![]() ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის საერთაშორისო სამეცნიერო
კ ო ნ ფ ე რ ე ნ ც ი ე ბ ი
"ეკონომიკა – XXI საუკუნე"
![]() |
|
|
∘ მედეა მელაშვილი ∘ ნუნუ ქისტაური ∘ ქეთევან ქველაძე ∘ უსაფრთხოების უზრუნველყოფის ზოგიერთი ასპექტი ტურიზმის სფეროში (საქართველოში) ანოტაცია. ნაშრომი ეძღვნება ისეთ აქტუალურ პრობლემას, როგორიცაა უსაფრთხოება და მისი უზრუნველყოფა ტურიზმში. აქ მითითებულია ყველა ის საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც ტურიზმის სფეროში წამყვან პოზიციებს იკავებენ და არეგულირებენ დარგში არსებულ ყველა სიტუაციას, რომელთა გამოცდილებას საქართველოს შესაბამისი უწყებებიც ეყრდნობიან. ავტორს მიმოხილული აქვს საქართველოში არსებული ტურისტული ცენტრები, მათი დატვირთვის მდგომარეობა და განვითარების დონე, აგრეთვე საკმაოდ ფართოდ აქვს განხილული დარგში არსებული პრობლემების წარმომქმნელი მიზეზები, ასევე საკანონმდებლო აქტები და კანონები, რომლებიც არეგულირებენ ტურიზმის განვითარების პროცესებს საქართველოში. საკვანძო სიტყვები: ტურიზმი, საერთაშორისო ორგანიზაცია, ტურისტულ-საკურორტო პოტენციალი, უსაფრთხოება, ნორმატიული აქტები. დღეს მსოფლიოში 200-ზე მეტი სხვადასხვა დონისა და პროფილის საერთაშორისო ტურისტული ორგანიზაცია არსებობს. ესენია ასოცოაციები, ასოციაცია ჯგუფები, კავშირები, ფედერაციები, კომიტეტები, ბიუროები, კომისიები, საბჭოები, ცენტრები და ინსტიტუტები. მათ შორის დარგში წამყვან პოზიციებს იკავებენ: ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაცია (WORLD TOURISM ORGANIZATION - WTO), (შეიქმნა 1975 წელს). იგი 1925 წელს დაარსებული მთავრობათაშორისი ორგანიზაციის - „ტურიზმის პროპაგანდის ორგანიზაციის“ სამართალმემკვიდრეა. იგი ავტონომიური ორგანიზაციაა, რომელიც საქმიანობს WTO-ს და გაეროს შორის თანამშრომლობის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულბის საფუძველზე. აქედან გამომდინარე, ის გვევლინება ორგანიზაცციად, რომელსაც აქვს პასუხისმგებლობის და ცენტრალური ხელმძღვანელი ორგანოს ფუნქცია ტურიზმის სფეროში. იგი ერთადერთი მთავრობათშორისი ორგანიზაციაა, რომელიც მუშობს ტურიზმის ყველა ასპექტზე მთელ მსოფლიოში; გაეროს მსოფლიო ტურისტული ორგანიზაცია - UNWTO (UNITED NATONS WORLD TOURISM ORGANIZATION), (გაეროს ოფიციალური სპეციალიზირებული სააგენტო, რომლის მიზანია ტურიზმის მხარდაჭერა და განვითარება მთელ მსოფლიოში. მასში გაწევრიანებულია 154 ქვეყანა, 400-ზე მეტი ფილიალი); მოგზაურობისა და ტურიზმის მსოფლიო საბჭო - WTTC (WORLD TRAVEL AND TOURISM COUNCIL); საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია - IATA (INTERNATIONAL AIR TRANSPORT ASOTIATION); მსოფლიო ტურიზმის ლიდერების პროფესიონალური ორგანიზაცია - SKAL INTERNATIONAL; მგზავრებისა და ტვირთის უსაფრთხო გადაყვანა/გადატანის. საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაცია - ICAO (INTERNATIONAL CIVIL AVIATION ORGANIZATION), ტურიზმის მეშვეობით მშვიდობის დამყარების ინსტიტუტი - IIPT (INTERNATIONAL INSTITUTE FOR PEACE THROUGH TOURISM TOURISM) და ა.შ. ტურიზმისა და მოგზაურობის უსაფრთხოების საკითხები წინა პლანზე წამოიჭრა მასობრივი ტურიზმის განვითარებასთან ერთად 1950-იანი წლების დასაწყისიდან. ამ ევოლუციური პროცესის ძირითადი მიზეზები ქვემოთ არის ჩამოთვლილი: 1. მოგზაურობა და ტურიზმი აღარ არის ვიწრო სოციალური ფენის ან კლასის საქმიანობა, არამედ თანდათანობით მოიცავს მთელ მზარდი საშუალო კლასს. ეს განვითარებულ ქვეყნებში პირადი შემოსავლისა და თავისუფალი დროის ზრდის პირდაპირი შედეგია. 2. ტურიზმის სექტორი მოიცავს მსოფლიოს სულ უფრო მეტ ქვეყანასა და რეგიონს და ტურიზმში ჩართულია არა მხოლოდ მაღალგანვითარებული ქვეყნები, რომლებსაც შეუძლიათ გამავალი ტურისტული ნაკადების გენერირება, არამედ ე.წ. მესამე სამყაროს ქვეყნებიც. მათთვის ტურიზმი მათი ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის ნაწილია. 3. ტრანსპორტის (ავიაცია, ავტომობილების წარმოება) სწრაფმა და თვალწარმტაცმა განვითარებამ ხელი შეუწყო (გეოგრაფიული) მობილობის ზრდას. ამ მიზეზების გამო, უსაფრთხოების საკითხები სულ უფრო მნიშვნელოვანი გახდა, რადგან თავად ტურიზმი მსოფლიო ეკონომიკის ერთ-ერთ უდიდეს ინდუსტრიად იქცა. 1995 წელს ესპანეთის ქ. კადისში ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის ეგიდით ჩატარდა ტურიზმის საერთაშორისო ფორუმი, რომელშიც მსოფლიოს 52 ქვეყანა მონაწილეობდა. ფორუმმა აღიარა, რომ ნებისმიერმა თანამედროვე სახელმწიფომ უნდა გადაწყვიტოს ტურიზმის განვითარებისათვის უაღრესად საჭირო პრობლემები, 1999 წლის 1 ოქტომბერს, მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაზე, ქ. სანტიაგოში (ჩილე) მიღებულ იქნა „ტურიზმის გლობალური ეთიკური კოდექსი“. ეს დოკუმენტი წარმოადგენს დარგში მსოფლიო ტურიზმის მდგრადი განვითარების ორიენტირებს. საერთაშორისო ტურიზმის ბაზარი სწრაფი ტემპით ვითარდება და ნავთობწარმოებისა და მანქანათმშენებლობის დარგების შემდეგ მესამე ადგილს იკავებს მსოფლიოს ეკონომიკაში. აქედან გამომდინარე, თანამედროვე მსოფლიოში ტურიზმის ეკონომიკური როლი და მნიშვნელობა მუდმივად იზრდება, რაც განპირობებულია სხვადასხვა ქვეყნის შემოსავლების ზრდითა და მოსახლეობის ცხვორების დონის გაუმჯობესებით. ტურიზმის სწრაფ განვითარებას განაპირობებს ისიც, რომ ტურისტული ბიზნესის დასაწყებად საჭირო არ არის დიდი ფინანსური ინვესტიციები. ტურიზმს, როგორც მომსახურების სფეროს, განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მსოფლიო ეკონომიკის განვითარებაში და საქართველო ამ მხრივ გამონაკლისს არ წარმოადგენს. საქართველოს ბუნებრივ პირობებს, ლანდშაფტს, ფლორას და ფაუნას შეუძლია ხელსაყრელი გარემო შექმნას ტურისტული ბიზნესის განვითარებისათვის. ქვეყნის ტერიტორიის 85%-ზე მეტი მთებშია გაბნეული. საქართველო კურორტების ქვეყანაა. აქ დღეისათვის 102 კურორტი და 182 საკურორტო ადგილია. საქართველოს ტურისტულ-საკურორტო პოტენციალს განსაზღვრავს: 1. შავი ზღვის სანაპირო ზოლი, რომლის სიგრძე ქვეყნის მასშტაბით 318 კილომეტრია, იგი მასობრივი ტურიზმის განვითარების ძირითად საფუძველს წარმოადგენს. 2. დიდი და მცირე კავკასიონის მთაგრეხილები, რომელიც შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდეა გადაჭიმული და სიგრძით 1500 კილომეტრს აღწევს. საქართველოს მთიანეთი სამთოსათხილამურო ტურიზმისა და ალპინიზმის განვითარებისათვის უაღრესად ხელსაყრელ პირობებს ქმნის. დიდ კავკასიონზე არის მწვერვალები, რომელთა სიმაღლე 4000 მეტრს აღწევს. კლიმატური პარამეტრების ფორმირებას განაპირობებს ხმელთაშუაზღვისპირეთის ზომიერი, ნოტიო და მშრალი, კონტინენტური კასპიის ზღვის აუზი. ჰავა, დასავლეთ საქართველოში უპირატესად ნოტიო, სუბტროპიკულია, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში გარდამავალი, სუბტროპიკულიდან ზომიერისაკენ. ქვეყნის საკურორტო რესურსები მრავალფეროვანია. აღრიცხულია შემდეგი სახის სამედიცინო პროფილის კურორტები: კარდიოლოგიური, გასტროენტეროლოგიური, პულმონოლოგიური, ფტიზიატრიული, ალერგოლოგიური, უროლოგიური, ნევროლოგიური, ართროლოგიური, გინეკოლოგიური, ნეფროლოგიური, დერმატოლოგიური. ზღვის დონიდან 700 მეტრ სიმაღლეზე განლაგებულია 42 ბალნეოლოგიური კურორტი – წყალტუბო, ნაბეღლავი, ზვარე, ნუნისი, ბორჯომი, საირმე, უწერა, სურამი და სხვ. 1000-1500 მეტრ სიმაღლეზე - სამთო კლიმატური – აბასთუმანი, წაღვერი, ცემი, ფაფა, მანგლისი; მაღალმთიანი ზონის კურორტები 1500 მეტრს ზევით – ბაკურიანი, გუდაური, შოვი, ბახმარო, ლებარდე და სხვა, სადაც წარმატებით მკურნალობენ ფილტვის ტუბერკულიოზს, ბრონქიალურ ასთმას, სისხლნაკლებობას, გულსისხლძარღვთა დაავადებებსა და ნევროზს. უსაფრთხოება ყოველთვის იყო მოგზაურობისა და ტურიზმის წინაპირობა. თუმცა, უდავო ფაქტია, რომ უსაფრთხოების საკითხებმა ტურიზმში ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში გაცილებით მეტი მნიშვნელობა შეიძინა. რადგანაც ტერორისტული თავდასხმების, ადგილობრივი ომების, სტიქიური უბედურებების, ეპიდემიებისა და პანდემიების გამო, უსაფრთხოება მნიშვნელოვნად შემცირდა. ამიტომ უსაფრთხოების საკითხების შესწავლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახდა ტურიზმის ინდუსტრიისთვის, მათ შორის ჩვენს ქვეყანაში. პირველ რიგში უმნიშვენელოვანესია საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგება. 1997-1999 წლებში, საქართველოში დარგის სამართლებრივი უზრუნველყოფის მიზნით მიღებულ იქნა შემდეგი კანონები და ნორმატიული აქტები: 1. 1997 წლის 6 მარტი - საქართველოს კანონი „ ტურიზმისა და კურორტების შესახებ “. სრულყოფის მიზნით, 1997–2000 წლწბში კანონში ოთხჯერ იქნა შეტანილი ცვლილებები და დამატებები, რომელიც დარგის განვითარებისათვის მთელ რიგ მნიშვნელოვან მომენტებს ითვალისწინებდა. მაგ., რეგიონული მმართველობის როლების შექმნას, კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის ზონებში მიწის სარგებლოსხვა; გაცემისა და გასხვისების რეგულირებას და სხვა; 2. 1998 წლის მარტი - საქართველოს კანონი „კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის ზონების შესახებ“; 3. 1998 წლის 20 მარტი - საქართველოს კანონი „საქართველოში შემოსულ და საქართველოდან გასული ტურისტების აღრიცხვის მოწესრიგების შესახებ“; ეს კანონი ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან იგი ტუისტების აღრიცხვიანობის მეტად აქტუალურ პრობლემას არეგულირებს. დარგის ექსპერტთა შრომების შესწავლის შემდეგ შეიძლება გავაკეთოთ შემდეგი დასკვნები: საქართველოში ტურიზმის წარმატებით განვითარების ხელშემშლელი ფაქტორები, რომელთა აღმოფხვრა უპირველეს ამოცანას წარმოადგენს დარგის განვითარებისათვის შემდეგია: - ტურიზმის სააღრიცხვო სისტემის არარსებობა, დღესდღეობით საქართველოში ვერ ხერხდება ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების აღრიცხვა. საჭირო ინფრასტრუქტურისა და სააღრიცხვო სისტემის არარსებობის გამო არ ხდება საკურორტო ადგილებში საკუთარი სახლების გამქირავებელთა შემოსავლების აღრიცხვა. ყოველივე აღნიშნული კი განაპიროებებს იმას, რომ რეალურად ქვეყნის ბიუჯეტში ტურიზმიდან შესული თანხები ძალიან მწირია. მოცემული პრობლემა შესაძლებელია მოგვარდეს საქართველოში მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მიერ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად შემუშავებული ტურიზმის სატელიტური აღრიცხვის სისტემის საქართველოსთვის ადაპტაციითა და შემდგომ მისი ქვეყანაში დანერგვით. - უსაფრთხოების არადამაკმაყოფილებელი დონე, რომელიც ქვეყანაში ტურიზმის განვითარებისათვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ხელისშემშლელ ფაქტორს წარმოადგენს უსაფრთხოების დონე კურორტებზე გამოწვეულია რეგიონებში სამაშველო სამსახურის არაქმედუნარიანობითა და სიმცირით. გარდა ამისა საკურორტო ადგილებში, განსაკუთრებით კი მაღალმთიან რეგიონებში, პრობლემას წარმოადგენს სამედიცინო მომსახურების არადროული მიღება. აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად მიზანშეწონილი იქნება მომზადდეს: კვალიფიციურ მაშველთა კორპუსი, როგორც საზღვაო კურორტების, ასევე მაღალმთიანი რეგიონებისათვის; შეიქმნას პირველადი დახმარების სამედიცინო მომსახურების პუნქტების ქსელი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. - მძიმე სანიტრულ-ჰიგიენური მდგომარეობა კურორტებზე: ამ მხრივ მეტად სავალალო მდგომარეობაა სანაპირო ზოლში, რადგან თითქმის არ ხდება სანაპიროს დასუფთავება და საჭირო სანიტარული ნორმების დაცვა. ასევე ხშირია ზღვის დაბინძურება სხვადასხვა ჩამდინარე ნარჩენებით, გემების ნარეცხი წყლებითა თუ ჩაღვრილი ნავთობით. ყოველივე ეს საფრთხეს უქმნის დამსვენებელთა ჯანმრთელობას. - საქართველოში ჯერ კიდევ არ არის ყველა ადამიანის ცნობიერებაში გარემოს დაცვის აუცილებლობისადმი სერიოზული მიდგომა. აუცილებელია: გაუმჯობესდეს რეგიონებისა და ქალაქების შესაბამისი კეთილმოწყობის სამსახურების საქმიანობა. მუდმივად მოხდეს საკურორტო ადგილების დასუფთავება და სანიტარული ნორმების დაცვა; დროდადრო შემეცნებითი კამპანიის განხორციელება ადამიანების ცნობიერების ამაღლების მიზნით. - მოშლილი საგზაო და სატრანსპორტო სისტემა საქართველოს ზოგიერთ რაიონში. ამასთანავე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ქვეყანაში არ არსებობს შიდა ავიარეისები, რაც საკმაოდ გააადვილებდა გადაადგილებას უმეტეს მაღალმთიან რეგიონში. ძალიან მცირეა სამხრეთ კავკასიის რეგიონში და ახლო აღმოსავლეთთან დამაკავშირებელი რეისების რაოდენობა ეს კი იწვევს იმას, რომ ზოგიერთი პოტენციური ბაზრის მოცვა გართულებულია და ძნელდება კომბინირებული რეგიონალური ტურების მოწყობა. ჩვენი ქვეყანა შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს და ორი ნავსადგურიც გაგვაჩნია, მაგრამ მიუხედავად ამისა დღესდღეობით საზღვაო ტრანსპორტით ტურისტთა გადაყვანა თითქმის არ ხდება, რითაც ისევ და ისევ პოტენციური შემოსავლები იკარგება ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად აუცილებელია გაუმჯოებესდეს საგზაო სისტემა მაღალმთიან და შედარებით ძნელად მისადგომ ადგილებში, რადგან ტურიზმის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი პოტენციალი ამ რეგიონებშია თავმოყრილი; გზების გამართვასთან ერთად საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის მიღწევის მიზნით აუცილებელია მათი კეთილმოწყობა, განათება, ავტოგასამართი და კავშირგაბმულობის პუნქტების განთავსება; ტრანსპორტირებისას უსაფრთხოების დაცვის მიზნით დაწესდეს სტანდარტები სატრანსპორტო საშუალებებისათვის და რეგულარულად ხდებოდეს მძღოლთა კვალიფიკაციის შემოწმება; მოხდეს სამარშრუტო ქსელის გაფართოება და მაღალმთიან რეგიონებში პირდაპირი მარშრუტების დანიშვნა; მიზანშეწონილი იქნება შიდასაქვეყნო, რეგიონთაშორისი ავიარეისების დანიშვნა; საზღვაო რეისების აღდგენა ვიზიტორების ტრანსპორტირებისა და გასეირნებისათვის. - სასტუმროთა და სააგენტოთა ქსელის განუვითარებლობა: საქართველოს კურორტები ვიზოტორებს სათანადოდ ვერ უზრუნველყოფენ სასტუმროებით, იმდენად რამდენადაც რეგიონებში მათი რაოდენობა არასაკმარისია. არსებული კერძო სასტუმროების ნომენკლატურა საკმაოდ მწირია, მომსახურების დონე - დაბალი, რასაც ვერ ვიტყვით მათ მიერ შემოთავაზებულ ტარიფებზე. აღნიშნული პრობლემა შეიძლება გადაჭრილ იქნას: ტურიზმის სფეროში ინვესტიციების მოზიდვით და საერთაშორისო სტანდარტების სასტუმროთა ქსელის განვითარებით; სასტუმროთა მომსახურების ასორტიმენტის გაზრდით. - საქართველოს ტურიზმის პოტენციალის შესახებ სრულყოფილი საინფორმაციო ბაზის არარსებობა: ქვეყანაში არ არსებობს სრული საინფომაციო ბაზა საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ, სადაც აღწერილი იქნება საქარათველოს რეგიონებში არსებული კურორტები, თავისი ღირსშესანიშნაობებით. სრული საინფორმაციო ბაზა დახმარებას გაუწევდა, როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ ტურისტებს. აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად მიზანშეწონილად მიგვაჩნია: შეიქმნას სასტუმროებისა და სააგენტოების სრულყოფილი საინფორმაციო ელექტრონული ბაზა, რომელიც ინტერნეტის საშუალებით ხელმისაწვდომი იქნება მსოფლიოს ნებისმიერ მცხოვრებისათვს; შეიქმნას საქართველოს ტურისტული პოტენციალის აღწერის ელექტრონული ბაზა, რომელიც ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას მსოფლიოს მასშტაბით საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის რეკლამირებისა და პოტენციურ ტურისტთა ყურადღების მიპყრობისათვის; საჭიროა სააგენტოების მხრიდან შიდა ტურიზმზე ორიენტირება. ყოველივე ზემოთაღნიშნული პრობლემა იმდენად მრავალმხრივი და მნიშვნელოვანია, რომ მათი აღმოფხვრა და წესრიგში მოყვანა სახელმწიფოს პრეროგატივას წარმოადგენს და მხოლოდ მას ხელეწიფება. გამოყენებული ლიტერატურა
|