიდება. აღნიშნული მეთოდით სამშენებლო მოედანზე რკინაბეტონის წინასწარი დაძაბვის სამუშაობს მსოფლიო მასშტაბით აწარმოებს ფრანგული ფირმა „ფრეისინე“, რომლის  აზერბაიჯანში არსებულმა ფილიალმა წარმატებით შეასრულა ეს სამუშაო.  კონსოლზე გათვალისწინებულია 7 სართულის დაშენება და, რაც მთავარია, კონსოლი ქმნის დიდ სივრცეს  პირველ სართულზე, რომელიც  ფართობის ეკონომიას აკეთებს საკმაოდ შეზღუდულ სამშენებლო ტერიტორიაზე. 

არ შეიძლება არ აღინიშნოს თემქის დაახლებაში შარშანწინ დასრულებული 138-ე საჯარო სკოლის ახალი შენობის ფასადის გაფორმება. სამსართულიანი რკინაბეტონის კარკასული შენობა მართალია ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ტიპური პროექტის მიხედვით არის აგებული, მაგრამ მისი განსაკუთრებულობა გამოწვეულია თავისებური, ყველა სხვა შენობებისაგან განხვავებული მოპირკეთებით. მოპირკეთებისათვის გამოყენებული იყო კომპოზიტური  ფილები, რომლებიც ვენტილირებადი ფასადების მოსაწყობად ერთ-ერთი ყველაზე მაღალხარისხოვანი მასალაა. უფრო მეტიც, გერმანული წარმოების სხვადასხვა ფერის ასეთი   ფილების  გამოყენებით შენობის ფასადურ ნაწილებზე   გაკეთდა  მხატვრული პანოები, რომლებმაც არა მარტო სკოლის შენობა გახადა უფრო მიმზიდველი, არამედ გამოაცოცხლა  სკოლის გარშემო ერთი ტიპისა და ერთფეროვანი საცხოვრებელი სახლებით გადატვირთული გარემო. იმედია ასეთი მიდგომა სისტემატურ ხასიათს მიიღებს და სოციალურ-კულტურული დანიშნულების ობიექტების მშენებლობის დროს  ფასადების მოსაწყობად   უფრო ხშირად იქნება გამოყენებული მხატვრულ-დეკორატიული ახალი ელემენტები. სამწუხაროდ, ამ საკითხს ნაკლები ყურადღება ექცევა და დიდი დაკვირვება არ უნდა იმ ფაქტს, რომ ახალი შენობების უმრავლეობის ფასადები შემინულია და ეს ტენდენცია, რბილად რომ ვთქვათ, მოსაბეზრებელი გახდა. ამ მხრივ არსებული მდგომარეობის გამოსასწორებლად ქალაქის მერიამ ყოველი ახალი ობიექტის მშენებლობის ნებართვის გაცემის დროს აუცილებლად  უნდა მოითხოვოს ფასადების მოპირკეთება სხვადახვა სახის მხატვრული ელემენტების გათვა­ლისწინებით.

ბოლოს აუცილებლად უნდა ითქვას ყოველმხრივ უნიკალური „სიტიზენ ცენტრალ პარკის“ პროექტის მიმდინარეობაზე. აღნიშნული დასახლება თავისი ჩანაფიქრით ერთგვარ პატარა ქალაქს წარმოადგენს ქალაქის ცენტრში. ის დასავლური სტანდარტებისა  და სივრცითი მოწყობის თანამედროვე პრაქტიკის დამკვიდრების პირველი მცდელობაა თბილისში. 46000 მ2 ტერიტორიაზე, რომლის ზუსტად ნახევარი რეკრეაციული ზონის მოწყობას ეთმობა, მულტიფუნქციური უნიკალური კომპლექსის შესაქმნელად გათვალიწინებულია  4 მრავალსართულიანი, სრულიად განსხვავებული  პროექტის მქონე საცხოვრებელი სახლის აშენება, მათ გარშემო ქალაქისათვის საჭირო ყველა ინფრატრუქტურული ობიექტებით, გამწვანებით, საკუთარი ტბით,  შადრევანებითა და დასვენებისა და გართობისათვის გამოყოფილი სივრცეებით. რაც მთავარია, პროექტის მშვენებას წარმოადგენს 44-სართულიანი  ცათამბჯენი, საფეხუროვანი, ტერასული და გამწვანებული ქვედა სართულებით, რომელიც სიმაღლით თბილისში შეიძლება პირველიც  კი გახდეს მისი მშენებლობის დასრულების შემდეგ. ცათამბჯენი  დაპროექტებულია  მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი არქიტექტორის ზაჰა ჰადიდის მიერ დაარსებული საპროექტო კომპანიის მიერ. ეს ამ კომპანიის მიერ  ამიერკავკასიაში განხორციელებული  შენობის პირველი პროექტი გახდება, რადგანაც  აქამდე მხოლოდ ბაქოში იყო  მათ მიერ დაპროექტებული ჰეიდარ ალიევის მემორიალური კომპლექსი. სიტიზენის პროექტი იმითაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ თითქმის სამი ათეული წლის განმავლობაში  ამ ადგილას უმოქმედოდ იდგა ყოფილი საბჭოთა კავშირის ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის შტაბის ძალიან უსახური შენობა. პროექტის რეალიზაციის დაწყების შემდეგ ძალიან სწრაფად, დაახლოებით 1 წელიწადში მოხდა არსებული შენობის დემონტაჟი, ნაცვლად წინასწარ დაგეგმილი ორწლიანი ვადისა. სწრაფადვე დაიწყო ყველა ობიექტის ერთდროული მშენებლობა. საცხოვრებელი სახლების მშენებლობა  მომავალი წლის დეკემბერში დასრულდება. ამ დროისთვის დასრულდება  ასევე ცათამბჯენის რკინაბეტონის კარკასის აგებაც, რომლის ექსპლუატაციაში გადაცემა   2028 წლის ბოლოსთვის იგეგმება. 

დასკვნა 

  1. უკანასკნელი 2-3 წლის განმავლობაში, თბილისის მასშტაბით განხორციელებული და მშენებარე საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების დიდი უმრავლესობა, მიუხედავად იმისა ისინი დაპროექტებულია ადგილობრივი თუ უცხოელი არქიტექტორების მიერ, გამოირჩევა  თავისი ორგინალური არქიტექტურულ-კონტრუქციული გადაწყვეტით  და დიდ როლს თამაშობს განსაკუთრებით ქალაქის ძველ და  ერთფეროვან  უბნებში  თანამედროვე  არქიტექტურის ელემენტების შეტანაში;
  2. თბილისის ცენტრალურ ნაწილში ახალი მშენებლობების წარმოებისათვის საჭირო თავისუფალი ტერიტორიების არარსებობის გამო, განსაკუთრებით ინტენსიურად ხდება ამ მიზნით ქალაქის გარშემო არსებული  ფერდობების  ათვისება. ამ მხრივ გამორჩეულია ლისის ტბასთან არსებული ფერდობი, სადაც საცხოვრებელი სახლების მშენებლობასთან ერთად დიდი ტემპით მიმდინარეობს საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების მშენებლობა. ამასთან თითოეულ მათგანზე სამუშაოების დაწყებამდე  აუცილებელია ფერდობის გამაგრების სამუშაოების შესრულება მეწყრული პროცესების გამოსარიცხად.  
  3. თბილისის ნებისმიერ უბანში ახალი მშენებლობის დაწყებისას  და განსაკუთრებით საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების მშენებლობისას აუცილებელად უნდა იყოს  გათვალისწინებული   მათი ფასადების მხატვრულ-დეკორატიული გაფორმება პანოების ან სხვადასხვა მოსაპირკეთებელი ელემენტების გამოყენებით, რადგანაც ახალაშენებულ შენობათა დიდი უმრავლეობის ფასადები მთლიანად შემინულია და ყოველი ფეხის ნაბიჯზე ასეთი  ფასადების არსებობა  მოსაბეზრებელი გახდა. 

გამოყენებული  ლიტერატურა 

  1. ი. ქვარაია, გ. გრძელიშვილი. შენობის წინასწარდაძაბული კონსოლის მოწყობა. სტუ შრომები, თბილისი. N4(538), 2025;
  2. ი. ქვარაია, ს. გაგუა. ფერდობების გამაგრების რთული სისტემების მოწყობის მაგალითი.  სტუ შრომები, თბილისი. N4(538), 2025;
  3. I. Kvaraia. The Process of Building Steel Pavilions For Film And TV Shooting. The 4th International Conference “Problems of Engineering Sciences”.Batumi.2024;
  4. ი. ქვარაია. კომბინირებული კარკასული შენობის აგების პროცესი. ტექნიკური უნივერსიტეტი. თბილისი, 2023;
  5. ი. ქვარაია. სამშენებლო პრაქტიკის ორგანიზაცია.    ტექნიკური უნივერსიტეტი. თბილისი, 2023;
  6. I. Kvaraia. The Artistic Decoration of The Building Wit  Wall Panels  BUILDING. Sientific-Technical Journal N4(68), 2023;
  7. ი. ქვარაია. დამატებითი კონსტრუქციული ელემენტების მონტაჟი ლითონის კარკასის აგებისას. სამეცნიერო-ტექნიკური ჟურნალი „მშენებლობა“ N 1 (61).  თბილისი, 2022;
  8. ი. ქვარაია. კომბინირებული კარკასული შენობის აგების ტექნოლოგიური თავისებურება. სამეცნიერო-ტექნიკური ჟურნალი „მშენებლობა“, N 1 (57).  თბილისი, 2021;
  9. ი. ქვარაია. ძველი ქარხნის ადგილას ახალი შენობის აგებისას წარმოქმნილი პრობლემების გადაწყვეტის მაგალითი. სამეცნიერო-ტექნიკური ჟურნალი „მშენებლობა“ N 3 (56).  თბილისი, 2020;
  10. ი. ქვარაია. პანდემიის პერიოდში სამშენებლო სფეროში წარმოქმნილი ძირითადი პრობლემები. თსუ. აკად. პ. გუგუშვილის დაბადებიდან 115 წლისადმი მიძღვნილი  საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია. მოხსენებათა კრებული. თბილისი. 2020.