English / ქართული / русский /
მადონა გელაშვილი
ეროვნული ეკონომიკის მწვანე განვითარების ეკოლოგიური ასპექტები: ბუნებრივი რესურსების ეკოლოგიურად მდგრადი გამოყენება, ეკოლოგიურად მდგრადი წარმოება და მოხმარება

ანოტაცია. "მწვანე ეკონომიკის" კონცეფცია შექმნილია სწორედ იმისთვის, რომ უზრუნველყოს ჰარმონიზაცია სამ – ეკონომიკურ, სოციალურ და გარემოსდაცვით (ეკოლოგიური) კომპონენტს შორის. ეს მისაღებია ყველა ჯგუფის – განვითარებული, განვითარებადი და დაბალ განვითარებული – ქვეყნებისათვის. „მწვანე ეკონომიკის“ კონცეფციის მომხრეები მიიჩნევენ, რომ არსებული ეკონომიკური სისტემა, ე.წ. „ყავისფერი ეკონომიკა“ არასრულყოფილია. მიუხედავად იმისა, რომ მან მნიშვნელოვანი შედეგი გამოიღო ზოგადად ადამიანებისა და განსაკუთრებით მისი ცალკეული ჯგუფების ცხოვრების დონის გაუმჯობესებაში, ამ სისტემის ფუნქციონირების უარყოფითი შედეგები თვალსაჩინოა: ეს არის ეკოლოგიური პრობლემები (კლიმატის ცვლილება, გაუდაბნოება, ბიომრავალფეროვნების დაკარგვა); ბუნებრივი კაპიტალის ამოწურვა; სიღარიბე; მტკნარი წყლის, საკვების, ენერგიის დეფიციტი; ხალხისა და ქვეყნების განვითარების დონის უთანასწორობა. ეს ყველაფერი საფრთხეს უქმნის დღევანდელ და მომავალ თაობებს.

საკვანძო სიტყვები: მწვანე განვითარება, ეკოლოგია, ბუნებრივი რესურსები, „ყავისფერი ეკონომიკა“, ეკოსისტემა.

შესავალი

მწვანე ეკონომიკის კონცეფცია სულ უფრო მეტ გამოხმაურებას იძენს საზოგადოების მხრიდან. მას აქტიურად განიხილავენ ექსპერტები, პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციები; უფრო კონკრეტულად კი – იგი განვითარდა მდგრადი კონცეფციის საფუძველზე.  სიტყვა „მწვანე რევოლუცია“  საერთაშორისო ლექსიკონში პირველად გამოიყენა უილიამ გაუდიმ (XX საუკუნის 60-70 წლები). ტეილორ მილერი, ამერიკელი ეკოლოგი, მწვანე რევოლუციას განიხილავდა  ორ ეტაპად: პირველს – განვითარებულ და მეორეს – განვითარებად ქვეყნებში. მეორე მწვანე რევოლუცია 15-ზე მეტ ქვეყანაში გავრცელდა (მექსიკიდან კორეამდე), კერძოდ კი   აზიის ქვეყნებში, რომლებიც მოსახლეობის მკვეთრი ზრდის გამო  შიმშილობდნენ და იმყოფებოდნენ გადარჩენის ზღვარზე. ამ დროს „მწვანე ეკონომიკის“ განვითარება გახდა სახელმწიფოთა და შესაბამისად მოსახლეობის გადარჩენის ძირითადი წყარო. შინაარსობრივად „მწვანე ეკონომიკა“ და „მდგრადი განვითარება“ განსხვავებული ცნებებია, მაგრამ ერთი მეორის შემადგენელი ნაწილია. ეკონომიკური განვითარების გარეშე შეუძლებელია მწვანე ეკონომიკის არსის, მნიშვნელობისა და თავისებურებების გაგება.  მწვანე ეკონომიკა არის ეკონომიკური განვითარების მოდელი, რომელიც ამცირებს გარემოსდაცვით რისკებს და ეკოლოგიურ პრობლემებს. ის მიზნად ისახავს მდგრად განვითარებას და ამცირებს  გარემოზე უარყოფით ზეგავლენას. მწვანე ეკონომიკისმთავარი რეგულატორი სახელმწიფოსა და კერძო ბიზნესზე მეტად  თავად საზოგადოებაა, რომელიც  მართავს მას. 

ბუნებრივი რესურსების ეკოლოგიურად მდგრადი გამოყენება

ბუნებრივი აქტივები (ტყეები, ტბები, დაჭაობებული ტერიტორიები და მდინარეების აუზები) წარმოადგენენ ბუნებრივი კაპიტალის მნიშვნელოვან შემადგენელ კომპონენტებს ეკოსისტემის დონეზე. მათ აქვთ სასიცოცხლო მნიშვნელობა ბუნებაში წყლისა და მისი სასარგებლო თვისებების ბრუნვის სტაბილურობის უზრუნველყოფის პროცესში სოფლის მეურნეობისა და შიდა (სამოსახლო) მეურნეობებისთვის; ნახშირბადის ბრუნვისა და კლიმატის შერბილებაში თავისი როლის შესრულებისთვის; ნიადაგის ნაყოფიერებისა და მისი მნიშვნელობის გაზრდისთვის მემცენარეობაში; ადამიანების არსებობისთვის უსაფრთხო გარემოს შემქნელი ადგილობრივი მიკროკლიმატებისთვის; თევზჭერისთვის, რომელიც არის ცილის წყარო. ბუნებრივი კაპიტალი აქტიურად მონაწილეობს ადამიანების კეთილდღეობაში და აწვდის ეკონომიკებს ძვირფასს რესურსს გენების, ბიოლოგიური სახეობებისა  და ეკოსისტემების დონეზე.

მრავალი სპეციალისტის აზრით, მწვანე ეკონომიკა ექვს მთავარ სექტორს მოიცავს:

  • განახლებადი ენერგია (მზის, ქარის, გეოთერმული, საზღვაო, მათ შორის ტალღების, ბიოგაზისა და სითბური უჯრედების ენერგია);
  • მწვანე შენობები (ენერგიის მწვანე მოდიფიკატორები, მწვანე პროდუქტები და მასალები);
  • სუფთა ტრანსპორტი (ალტერნატიული საწვავი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ჰიბრიდული და ელექტროსატრანსპორტო საშუალებები);
  • წყლის მენეჯმენტი (წყლის და წვიმის გამწმენდი სისტემები, შიდა წყლის ლანდშაფტი, წყლის გამოყენება);
  • ნარჩენების მენეჯმენტი (უტილიზაცია, მუნიციპალური ნარჩენი მასალების გამოყენება, ნიადაგის ნაყოფიერების გაუმჯობესება, გაწმენდა);
  • მიწის მენეჯმენტი (ორგანული სოფლის მეურნეობა, ურბანული ტყეები და მათი განაშენიანება, პარკები).

გადასვლა მწვანე ეკონომიკაზე არა მხოლოდ აღიარებს და გამოააშკარავებს ბუნებრივი კაპიტალის ღირებულებას (როგორც ადამიანების კეთილდღეობის წყაროს, ღარიბი სამოსახლო მეურნეობების შემოსავლებისა და ახალი და ღირსეული სამუშაო ადგილების წყაროს), არამედ აბანდებს ფინანსურ სახსრებს აღნიშნულ ბუნებრივ კაპიტალში და ზრდის მას ეკონომიკური პროგრესის ინტერესებში. შემდგომში წარმოდგენილია  მწვანე ეკონომიკის სხვადასხვა მიმართულებაში ინვესტირების პერსპექტივების, ბუნებრივი კაპიტალის შენარჩუნებისა და აღდგენის მიზნით.

პირველ რიგში, ტყეების გაჩეხვის შემცირება და მათი აღდგენა მომავალში ხელს შეუწყობს ეკოსისტემების შენარჩუნებას და განვითარებას, ასევე კლიმატის  და რეგულირების გაუმჯობესებას. კერძოდ, ტყე  მიწისზედა ბიოლოგიური სახეობების 80%-ს შეადგენს და ზრდის სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის,   ფლორასა და ფაუნასთან დაკავშირებული სხვა სექტორების მდგრადობას. ტყის შენარჩუნებაზე  დამოკიდებულია 1 მილიარდზე მეტი ადამიანის კეთილდღეობა. ტყის გაჩეხვის შემცირების წყალობით კლიმატის გაუმჯობესებული დარეგულირების სარგებელი ორჯერ, ხოლო შეფასებების მიხედვით, სამჯერ აღემატება მათზე გაწეულ ხარჯებს. მწვანე ეკონომიკის მოდელირებამ გვიჩვენა,  რომ მთლიანი შიდა პროდუქტის 0,03%-ის ინვესტირება 2011-2050 წლებში, სატყეო ნაკვეთების მფლობელებისთვის ტყის შესანარჩუნებლად განკუთვნილი თანხების გადახდა და ტყის აღდგენაში კერძო ინვესტიციების დაბანდება გაზრდის დამატებულ ღირებულებას 20%-ზე მეტი მოცულობით და მნიშვნელოვნად გაზრდის სატყეო ტერიტორიებზე ნახშირბადის რაოდენობას. 

მეორეც, სოფლის მეურნეობაში მწვანე ეკონომიკის განვითარება განაპირობებს სურსათის მიწოდებას მსოფლიოს მზარდი მოსახლეობისთვის, აღნიშნული სექტორის მიერ გამოყენებული ბუნებრივი რესურსების განადგურების გარეშე. მსოფლიოს მოსახლეობის ზრდის გათვალისწინებით, 2050 წლისთვის სოფლის მეურნეობამ უნდა უზრუნველყოს სურსათის მიწოდება 9 მილიარდი ადამიანისთვის ეკოსისტემისა და ადამიანების ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების გარეშე. დღესდღეობით სოფლის მეურნეობა მოიხმარს  მსოფლიოს მტკნარი წყლის რესურსების 70%-ზე მეტს, სასოფლო-სამეურნეო სექტორზე ნაწილდება მსოფლიოს სათბური გაზების ემისიების 13%-ზე მეტი. სოფლის მეურნეობაში არსებული ტექნოლოგიების გამოყენება იწვევს 3-5 მლნ. პესტიციდებით მოწამვლის შემთხვევას და 40 000-ზე მეტი ადამიანის გარდაცვალებას წელიწადში.

სოფლის მეურნეობის „გამწვანება“ ითვალისწინებს წყლის ეფექტურ და მდგრად მოხმარებას, ორგანული და ბუნებრივი სასუქების გამოყენებას, ნიადაგის ოპტიმალურ დამუშავებას, მავნებელთა კომპლექსურ კონტროლს, მცენარეებისა და ცხოველების ჯანმრთელობის მართვას. მწვანე ეკონომიკის შესახებ ანგარიშში განხილული მოდელირების შედეგების თანახმად, მწვანე სოფლის მეურნეობაში 2011-2050 წლებში  100-300 მილიარდი აშშ დოლარის  ინვესტირებას დროთა განმავლობაში შეუძლია განაპირობოს ნიადაგის ხარისხის ამაღლება და უმნიშვნელოვანესი კულტურების მსოფლიო მოსავლის გაზრდა 10%-ით იმ მაჩვენებლებთან შედარებით, რომლებიც მიღწეული იქნებოდა  მიმდინარე საინვესტიციო სტრატეგიების შენარჩუნების შემთხვევაში. მიუხედავად იმისა, რომ ზრდის ასეთი ტემპები არ არის საკმარისი მოშიმშილეთა სურსათთან თანაბარი წვდომის უზრუნველსაყოფად, ასეთი ზრდა მაინც აუცილებელია მზარდი მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფის პრობლემის მოსაგვარებლად. მოდელმა ასევე გვაჩვენა, რომ სოფლის მეურნეობის სექტორის მწვანე რელსებზე გადასვლას შეუძლია სოფლის მეურნეობა აქციოს სასათბურე გაზების მსხვილი გენერატორისგან ნულოვანი ზრდის და სასათბურე გაზების ემისიების შემცირების მქონე დარგად. 

მესამეც, წყლის სექტორის „გამწვანება“ მწვანე ეკონომიკის დამკვიდრება ხელს შეუწყობს საკმარისი რაოდენობით და საკმაოდ მაღალი ხარისხის მტკნარი წყლის მიწოდებას. პროგნოზების თანახმად, მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის გარეშე მსოფლიოს წყლის მიწოდებასა და წყლის დანახარჯს შორის შეიძლება გაჩნდეს დიდი და მუდმივად მზარდი გარღვევა (იხ. სურათი 1).

სურათი 1. „ყავისფერიეკონომიკის სცენარის შემთხვევაში წყალზე მსოფლიოს მოთხოვნის და შემოთავაზების პროგნოზი.

მიზანშეწონილია, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს წყლის სექტორის „გამწვანების“ მეშვეობით ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების დაბანდებისა და წყლის პოლიტიკის სფეროში რეფორმების გატარების გზით. აღნიშნული რეფორმები შეიძლება მიმართული იყოს ინსტიტუციური მექანიზმების, და ასევე დახმარების გაწევისა და სახსრების გამოყოფის გაუმჯობესებაზე; ეკოსისტემური მომსახურებების საფასურის უფრო აქტიურ ამოღებაზე  და ასევე წყალმომარაგებისთვის ფინანსური სქემების და გადახდის სისტემების მოდიფიცირებაზე. 2011-2050 წწ. პერიოდში მწვანე ეკონომიკაში 100-300 მილიარდი აშშ დოლარის ყოველწლიურად ინვესტირების შემთხვევაში სასოფლო-სამეურნეო, სამრეწველო და მუნიციპალურ სექტორებში ეფექტურობის გაზრდა 2050 წლისთვის წყალზე მოთხოვნას შეამცირებდა დაახლოებით 20%-ით,  შეამცირებდა აგრეთვე მიწისქვეშა და ზედაპირული წყლების  მოხმარებას მოკლევადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში.

მეოთხეც, ენერგეტიკული სექტორის „გამწვანება“ და წიაღისეული საწვავის ჩანაცვლება განახლებადი ენერგიის წყაროებით მომავალში ხელს შეუწყობს ატმოსფეროში ნახშირბადის ემისიების დონის შემცირებას. წიაღისეულ საწვავზე დაფუძნებული თანამედროვე ენერგეტიკული სისტემა იწვევს კლიმატის ცვლილებას. კერძოდ, ენერგეტიკული სექტორის წილი მოიცავს სასათბურე გაზების გამონაბოლქვის 2/3 ნაწილს. შეფასებების თანახმად, კლიმატის ცვლილებასთან ადაპტირების მიზნით გაწეული ხარჯი 2030 წლისთვის მიაღწევს 50-170 მილიარდ აშშ დოლარს, ამასთანავე ამ ფინანსური ტვირთის ნახევარი დააწვება განვითარებად ქვეყნებს. ენერგეტიკული სექტორის „გამწვანება“ მოითხოვს გადასვლას ნახშირბადით გაჯერებული ენერგიის წყაროებში ინვესტიციებიდან – სუფთა ენერგეტიკაში ინვესტიციებზე და ასევე ენერგიის მოხმარების ეფექტურობის გაზრდას.  

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს კვლევების თანახმად, მსოფლიოს მთლიანი შიდა პროდუქტის 1–2%-ს ოდენობით მწვანე ინვესტიციების პოლიტიკით მასტიმულირებელი პაკეტი  სავარაუდოდ გადაიყვანს მსოფლიო ეკონომიკას ნახშირბადის მცირე ემისიებთან დაკავშირებულ  განვითარების გზაზე. აღნიშნული დამატებითი ინვესტიციები მოცულობით უტოლდება 2008 წელს მიღწეული წიაღისეული საწვავის შესყიდვაზე გამოყოფილ სუბსიდიებს დაახლოებით მთლიანი შიდა პროდუქტის 1%-ის ოდენობით. ენერგიის ნახშირბადით გაჯერებულ წყაროებში ინვესტიციების სუფთა ენერგეტიკაში ინვესტიციებით ჩანაცვლებას შეუძლია სამჯერ გაზარდოს განახლებადი წყაროების შეღწევის დონე ენერგიის წარმოებაში (16-დან 45%-მდე) 2050 წლისთვის. ყველა სახის ენერგიის გათვალისწინებით, განახლებადი წყაროების მონაწილეობა საპროგნოზო მაჩვენებლებით გააორმაგდებდა და უზრუნველყოფდა მიწოდების საერთო შემოთავაზებებს 25%-ზე მეტი მოცულობით.

მეხუთეც, სატრანსპორტო სექტორის „გამწვანება“ მომავალში ხელს შეუწყობს კლიმატის ცვლილებაზე, გარემოს დაბინძურებაზე და ადამიანების ჯანმრთელობისთვის საფრთხის წარმოქმნაზე ზემოთ აღნიშნული სექტორის ზემოქმედების შემცირებას. ამჟამად  ქალაქებსა და მათ საზღვრებს გარეთ ტრანსპორტი მოიხმარს მთლიანი თხევადი წიაღისეული საწვავის ნახევარზე მეტს და გამოყოფს CO2-ის მსოფლიო ემისიების თითქმის მეოთხედს, რომელიც დაკავშირებულია ენერგეტიკასთან. კვლევები გვაჩვენებენ, რომ ეკოლოგიურმა და სოციალურმა დანაკარგებმა (ჰაერის ადგილობრივ დაბინძურებასთან, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებთან და საცობებთან დაკავშირებული დანახარჯები) შეიძლება მიაღწიოს რეგიონის ან ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 10 და მეტ პროცენტს და მნიშვნელოვნად გადააჭარბოს მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის ინიცირებისთვის საჭირო თანხებს.

სატრანსპორტო სექტორის „გამწვანება“ მისი ენერგოეფექტურობის გაზრდის, სუფთა საწვავის გამოყენებისა და  კერძო ტრანსპორტიდან საზოგადოებრივ და არასაავტომობილო ტრანსპორტზე გადასვლის მეშვეობით გააუმჯობესებს ეკონომიკის მდგომარეობას და მოსახლეობის ჯანმრთელობას. როგორც გვაჩვენებს ევროპული გამოცდილების ანალიზი,  საზოგადოებრივ ტრანსპორტში ინვესტიციებიდან ეკონომიკური უკუგება (სარგებელი) რეგიონალურ დონეზე თითქმის ორჯერ აღემატება გაწეულ ხარჯებს. მსოფლიოს მასშტაბით გაანგარიშებამ გვაჩვენა, რომ სატრანსპორტო სექტორში ყოველწლიურად მსოფლიოს მშპ-ის 0,34%-ის დაბანდება (მაგალითად, დაწყებული დაახლოებით 195 მილიარდი აშშ დოლარიდან) 2011 წლიდან 2050 წლამდე პერიოდში ხელს შეუწყობდა ნავთობის საფუძველზე საწვავის მოხმარების შემცირებას მაქსიმუმ 80%-ით ჩვეულებრივი განვითარების სცენართან შედარებით და ატმოსფეროში ნახშირბადის ემისიების შესაბამის შემცირებას.

მეექვსეც, მწვანე ეკონომიკა წაახალისებს ნახშირბადის ემისიების შემცირებას და შესაბამისად გააუმჯობესებს ქალაქში ცხოვრების ხარისხს. ამჟამად ქალაქში ცხოვრობს მსოფლიო მოსახლეობის 50%, მათზევე ნაწილდება ენერგიის მოხმარების 60-80% და ნახშირბადის ემისიების 75%. სწრაფი ურბანიზაცია ზრდის დატვირთვას წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემებზე და ხშირად არის განუვითარებელი ინფრასტრუქტურის, ეკოლოგიის გაუარესების და მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუარესების გამომწვევი მიზეზი.

მწვანე ქალაქების შექმნის უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა შენობების მოდერნიზაცია. მათი გათბობა, განათება, გაგრილება და განიავება (ჰაერის ვენტილაცია) არის ატმოსფეროში სათბური გაზების გამონაბოლქვის ერთ-ერთი ძირითადი წყარო (8,6 მილიარდი ტონის გამონაბოლქვის მოცულობით CO2-ზე გაანგარიშებით). აღნიშნული ფაქტი აიხსნება იმით, რომ მსოფლიოში მთლიანი ელექტროენერგიის საბოლოო მოხმარების 1/3 მიმდინარეობს შენობებში, აქვე ხორციელდება 1/3-ზე მეტი მსოფლიოს რესურსების მოხმარება, მათ შორისაა მთლიანი მტკნარი წყლის 12%; ხოლო ამ სექტორის წილი მყარი ნარჩენების გენერირებაში შეადგენს დაახლოებით 40%-ს. განვითარებად ქვეყნებში მოსახლეობის ზრდის გათვალისწინებით, აღნიშნული სექტორის ზემოქმედება კლიმატზე „ყავისფერი“ ეკონომიკის შენარჩუნების სცენარში 2030 წლისთვის შეიძლება თითქმის გაორმაგდეს და მიაღწიოს 15,6 მილიარდ ტონას  CO2-ზე გადაანგარიშებით.

მწვანე ეკონომიკის განვითარება და შენობების მოდერნიზაცია მოგვცემს საშუალებას გავზარდოთ ენერგოეფექტურობა და შრომის პროდუქტიულობა, შევამციროთ ნარჩენები და გამონაბოლქვი, რომელიც წარმოიქმნება შენობების ექსპლუატაციის პროცესში, ასევე გავაუმჯობესოთ სასიცოცხლო მნიშვნელობის მომსახურებების ხელმისაწვდომობა ნახშირბადის გამონაბოლქვის დაბალი დონის მქონე ინოვატორული სატრანსპორტო გადაწყვეტილებების ხარჯზე. 2050 წლამდე 300 – 1 000 მილიარდი აშშ დოლარის ყოველწლიური ინვესტირება ხელს შეუწყობს მსოფლიოს ენერგომოხმარების შემცირებას 1/3-ით. ელექტროენერგიის დაზოგვის გარდა, აღნიშნული სექტორის „გამწვანება“ ასევე წაახალისებს ნედლეულის,  ნიადაგისა და წყლის უფრო ეფექტურ მოხმარებას და საშიშ ნივთიერებებთან დაკავშირებული რისკების და ნარჩენების შემცირებას. განვითარებად ქვეყნებში ამ სექტორში არსებობს შენობებში ჰაერის დაბინძურების შემცირების კოლოსალური პოტენციალი, რაც მსოფლიოში  ყოველწლიურად არის სიკვდილიანობის 11%-ის მიზეზი. 

დასკვნა

ამდენად, მწვანე ეკონომიკური განვითარება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული, თუ რა ტიპის სტრუქტურულ ტრანსფორმაციას აირჩევს ქვეყანა; ასევე  როგორი ეფექტურობით გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ტექნოლოგიურ პროგრესსა და რესურსებს; რა მოთხოვნები აქვს შესასრულებელი საერთაშორისო გარემოსდაცვითი კანონმდებლობის მიმართულებით და, რაც მთავარია, როგორ ეკონომიკურ სტიმულირებას (ინსენტივებს) შექმნის ქვეყანაში არსებული ეკონომიკური პოლიტიკა და ინსტიტუტები მწვანე ზრდის წახალისებისათვის. მაგალითად, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების განვითარების შედეგად, სრულიად უნდა მოიშალოს დამოკიდებულება СO2 ემისიებსა და მშპ-ს შორის.

მწვანე ეკონომიკა არის მიმართულება ეკონომიკურ მეცნიერებაში, რომელიც ჩამოყალიბდა ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში. მიჩნეულია, რომ მის ფარგლებში  ეკონომიკა არის ბუნებრივ გარემოზე დამოკიდებული კომპონენტი, რომელშიც ის არსებობს და არის მისი შემადგენელი ნაწილი. მწვანე ეკონომიკის კონცეფცია მოიცავს ეკონომიკურ მეცნიერებასა და ფილოსოფიაში არსებული სხვადასხვა მიმართულების იდეებს, როგორიცაა ფემინისტური ეკონომიკა, პოსტმოდერნიზმი, ეკოლოგიური ეკონომიკა, გარემოს ეკონომიკა, ანტიგლობალიზმი, საერთაშორისო ურთიერთობების თეორია და ა.შ.

მწვანე ეკონომიკის თეორია ემყარება სამ ძირითად აქსიომას:

  • შეუძლებელია გავლენის სფეროს უსასრულოდ გაფართოება შეზღუდულ სივრცეში;
  • შეუძლებელია უსაზღვროდ მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილება შეზღუდული რესურსების პირობებში;
  • ყველაფერი დედამიწის ზედაპირზე  ურთიერთკავშია. 

გამოყენებული ლიტერატურა 

  1. აბესაძე რ., წრიული ეკონომიკა:  არსი და გამოწვევები. „ეკონომისტი“, № 1. თბ.,2019.
  2. ადეიშვილი მ., გარემოსდაცვითი პოლიტიკის, ინსტიტუციური მოწყობის და რეგულირების მექანიზმების ხარვეზების ანალიზი. მწვანე ალტერნატივა. თბ., 2012.
  3. ალადაშვილი,მ.,  ეკონომიკა და ფინანსები. „ცირკულარული ეკონომიკა და მდგრადი განვითარების პრიორიტეტები საქართველოში“, 1: 66-72; 2023.
  4. გელაშვილი მ., „მწვანე“ განვითარება მდგრადი განვითარების კონტექსტში“.ივ. ჯავახიშვილის სახელობის თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი VII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში“, თბ., 2022.
  5. გელაშვილი მ., „მწვანე“ ეკონომიკა - მიზნები და უპირატესობები.“  ჟურნალი: „კანონმდებლობა და ბიზნესი“, #2. თბ., 2022.
  6. გელაშვილი მ., „მწვანე ეკონომიკის“ ფაქტორთა გავლენა  სიღარიბის დონის მაჩვენებელზე.  ჟურნალი: „კანონმდებლობა და ბიზნესი“, #2. თბ., 2022. https://doi.org/10.52340/bal;
  7. Gelashvili M., 2017. „Innovative Human Capital and its development characteristics“, SSU IV international-practical conference, collections. Tbilisi „Homeland“.
  8. Gelashvili M., „Human resources and its Development Tendencies in Georgia“. „Ekonomisti” #1, 2018; p.55.
  9. Gelashvili M., D. Burlachenko, „The strategy of growth of green economy in Georgia“. World Economy and International Economic relations International Scientific; Collection; Volume 4, CUL – 2021. p.11.
  10. Climate-related Risk Radar for Georgian economic sectors and its possible application for the financial sector, The National Bank of Georgia (NBG), German Sparkassenstiftung for International Cooperation (DSIK)2022, https://nbg.gov.ge/en/page/climate-risk-radar
  11. Climate-related Risk Radar for Georgian economic sectors and its possible application for the financial sector.  The National Bank of Georgia (NBG), German Sparkassenstiftung for International Cooperation (DSIK)2022,  https://nbg.gov.ge/en/page/climate-risk-radar