![]() ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის საერთაშორისო სამეცნიერო
კ ო ნ ფ ე რ ე ნ ც ი ე ბ ი
"ეკონომიკა – XXI საუკუნე"
![]() |
|
|
∘ ირაკლი არჩვაძე ∘ შრომითი ემიგრაციისა და ფულადი რემიტანსების ნეგატიური ასპექტები ანოტაცია. გლობალიზაციის, მოსახლეობის მობილურობის, მათ შორის შრომითი ემიგრაციის დინამიური ზრდისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების ხარჯზე ფულადი რემიტანსების მოცულობა მათი მიმღები ქვეყნების უმრავლესობაში უსწრებს შესაბამისი სამამულო პროდუქტის ზრდის ტემპს. აღნიშნული გარემოება უზრუნველყოფს არა მარტო რეციპიენტი შინამეურნეობების კეთილდღეობის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას, არამედ პოზიტიურად ზემოქმედებს მაკროეკონომიკურ პარამეტრებზეც - ერთობლივი მოთხოვნის, სამამულო პროდუქტისა და საბიუჯეტო შემოსავლების ზრდაზე, სიღარიბის დონის შემცირებაზე, განათლებისა და ჯანდაცვის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე და ა.შ. ამასთან, შრომითი მიგრანტების მიერ განხორციელებული ფულადი რემიტანსების ზრდას თან ახლავს რიგი ფაქტორები, რომლებიც ასახვას ჰპოვებენ ეკონომიკური უთანასწორობის, სამომხმარებლო ფასების ზრდაში და ა.შ. ასეთთა რიგს უნდა მივაკუთვნოთ ისეთი ფაქტორებიც, რომლებსაც, ერთი შეხედვით, არ გააჩნიათ პირდაპირი ფულადი გამოხატულება, თუმცა ამას ახორციელებენ არაპირდაპირი ფორმით, რაც საბოლოო ჯამში, ნეგატიურად აისახება საშუალო- და გრძელვადიან პერსპექტივაში, როგორც მაკროეკონომიკურ მდგომარეობაზე, ისე სოციალურ სტაბილურობასა და დემოგრაფიულ პროცესებზე. საკვანძო სიტყვები: შრომითი ემიგრანტები, ფულადი რემიტანსები, „ჰოლანდიური დაავადება“, ტვინების გადინება, მორალური რისკი. შესავალი შრომითი ემიგრაცია, მუშაკების გადაადგილება ერთი ქვეყნიდან მეორეში უკეთესი დასაქმების შესაძლებლობების მოსაძებნად, თანამედროვე გლობალური ეკონომიკის მნიშვნელოვანი კომპონენტია. ის მრავალმხრივად მოქმედებს როგორც წარმოშობის, ასევე დანიშნულების ქვეყნებზე როგორც ეკონომიკური ზრდის, შრომის ბაზრის ტევადობაზე, დემოგრაფიასა და სოციალურ სტრუქტურებზე. მიგრანტ მუშაკებს ფასდაუდებელი წვლილი შეაქვთ სამშობლოში დარჩენილი ოჯახების, მთლიანად, მოსახლეობის ცხოვრების დონის უზრუნველყოფაში ფულადი გზავნილების, უცხოეთში გამომუშავებული შემოსავლების სამშობლოში რეპატრიაციით და ინვესტიციების მეშვეობით. კერძოდ, ისინი ხელს უწყობენ სიღარიბისა და შიმშილის აღმოფხვრას, ხარისხიანი ჯანმრთელობის და განათლების ხელშეწყობას, ღირსეული სანიტარული პირობების და სამუშაოს მიღწევას, ეკონომიკურ ზრდას და უთანასწორობის შემცირებას. სამეცნიერო ლიტერატურაში საკმაოდ დაწვრილებითაა შესწავლილი ემიგრაციის მიზეზები, გამომწვევი ფაქტორები, ემიგრაციის სახეები და ემიგრანტთა გეოგრაფიული, ქვეყნისმიერი განფენილობა მსოფლიოში; კარგადაა ცნობილი დონორი და რეციპიენტი ქვეყნების მიხედვით ფულადი რემიტანსების (ტრანზაქციების) სტრუქტურა და დინამიკა. დიდია შრომითი მიგრანტების მიერ განხორციელებული ფულადი რემიტანსების როლი, მონაწილეობა საკუთარ სამშობლოში ერთობლივი მოთხოვნის ფორმირებაში, მონაწილეობა ეკონომიკის ზრდასა და სახელმწიფო ბიუჯეტის ფორმირებაში. ამავე დროს, შედარებით მეტ ყურადღებას საჭიროებს ფულად რემიტანსებთან დაკავშირებული რიგი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებისა, რომლებიც ნეგატიურ ზეგავლენას ახდენენ არა მარტო ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობასა და განვითარების პოტენციალზე, არამედ საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში - აგრეთვე ეროვნული მეურნეობის ზრდისა და სოციალური მდგრადობის პერსპექტივებზე. მათზე სათანადო ყურადღების გამახვილება და მათ გამოისობით გამოწვეულ სოციალურ-ეკონომიკურ „ხაფანგებისაგან“ თავის არიდება სახელმწიფო უსაფრთხოების უმნიშვნელოვანეს პირობებს წარმოადგენენ. ფულად რემიტანსებთან დაკავშირებული ძირითადი პოტენციური საფრთხეებია ე.წ. „ჰოლანდიური დაავადება“, „ტვინებისგადინება“ და მორალური საფრთხის პრობლემა. განსხვავებით სხვა ნეგატიური შედეგებისაგან, რომელთა დადგომის ალბათობა ფულადი რემიტანსების ზრდასთან მაღალ კორელაციაში იმყოფებიან და თითქმის გარდაუვალი არიან, აღნიშნული სამი საფრთხე დიდწილად პოტენციურია და მათი რეალიზაცია სწორედ ეკონომიკურ, პოლიტიკურ, სოციალურ და დემოგრაფიულ ფაქტორთა „ხელსაყრელ თანხვედრაზეა“ დამოკიდებული. „ჰოლანდიური დაავადება“ ტერმინი „ჰოლანდიური დაავადება“ შემოღებულ იქნა 1977 წელს ინგლისური ჟურნალის The Economist-ის მიერ და უკავშირდება ჰოლანდიაში (ნიდერლანდებში) გრონინგენის პროვინციაში 1959 წელს აღმოჩენილი გაზის საბადოდან დიდი რაოდენობით გაზის მოპოვებას, რასაც მოყვა მისი მასშტაბური ექსპორტი და შესაბამისად, ქვეყანაში უცხოური ვალუტის დიდი რაოდენობით შემოდინება. ეს არ არის წმინდა ჰოლანდიური (- ნიდერლანდური!) მოვლენა. - ქვეყანაში უცხოური ვალუტის დამატებითი, ჭარბი შემოდინება იწვევს ეროვნული ვალუტის გამყარებას, აუმჯობესებს მიმდინარე ანგარიშის ბალანსს, ამცირებს იმპორტის ფასებს, შესაბამისად - ინფლაციას, მაგრამ ამგვარი შემოდინება ასევე ზრდის შიდა მოხმარებას, რაც იწვევს მოთხოვნაზე ორიენტირებულ ინფლაციას. ეკონომიკის ცალკეული სექტორები (განსაკუთრებით ექსპორტზე ორიენტირებული წარმოება და სოფლის მეურნეობა) ნაკლებად კონკურენტუნარიანი ხდება, რაც იწვევს ამ პროდუქციის წარმოების და ექსპორტის შემცირებას და შეიძლება გამოიწვიოს უმუშევრობის ზრდა და ხელი შეუშალოს ეკონომიურ ზრდას, პრობლემები შეუქმნას ეკონომიკის დივერსიფიკაციას. ამავე დროს, ეკონომიკა ზედმეტად დამოკიდებული ხდება გზავნილებსა და მოხმარებაზე, ვიდრე წარმოებასა და ექსპორტზე. შესაბამისად, იზრდება იმპორტი, მცირდება წმინდა ექსპორტი და, საბოლოო ჯამში, მთლიანი სამამულო პროდუქტი, ისევე როგორც რემიტანსებზე დამოკიდებული ქვეყნის დაუცველობა მოულოდნელი გარე შოკების მიმართ. ფაქტობრივად, არ აქვს მნიშვნელობა, რა მიზეზითაა განპირობებული უცხოური ვალუტის შემოდინების ზრდა (ექსპორტის სწრაფი ზრდა, ენერგომატარებლებზე ფასების მატება, მაღალი გადახდისუნარიანი ფიზიკური პირების ნებაყოფლობითი თუ იძულებითი ტრანსფერი მათ სამშობლოში ეკონომიკური და უსაფრთხოების ხაზით შექმნილი პრობლემების გამო - როგორც ამას ჰქონდა ადგილი რუსეთ-უკრაინის დაწყებული ომის გამო 2022-2023 წლებში), როდესაც ეკონომიკა „ჰოლანდიური დაავადებით“ ინფიცირდება. შემოსავლის მკვეთრი ზრდა ქმნის დამატებით მოთხოვნას როგორც „სავაჭრო“ (ის, რომლის ექსპორტი ან იმპორტი შესაძლებელია), ასევე არასავაჭრო საქონელზე (ის, რისი ფიზიკური ექსპორტი შეუძლებელია, როგორიცაა, მაგალითად, უძრავი ქონება). შემოსავლების, მათ შორის ხელფასების ზრდის ტემპის გადაჭარბებამ პროდუქტიულობის ზრდის ტემპთან შედარებით შეიძლება ზიანი მიაყენოს კონკურენტუნარიანობას. საქართველოში 2001-2024 წლებში 24 წლიდან 15 წლის მანძილზე საშუალო ხელფასის ზრდის ტემპი უსწრებდა ნომინალური მშპ-ის ზრდას,[1] რაც „ჰოლანდიური დაავადების“ წარმოქმნის ერთერთი მძლავრი სტიმულატორია. დიაგრამა 1
მიუხედავად ამისა, მთლიანობაში, საქართველოში ჰოლანდიურ დაავადებას არ ჰქონდა კლასიკური, სტაბილური და მით უფრო, გრძელვადიანი ხასიათი. ამჟამად საქართველოს ეკონომიკის განვითარება ეფუძნება მთელი ეროვნული მეურნეობის კომპლექსურ, სისტემურ განვითარებას და არა ექსკლუზიურად რომელიმე ერთი დარგის, წარმოების თუ რესურსის საექსპორტო პოტენციალს. ამ საუკუნის ცალკეულ წლებში (2003-2008, 2011, 2012, 2021-2023 წწ.) საქართველოს ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლართან წინა წელთან შედარებით უფრო მყარი იყო. ამის გამომწვევი ძირითადი მიზეზი კი იყო ამ წლებში დიდი ოდენობით ფულადი რემიტანსები და პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, რომელთა ჯამმა ამ წლებში შეადგინა 39643,02 მლნ. აშშ დოლარი (22718.0 მლნ. აშშ დოლარი ფულადი რემიტანსების სახით და 16924,0 მლნ. აშშ დოლარი - პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით). საშუალოდ ყოველ ასეთ წელზე საშუალოდ 3.0-მილიარდიანი მატება ადგილობრივ სამომხმარებლო და უძრავი ქონების ბაზარს საგრძნობლად აძვირებდა. 2022 წელს რუსეთ-უკრაინის ომის გამო საქართველოში დროის მოკლე პერიოდში შემოვიდა დიდი ფულადი მასა რუსეთიდან, რასაც მათი განთავსების ძირითად პუნქტებში - თბილისსა და ბათუმში - საცხოვრისის თითქმის 3-ჯერად გაძვირება მოყვა. ამიტომ თუ დავუშვებთ, რომ იმპორტირებულ საქონელზე ფასების ცვლილება უნდა ყოფილიყო ისეთივე პროპორციით, როგორითაც იყო სავალუტო კურსის ცვლილება, მაშინ წლების მიხედვით ქვეყანაში ჭარბი ფულის მასით გამოწვეულ გაძვირებულპროდუქციაში საქართველოს მოსახლეობას და ბიზნესს მხოლოდ ზემოთ დასახელებულ წლებში დამატებით გადახდილი აქვს 11.5 მილიარდი აშშ დოლარი. ანუ დაახლოებით 55 პროცენტი იმ თანხისა, რაც იმავე წლებში შრომითმა ემიგრაციამ გადმორიცხა საქართველოში სამშობლოში დარჩენილ საკუთარი ოჯახების წევრებთან და ახლობლებთან. ამასთან, შრომითი მიგრანტების რემიტანსებით გამოწვეული დროში განგრძობითი ზრდა და ამასთან დაკავშირებული „ჰოლანდიური დაავადება“ იწვევს წარმოების სექტორის შემცირებას და ექსპორტის სექტორის შესუსტებას. აღნიშნული პროცესი ქვეყანას უფრო დაუცველს ხდის გლობალური და რეგიონული ეკონომიკური კრიზისების მიმართ და უფრო მეტად დამოკიდებული ეგზოგენური ფაქტორებისაგან, მათ შორის რემიტანსების მოცულობაზე. ნეგატიურ ასპექტებს უნდა მიეკუთვნოს ისიც, რომ ფულადმა გზავნილებმა შეიძლება გაზარდოს არავაჭრობადი საქონლის მოხმარება, მათი ფასები, ეროვნული ვალუტის რეალური გაცვლითი კურსი და ამის საფუძველზე დაამძიმოს (გააუარესოს) ექსპორტი, რითაც ზიანი მიაყენოს მიმღები ქვეყნის კონკურენტუნარიანობას მსოფლიო ბაზრებზე. რა თქმა უნდა, ის, რომ საქართველოს ქრონიკულად უარყოფითი საგარეო სავაჭრო ბალანსი აქვს, არ არის მხოლოდ „ჰოლანდიური დაავადების“ „დამსახურება“, თუმცა ამგვარი ბალანსის ფორმირებაში ცალკეულ წლებში მას სერიოზული წვლილი მიუძღვის. დიაგრამა 2
აღნიშნულ კონტექსტში ფულადი ტრანსფერების უარყოფითი ეფექტი შეიძლება განვითარდეს, როდესაც ეროვნული ვალუტის რეალური გაცვლითი კურსი მყარდება ფულადი გზავნილების დიდი ნაკადის გამო, რამაც შესაძლოა შეაფერხოს ქვეყნის კონკურენტუნარიანობის განვითარება და ეკონომიკური ზრდა, და ასევე გაზარდოს ფულადი სახსრების ნაკადებზე დამოკიდებული ქვეყნების მოწყვლადობა მიგრანტების ფულადი გზავნილების მეშვეობით მოულოდნელი გარე შოკების შემთხვევაში. ეს კარგად დადასტურდა 2022-2023 წლებში, როდესაც საქართველოში ჭარბი ფულადი მასა შემოვიდა რუსეთიდან რემიტანსების სახით[2]. შედეგად - ლარი აშშ დოლართან 2023 წელს გამყარდა 18.4 პუნქტით, იმპორტი გაიზარდა 54.6 პროცენტით, მაგრამ ადგილობრივი ექსპორტი შემცირდა 9.6 პროცენტით - ეკონომიკის ნომინალურ განზომილებაში 1.3-ჯერ, ხოლო რეალურ განზომილებაში - 17.9 პროცენტით ზრდის პირობებში. „ტვინების გადინება“ ფულადი რემიტანსების ზრდას უკავშირდება აგრეთვე საშუალო და გრძელვადიანი პერსპექტივის უაღრესად ნეგატიური დატვირთვის მატარებელი პროცესი, რომელიც „ტვინების გადინებითაა“ ცნობილი. გზავნილის სიმდიდრის ხილვადობამ შეიძლება შეცვალოს კრეატიული, მაღალი შემოქმედებითი უნარის მქონე პირთა (და არა მხოლოდ მათი) მისწრაფებები, წაახალისოს ემიგრაცია ან შექმნას ზეწოლა ასეთი პოტენციალის მქონე პირებზე. „ტვინების გადინება“ - ყველაზე კვალიფიციური, მაღალი ეკონომიკური პოტენციალისა და მოთხოვნადი სპეციალობების წარმომადგენლები, რომელთა მომზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაში საკუთარ სამშობლოში სახელმწიფოსაგან და კერძო სექტორისაგან განხორციელებულია მნიშვნელოვანი ხარჯები, ინვესტიციები (პროგრამისტები, ექიმები, ინჟინრები, პედაგოგები, etc.). მათი ემიგრაცია ცალსახად ასუსტებს შესაბამის საჯარო სერვისებსა და ინოვაციების შესაძლებლობას საკუთარ სამშობლოში. ამ ასპექტით, უმაღლეს განათლებაში ინვესტირების ზრდა, ფაქტობრივად, ორლესული დატვირთვისაა. ერთი მხრივ, საზღვარგარეთიდან მიღებული ფულადი გზავნილების გამოყენება შინამეურნეობების მიერ აძლიერებს, ამაღლებს ახალგაზრდების ცოდნასა და კვალიფიკაციას, მეორე მხრივ, თუ ამას არ მოჰყვება დასაქმების შესაძლებლობა მიღებული კვალიფიკაციისა და ცოდნის ხარისხის შესაბამისად, ეს აძლიერებს ამ ახალგაზრდათა უცხოეთში წასვლის მოტივაციას, ანუ თავისი მშობლების კვალზე წასვლას, ე.წ. უკვე „მეორე თაობის“ ემიგრანტებად გადაქცევას, ზოგადად, ხელს უწყობს ქვეყნიდან ტვინების გადინების პროცესის წახალისებას. საქართველოში უმუშევრობის დონე 2024 წელს შეადგენდა 13.9 პროცენტს, ამასთან, 25 წლამდე ახალგაზრდებში ის იყო 28.9 პროცენტი, ხოლო დანარჩენ მოსახლეობაში - მხოლოდ 12.7 პროცენტი, ანუ 2.3-ჯერ ნაკლები. ახალგაზრდებისათვის ხარისხიანი განათლების მიცემა (არა აქვს მნიშვნელობა, საკუთარ ქვეყანაში თუ საზღვარგარეთ), თუ შესაბამისი განათლების შემდეგ ვერ ჰპოვებს ადეკვატურ მოთხოვნას და დასაქმებას საკუთარ სამშობლოში, ზრდის ამ კატეგორიის პირთა ემიგრაციაში წასვლის ალბათობას. ეს პროცესი კი, რომელიც „ტვინების გადინების“ სახელითაა ცნობილი, იმის გათვალისწინებით, რომ ემიგრაციის მარშრუტი უფრო გაცილებით განვითარებულ ქვეყნებისკენაა მიმართული, სხვა არაფერია, თუ არა ამ მიგრანტთა „ექსპორტიორი“ ქვეყნების მიერ გაცემული გრანტი, ბონუსი შრომით მიგრანტთა მიმღები ქვეყნებისათვის. თუ ვიხელმძღვანელებთ, ერთი მხრივ, მხოლოდ სახელმწიფოს მიერ გაღებული ხარჯებით უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტების სწავლა-განათლებაზე, მეორე მხრივ კი ემიგრაციაში წასულ უმაღლესი განათლების მქონე პირთა რაოდენობით (ჩვენი შეფასებით, საშუალოდ ბოლო 6 წელიწადში, არანაკლებ 15-20 ათასი ყოველწლიურად), აღმოჩნდება,რომ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად საქართველოდან შრომით მიგრანტთა მიმღებ ქვეყნებს დაახლოებით 35-45 მლნ. ლარის „დოტაციას“ უწევს. მთლიანობაში, უმაღლესი განათლების მქონე ახალგაზრდების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა, ნაწილობრივ იმის გამოც, რომ აღნიშნული პროცესი ფინანსირდება უცხოეთიდან განხორციელებული ფულადი ტრანზაქციებით, ზოგადად დადებითი ტენდენციაა, რაც ხელს უწყობს ქვეყანაში ახალგაზრდების უნარ-ჩვევების განვითარებას და ადამიანური კაპიტალის ფორმირებას. თუმცა ეს პროცესი აწყდება გარკვეულ პრობლემებს, რომელთაგან ყველაზე თვალში საცემია კურსდამთავრებულთა და შესაბამისი სამუშაო ადგილების რაოდენობათა ასიმეტრია. ეს განსაკუთრებით შესამჩნევია ეკონომიკის, სამართლის სფეროსა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის კურსდამთავრებულ კონტიგენტსა და შესაბამის სამუშაო ადგილებს შორის. ამის პარალელურად შეინიშნება აშკარა დისბალანსი ტექნიკური სპეციალობის მქონე კონტიგენტზე (ტექნიკური სპეციალობების მექანიკოსები, ინჟინრები, IT სპეციალისტები, ტექნოლოგები, ელექტრიკოსები, შემდუღებლები და ა.შ.) მოთხოვნასა და მათ მომზადებას (გამოშვებას) შორის უმაღლესი და საშუალო ტექნიკური სპეციალური სასწავლებლების მიერ. აღნიშნული სტრუქტურული უმუშევრობა მკაფიოდ აისახება ახალგაზრდათა უმუშევრობის ზემოხსენებულ მაღალ დონეში. ფულადი გზავნილების მიმღები შინამეურნეობების ბევრი სტუდენტი მნიშვნელოვან თანხებს ხარჯავს უმაღლესი განათლების მისაღებად, რომელიც ასოცირდება ვერტიკალურ მობილურობასთან და ცხოვრების შედარებით მაღალ დონესთან მშობლებთან შედარებით, რომლებიც მუშაობდნენ/მუშაობენ საზღვარგარეთ. მაგრამ ხშირად, ეს ქცევის მოდელი ვერ რეალიზდება იმის გამო, რომ შრომის ადგილობრივ ბაზარზე კარგად ანაზღაურებადი ღირსეული სამუშაო ადგილების დეფიციტია. ამიტომ ბევრი დიპლომირებული ახალგაზრდა იძულებულია დაყაბულდეს თანამდებობას, სამსახურს, რომელთათვისაც ისინი ზეკვალიფიცირებულნი არიან[3]. აღნიშნული მდგომარეობა იწვევს იმას, რომ ბევრი ახალგაზრდა იძულებული ხდება საკუთარი ქვეყნის შრომის ბაზრის ნაცვლად შრომითი მიგრანტის სტატუსით ბედი უცხოეთში ეძებოს. ილიაუნის დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის მიერ 2021 წელს ჩატარებული კვლევით, ქვეყნის უმაღლესი სასწავლებლების მაღალკურსელთა 45 პროცენტმა გამოხატა მზაობა, წავიდეს უცხოეთში სხვადასხვა ვადით, სადაც სწავლის უფრო მაღალ საფეხურზე გაგრძელების პარალელურად, დაკავდება შრომითი საქმიანობითაც. თანაც ეს საქმიანობა უცხოეთშიც იქნება არა მათი კვალიფიკაციის შესაბამისი, არამედ საკუთარ ქვეყანასთან შედარებით უფრო მაღალანაზღაურებადი. ამ პროცესს თუ თავის სახელს დავარქმევთ, ეს არის „ტვინების გადინება“. ეს გლობალური პრობლემაა, რომელიც ფაქტობრივად ყველა შედარებით ნაკლებადგანვითარებულ (და არა მარტო!) ქვეყანას შეეხო,[4] თუმცა მოსახლეობის ისეთი მცირერიცხოვანი ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა, ის განსაკუთრებით საგრძნობია. ამასთან, თუ რა ნეგატიურ გავლენას ახდენს ფულადი ტრანსფერები ადგილობრივ შრომით ბაზარზე, ეს კარგად ჩანს ლიბანის მაგალითზე. - ეს ქვეყანა ტრანსფერების სახით ყოველწლიურად საზღვარგარეთიდან ღებულობს დაახლოებით 6 მლრდ. აშშ დოლარს (მოსახლეობის ერთ სულზე - 1500 აშშ დოლარს), რაც ამ ქვეყნის სამამულო პროდუქტის 16 პროცენტია.[5] მიღებული თანხების მნიშვნელოვანი ნაწილი იხარჯება ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლების განათლების მისაღებად. მაგრამ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა თითქმის ნახევარი ტოვებს ქვეყანას.[6] დამსაქმებლები უჩივიან კვალიფიციური კადრების გადინებას, რაც იწვევს მაღალკვალიფიციური მუშაკების დეფიციტს. ეს დეფიციტი მიიჩნევა ეკონომიკური ზრდისა და დივერსიფიკაციის მთავარ დაბრკოლებად. ქვეყნიდან ემიგრაციაში წასვლის მთავარ მოტივად ამ ქვეყანაში უმაღლესი განათლების მიღებული ახალგაზრდები ასახელებენ თავიანთ ქვეყანაში მიმზიდველი, მათი ცოდნისა და კვალიფიკაციის შესაბამისი სამუშაო ადგილების ნაკლებობას. ფულადი გზავნილების ინსტიტუციური ხაფანგი იმაშიც მდგომარეობს, რომ ფულადი ტრანსფერების საგრძნობი ნაწილი გამოიყენება ახალგაზრდა სამუშაო ძალის ემიგრაციისათვის „მოსამზადებლად“ და არა ქვეყნის შიგნით ეკონომიკაში ინვესტირებისათვის. ფაქტი ისაა, რომ იმის ნაცვლად, რომ ექსპორტზე გავიდეს ადგილობრივი სამუშაო ძალის მიერ წარმოებული პროდუქცია, უცხოეთში გადის „მზამზარეული“ სამუშაო ძალა. მორალური რისკი და მასთან დაკავშირებული პოლიტიკური მახე ფულადი გზავნილები სოციალური მორალური საფრთხის მატარებელი მოვლენაცაა. ანუ პროცესი არა მარტო ახდენს მაკრო- და მიკროეკონომიკურ პარამეტრებში ცვლილებებს, არამედ ცვლის ეკონომიკურ სუბიექტთა ქცევის სტიმულს, მოტივაციას და ფორმებს. შრომითი მიგრანტების მიერ სახლში ფულის გაგზავნის კონტექსტში მორალური საფრთხის წარმოშობა, როგორც წესი, მაშინ ხდება, როდესაც მიმღებები ან შუამავლები ცვლიან თავიანთ ქცევას სარისკო ან არაეფექტური გზებით, რადგან იგნორირებენ, არ იტანენ ან/და არ/ვერ აცნობიერებენ თავიანთი ქმედებების სრულ შედეგებს. მორალური რისკის მატარებელი საფრთხე, რისკი რამდენიმე სახით ვლინდება: ა) საფრთხე, რომ უცხოეთიდან მიღებულმა გზავნილებმა რეციპიენტებში შეიძლება გამოიწვიოს შრომითი საქმიანობის მოტივაციის, სურვილის შემცირება, ადგილობრივი შემოსავლის გენერირების შესაძლებლობების უგულებელყოფა; ბ) სარისკო, ეკონომიკურად გაუმართლებელი საქმიანობის წამოწყება, ირაციონალური ხარჯები (აზარტული თამაშები, ნარკოტიკები და ა.შ), დაფუძნებული ვარაუდზე, რომ მიგრანტებისაგან მათთვის განხორციელებულ ტრანზაქციებს ექნებათ მუდმივი ხასიათი. არ უნდა გამოირიცხოს ფულადი გზავნილების არხების გამოყენება ფულის გათეთრებისა და ტერორისტული დაფინანსებისთვის. ფულადი გზავნილების კიდევ უფრო მზაკვრული ეფექტი ეკონომიკურ განვითარებასა და კეთილდღეობაზე არის მათი გავლენა ინსტიტუტებსა და მმართველობაზე. ფულადი გზავნილების მიმღები ოჯახისათვის მთავრობის მმართველობის ხარისხი და ეფექტიანობა - დაეხმაროს მას ყოფითი თუ ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებაში, აბსოლუტურად ექსკლუზიური ფუნქციიდან ტრანსფორმირდება შეფარდებითი უპირატესობის მატარებლის როლამდე. უტრირება რომ მოვახდინოთ, თუ სახლში ცუდი პირობებია, ოჯახები არ/აღარ ელოდებიან სამთავრობო დახმარებას, აგზავნიან წევრს საზღვარგარეთ და იყენებენ ფულადი გზავნილების შემოსავალს სახელმწიფო სერვისების დეფიციტის საკომპენსაციოდ. მათ თანდათან უმცირდებათ, უქრებათ ინტერესი და სურვილი, მოახდინონ ზეწოლა საკუთარ მთავრობაზე უკეთესი სერვისების მისაღებად. ამ პირობებშიც მთავრობასაც თავის მხრივ, უსუსტდება მორალური პასუხისმგებლობა და ვალდებულება, გასწიოს ეს მომსახურება, რადგან აცნობიერებს, რომ ამ ოჯახებს შეუძლიათ საკუთარი თავის დაცვა და საბიუჯეტო სახსრებს მიმართავს იმ პროექტების რეალიზაციისათვის, რომლებიც მას მიაჩნია პრიორიტეტულად და რომლებიც საზოგადოების დიდი ნაწილისათვის შეიძლება გაუგებარი, არააქტუალური და მიუღებელიც კი იყოს. ფულადი გზავნილების საკმაოდ დიდი შემოდინება ადგილობრივ მთავრობას აძლევს დამატებით ფისკალურ და მონეტარული თავისუფლების ხარისხს, რომელიც ხშირად არასწორად გამოიყენება - მთავრობა თავს უფლებას აძლევს, ნაკლებად იფიქროს სახსრების რაციონალურ გამოყენებაზე საჯარო სექტორში, საეჭვო და არასაჭირო ობიექტების მშენებლობაზე მნიშვნელოვანი დაფინანსების გამოყოფა. ასეთ უყაირათო ხარჯვის მაგალითად შეიძლება დასახელდეს თითქმის ქალაქგარეთ ახალი სტადიონის მშენებლობა (ამჟამად დედაქალაქში ისედაც არსებობს უეფას სტანდარტების შესატყვისი ორი სტადიონი), როდესაც დედაქალაქისათვის გაცილებით მნიშვნელოვანი იქნებოდა სატრანსპორტო კომუნიკაციების განვითარება, მიწისქვეშა და მიწისზედა სატრანსპორტო ქსელისა და ინფრასტრუქტურის განვითარება. დღეის მდგომარეობით დედაქალაქს სჭირდება, სულ ცოტა, მეტროპოლიტენის ხაზებისა და სადგურების გაორმაგება, რომელთა მშენებლობა საჭიროებს დაახლოებით 4-5 მილიარდ აშშ დოლარის კაპიტალდაბანდებას. ეს არ არის ფანტასტიკური რიცხვი - საკმარისია ითქვას, რომ ის თანხობრივად ფაქტობრივად შეესაბამება ბოლო პერიოდში უცხოეთიდან საქართველოში განხორციელებული რემიტანსების ყოველწლიურ მოცულობას. მხოლოდ საქართველოს დედაქალაქში სატრანსპორტო საცობების გამო მძღოლების მიერ წლის განმავლობაში ზედმეტად დაკარგული დროის ალტერნატიული ღირებულება მილიარდ ლარს აღემატება, რაც საკმარისი იქნებოდა მეტროს ორი სადგურისა და შესაბამისი გადასარბენების მშენებლობისათვის.[7] ხელისუფლებას შესწევს უნარი, წინააღმდეგობა გაუწიოს ფულადი ტრანსფერების ნეგატიურ სოციალურ-ეკონომიკურ შედეგებს, თუმცა ის ამას არ აკეთებს ყოველთვის და სრული მასშტაბით. ამ მხრივ, ეფექტური ზომები იქნებოდა პოლიტიკის, რეგულირებისა და განვითარების სტრატეგიების კომბინაცია, კერძოდ: - დამოკიდებულების შემცირება და ადგილობრივი პროდუქტიულობის წახალისება, მეწარმეობის მხარდაჭერა: ტრენინგების და დაფინანსების შეთავაზება, ფულადი გზავნილების მიმღები ოჯახების დახმარება მცირე ბიზნესში ინვესტიციების განხორციელებაში; - ფულადი გზავნილებით დაფინანსებული მოხმარების მიმართვა ადგილობრივი საქონლისა და მომსახურებისკენ შიდა წარმოების სტიმულირებისათვის; - სამუშაო ადგილების შექმნა; - ხელმისაწვდომი საცხოვრებლის მიწოდების გაფართოება: საბინაო პროექტებში ინვესტირების სტიმულირება ან პირდაპირი ინვესტირება პარალელურად, ცარიელი/მეორე სახლების დაბეგვრა და უძრავ ქონებაში სპეკულაციური ინვესტიციების შეფერხება; - განათლებაზე ხარჯების სტიმულირება, თანხების დაზოგვის პროგრამების შეთავაზება იმ ოჯახებს, რომლებიც რემიტანსებს განათლების ან ტრენინგის დასაფინანსებლად იყენებენ; - ფინანსური წიგნიერების პროგრამების გამოყენება - ოჯახებისთვის სწავლება, გზავნილების რაციონალურად და ეფექტიანად მართვისათვის; - ფორმალური ფინანსური სისტემების გაძლიერება: ციფრული გადარიცხვებისა და საბანკო ანგარიშების წახალისება ხარჯების შესამცირებლად და მიკვლევადობის გასაუმჯობესებლად; - თანამშრომლობა საკრედიტო დაწესებულებებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან გზავნილების გაგზავნის ხარჯების, საკომისიოს შესამცირებლად; - შრომითი მიგრანტებისა და დიასპორის წარმომადგენლების ობლიგაციებით ან საინვესტიციო ფონდებით წახალისება; - მონეტარული ინსტრუმენტების გამოყენება ვალუტის გამყარების და „ჰოლანდიური დაავადების“ თავიდან ასაცილებლად; - ინვესტიციების განხორციელება ტექნოლოგიებში, ტრენინგებსა და ინფრასტრუქტურაში საგარეო სავაჭრო უარყოფითი ბალანსის კომპენსაციის მიზნით. ბუნებრივია, ეს მოითხოვს დიდ ფინანსებს, დაუღალავ შრომას და ადეკვატურ პოლიტიკურ ნებას. მაგრამ ამას „უპირისპირდება“ ის რეალობა, რომ ფულადი ტრანსფერები კონკურენციას უწევენ ხელისუფლებას სოციალური პასუხისმგებლობის აღებაში. - ეს გზავნილები მიმღებ ოჯახებს ეხმარება საკუთარ თავზე აიღონ ეკონომიკური შოკებისაგან დაცვა, ერთგვარად“ შეეხიდონ“ სახელმწიფო სოციალური დაცვის სისტემას, რაც ანელებს მოსახლეობის ხელისუფლებისადმი მოთხოვნილებების კატეგორიულობას სოციალური ხარჯების მოცულობისა და გამოყენების ეფექტიანობის ამაღლებაზე. მაგრამ აქვს ამგვარ დამოკიდებულებას მეორე მხარეც - მოქალაქეთა თვალში სახელმწიფოსა და მისი ინსტიტუტების მნიშვნელობის მორალური დევალვაცია, რასაც ნამდვილად ვერ აკომპენსირებს ხელისუფლების ფაქტობრივად „მერკანტილური“ დამოკიდებულება ფულად გზავნილებზე. - ეს გზავნილები, გამოიყენება რა დიდწილად ადგილზე საქონლის შესაძენად, ეს მთავრობისათვის დასაბეგრი ბაზის გაფართოებისა და საბიუჯეტო სახსრების მობილიზების (პირველ რიგში, აქციზის, დამატებული ღირებულების გადასახადის...) საშუალებაა.[8] ამგვარი დამოკიდებულება „ეფექტიანია“ ხანმოკლე პერიოდში, მაგრამ აშკარად კონტრპროდუქტიული - საშუალო, და მით უფრო, გრძელვადიან პერიოდში. ამიტომაც მიგრაციისა და ფულადი გზავნილების ოფიციალური წახალისება კიდევ უფრო ართულებს გამოსვლას ფულადი გზავნილების ხაფანგიდან. მაგრამ მორალური რისკისაგან თავისუფლები არც აღნიშნული გზავნილების მიმღები შინამეურნეობები არიან. - ბევრი რეციპიენტი აღნიშნულ ფულად გზავნილებს განიხილავს როგორც საჩუქარს და არა და არა როგორც მიღებულ შრომით შემოსავალს. მათ იციან, რომ შეუძლიათ ფულადი გზავნილების შემოსავლის იმედი ჰქონდეთ, რომ შეავსონ ან ჩაანაცვლონ ხელფასი. იმის გარდა, რომ ფულადი გზავნილების მიმღებები ამცირებენ სამუშაო ძალაში მონაწილეობას, ზოგიერთი რეციპიენტი ახორციელებს ინვესტიციებს ფულადი გზავნილების შემოსავლით, მათ უჩნდებათ ცდუნება, ხელი მოკიდონ უფრო სარისკო პროექტების რეალიზაციას. ამრიგად, ფულადი გზავნილებმა შეიძლება დაამახინჯოს აქტივების ფასები და ფაქტობრივად გაამწვავოს სიღარიბე უძრავი ქონების ბაზრიდან ბევრი ღარიბი ოჯახის გამოდევნით - იმის გამო, რომ მათ არ/აღარ ექნებათ შესაძლებლობა, საკუთარი მიმდინარე შემოსავლებით და შეზღუდული კრედიტუნარიანობით, გაიუმჯობესონ საცხოვრებელი პირობები, იმაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, რომ - ფასების ბუშტის აფეთქების შემთხვევაში ნეგატიური შედეგების დადგომას ექნება აბსოლუტური და ტოტალური ხასიათი. ფულადი გზავნილების შემოდინება უცხოურ ვალუტაში, სხვა შედეგებთან ერთად, განაპირობებს დოლარიზაციის მაღალ დონეს. ლარის შემოღების თითქმის 30 წლისთავზე ქვეყნის კომბანკებში ფიზიკური და იურიდიული პირების 60.3 მლრდ. ლარის დეპოზიტიდან 30.9 მლრდ. ლარი (51.4%) უცხოურ ვალუტაში იყო. შესაბამისად, ფიზიკური პირების 32.1 მლრდ. ლარიდან (2025 წლის აგვისტოს მდგომარეობით) უცხოურ ვალუტაზე მოდიოდა 20.9 მლრდ. ლარი (67.6%). იურიდიული პირების 28.1 მლრდ. ლარიდან უცხოურ ვალუტაში იყო 10.0 მლრდ. ლარი (32.4 %). მაღალი დოლარიზაცია შემაშფოთებელია, რადგან ზღუდავს მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობას, აძლიერებს ბიუჯეტის დეფიციტს და ზრდის საბანკო სისტემის მოწყვლადობას ეკონომიკური კრიზისისა და ვალუტის გაუფასურების შემთხვევაში. მკვეთრად გაზრდილი უძრავი ქონების, პირველ რიგში საცხოვრისის ფასი, დიდწილად ქვეყანაში შემოსულ ფულად ტრანზაქციებს უკავშირდება. რა თქმა უნდა, ეს არ არის მხოლოდ შრომითი მიგრაციის დამსახურება, თუმცა ეს ფაქტორი მნიშვნელოვანია საქართველოში უძრავი ქონებისა და საცხოვრისის გაძვირებაში. ამ გარემოებას აქვს თავისი სოციალური ეფექტიც: შრომით მიგრანტებს უცხოეთში უწევთ უფრო მეტს ხანს დარჩენა. ჩვენი შეფასებით, ფულადი შემოსავალი 2000 წელს გერმანიაში მყოფ ერთ შრომით მიგრანტზე შეადგენდა 350 დოლარს, ამჯერად ეს გაზრდილია 1000 დოლარამდე, ამასთან, ერთი კვადრატული მეტრი საცხოვრისის ფასი გაიზარდა 200 დოლარიდან 1200 დოლარამდე. ეს კი ნიშნავს, რომ თუ 70 კვადრატული მეტრი საცხოვრისის შესაძენად საშუალოდ საჭირო იყო 40 თვის ხელფასი, ამჟამად ეს დრო შეადგენს 84 თვეს, ანუ მეოთხედი საუკუნის წინანდელთან შედარებით 3 წლითა და 8 თვით მეტს. ეს კი პირდაპირი გზაა შრომითი მიგრაციის გახანგრძლივებისკენ. ფულადი რემიტანსების განხორციელების პროცესი ხშირად აწყდება ეკონომიკურ და სამართლებრივ-ადმინისტრაციულ ბარიერებს, რომლებსაც საბოლოო ჯამში საერთო მნიშვნელი გააჩნიათ: აღნიშნული რემიტანსების ეფექტიანობის შემცირება. ეკონომიკურ ფაქტორებიდან უნდაა გამოიყოს გაცვლითი კურსის რყევები, რომლებმაც შეიძლება შეამციროს მიღებული გზავნილების ღირებულება. მაღალდოლარიზებულ ან ინფლაციისკენ მიდრეკილ ეკონომიკებში კი ამან, ზემოთ უკვე ნახსენებ გადარიცხვებიდან მიღებულ შემოსავლებზე მეტისმეტი დამოკიდებულების გამო საქმიანობისა და ეკონომიკური განვითარების სტიმულების შემცირების გარდა, შეიძლება გაართულოს ოჯახების შემოსავლის დაგეგმვა. დღევანდელ გლობალურ ეკონომიკაში მაღალი ვოლატილობის გამო იზრდება სამხედრო კონფლიქტების, გლობალური კრიზისისა და რეცესიის ალბათობაც, რომელთა დროსაც მძიმე დარტყმას სწორედ შრომითი მიგრანტები, მათი შემოსავლები და, შესაბამისად, მათ მიერ სამშობლოში განხორციელებული ტრანზაქციები ღებულობენ. წმინდა სამართლებრივი თუ ადმინისტრაციული „ხაფანგებიდან“ ყურადღებას იმსახურებს კრიმინალური ქსელების მიერ გზავნილების ნაკადების გამოყენება უკანონო საქმიანობის დასაფინანსებლად ან ფულის გასათეთრებლად. ამის გარდა, მიგრანტები და მათი ოჯახები შეიძლება გახდნენ ფიშინგის ან თაღლითობის სამიზნე, განსაკუთრებით ონლაინ ან მობილური გადარიცხვების აპლიკაციების გამოყენებისას. არალეგალური სტატუსის მქონე მიგრანტებს შეიძლება შეექმნათ ბარიერები ფორმალურ ფინანსურ მომსახურებაზე წვდომისას. ხშირად ფულადი რემიტანსების განხორციელებისას მიგრანტები აწყდებიან გადაჭარბებულ საკომისიოებს ან არახელსაყრელ გაცვლით კურსებს სახლში ფულის გაგზავნისას. აღნიშნული მაგალითები, რა თქმა უნდა, არ ამოწურავს შრომით ემიგრაციასთან დაკავშირებულ მორალური რისკის გამოვლინებებს. ამგვარი რისკის ელემენტების მატარებლები არიან აგრეთვე ოჯახების დეზინტეგრაცია და სოციალური ქსელის რღვევა, ცხოვრებისეული პრიორიტეტების გადახრა, იდენტობის პრობლემების წარმოშობა და კულტურული გაუცხოება. მაკრო დონეზე ასეთთა ჩამონათვალში უნდა ვიგულისხმოთ აგრეთვე სახელმწიფოს ფუნქციის შესუსტება, დემოკრატიის სისუსტე, ქვეყნის გეოპოლიტიკური დამოკიდებულების გაძლიერება სხვა სახელმწიფოებზე და ა.შ. დასკვნა ცალსახად უნდა ითქვას, რომ ფულადი რემიტანსების განმახორციელებელი შრომითი მიგრანტების საზღვარგარეთ საქმიანობის მოტივაციაზე გავლენას ახდენს სწორედ საკუთარ ქვეყანაში არსებული პირობები და გარემოებები. ტრანსფერების ეფექტი მიმღები ქვეყნის ეკონომიკაში, მოსახლეობისა და სახელმწიფოსა და მისი ბიუჯეტისათვის არ არის ერთგვაროვანი, რის გამოც მისი შეფასება ადვილი არ არის. ეს ეფექტი, სულ ცოტა, ორკომპონენტიანია: სოციალური და ეკონომიკური, რომელიც თავის მხრივ, რამდენიმე ქვეკომპონენტად იყოფა. პირველი ეხება ისეთ მოვლენებს, როგორიცაა სიღარიბე და სოციალური უთანასწორობა, ხოლო მეორე შეიცავს მიკრო-, მეზო- და მაკროეკონომიკის ელემენტებს. ამასთან, საზღვარგარეთიდან განხორციელებული ფულადი ტრანზაქციები ატარებს პოზიტიური შედეგის დადგომის შესაძლებლობას პოტენციაში და არააპრიორი. - ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენადაა უზრუნველყოფილი აღნიშნული რესურსების გამოყენების ეფექტიანობა ეკონომიკისა და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდის პირობების შესაქმნელად. ფულადი გზავნილები რეციპიენტი შინამეურნეობის შემოსავლის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს (- თითქმის აორმაგებენ საკუთარ ქვეყანაში მიღებულ შემოსავლებს), ისინი ნაწილობრივ ახდენენ სოციალური ტრანსფერების ჩანაცვლებას (უმუშევართა დახმარება, პენსიები...), რაც ამცირებს ფინანსურ ტვირთს სახელმწიფო ბიუჯეტებზე. აღნიშნული გზით „გამოთავისუფლებული“ სახსრები კი ქმნიან მორალური რისკის წარმოქმნის პრობლემას, ისევე, როგორც პოტენციაში - ადგილობრივი წარმოების სტაგნაციისა და სამომხმარებლო საქონელზე ფასების ზრდისა და „ჰოლანდიური დაავადების“ განვითარების საფრთხეს. სერიოზული რისკების მატარებელია აგრეთვე სოციალური უთანასწორობის გაძლიერება, რემიტანსებზე დამოკიდებულების ზრდა და შრომითი მოტივაციის და ეკონომიკური აქტივობის შემცირება. ცალკე აღნიშვნას იმსახურებს ე.წ. „ტვინების გადინების“ პროცესი, რომელიც პირდაპირ და ირიბ ეკონომიკურ ზარალთან ერთად, აისახება ინტელექტუალური პოტენციალის დაკარგვაში, ინოვაციური პოტენციალის შემცირებაში, ადგილობრივი სამეცნიერო და აკადემიური სივრცის დაკნინებასა და დემოგრაფიული პრობლემების გამწვავებაში. ასეთ პირობებში ხელისუფლების სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის ეფექტიანობის უმნიშვნელოვანეს კრიტერიუმს წარმოადგენს ზემოხსენებული საფრთხეებისაგან საზოგადოების დაცვა და შესაბამისი „წყალქვეშა რიფებისაგან“ თავის არიდება, რეალური შიდა ალტერნატივების შექმნა, რაციონალური სახელმწიფო პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავება, მათ შორის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ხელშეწყობით, ემიგრანტებისათვის მორალური და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის პროგრამებით, პროფესიონალი კადრების შენარჩუნების, ადგილზე საქმიანობის მოტივაციის გაზრდისა და ადრე უცხოეთში წასული კადრების უკან დაბრუნების სტიმულირებისათვის (სამშობლოში დასაბრუნებელი წამახალისებელი პაკეტები, საგადასახადო შეღავათები და ა.შ.). გამოყენებული ლიტერატურა 1. ბერულავა გ., ი. დიხამინჯია, ნ. ღვინჯიკია. - მიგრაციის მიკროეკონომიკური ეფექტები შრომის ბაზარზე: საქართველოს მაგალითზე. – „ეკონომისტი“, 2017, N 13 (4), გვ. 55-76. 2. რ. გაჩეჩილაძე. მოსახლეობის მიგრაცია საქართველოში და მისი სოციალურ-ეკონომიკური შედეგები. - გაეროს განვითარების პროგრამა - საქართველო, - თბილისი, 1997. – 62 გვ. 3. ლ. დუმბაძე. ემიგრანტიქალებიშვილიშვილებისთვისაცაგრძელებენშრომასემიგრაციაში – კვლევა. - batumelebi.netgazeti.ge, 29.11.2023. - 4. „მოსახლეობის მიგრაციული პრობლემები საქართველოში”. სტატიების კრებული, - თბილისი, 2018. 5. მ. ტუხაშვილი, ნ.ჭელიძე (2021). შრომითიმიგრაცია (სალექციოკურსიბაკალავრებისათვის). - თბილისი, თსუ, 179 გვ. 6. შრომითი მიგრანტების მიერ თანხების რეპატრიაციის ბუნებისა და მასშტაბების შესახებ (საქართველოსა და მისი სახმელეთო მეზობლების მაგალითზე). მიგრაცია. MIGRATION 8 თსუ-ს მიგრაციის კვლევის ცენტრი / ცენტრალური ევროპის უნ-ტი, თბილისი 2017, გვ. 79-95. 7. მერიჩაჩავა. „მიგრაციის ზეგავლენა ქვეყნის სოციალურ‑ეკონომიკურ კეთილდღეობასა და სამუშაო ძალაზე“ . - თბილისი, 2023 8. Amar Iqbal Anwara & Colin F. Mangc (2022) 9. Amuedo‑Dorantes & Pozo (2006a) – „Workers’ remittances and the allocation of household time: Evidence from Mexican men and women.“ 10. Binzel & Assaad (2011) – „Remittances and women’s labor supply in Egypt: new evidence from panel data.“ 11. Elspeth Graham 1, Lucy P Jordan. Migrant Parents and the Psychological Well-Being of Left-Behind Children in Southeast Asia, 2011. 12. Garip & Asad (2019) Emigration, remittances, and the subjective well‑being of those staying behind 13. Ivlevs (2016) – „Remittances, emigration and informal employment in Eastern Europe“. 14. katsuya Ito. Remittances and the Dutch disease: evidence from Georgia. - 15. Taylor et al.Household Migration, Social Support, and Psychosocial Health: The Perspective from Migrant‑Sending Areas. 2013. [1] 2001, 2002, 2005-2009, 2001-2016, 2019, 2020, 2024 წლებში ნომინალური საშუალო ხელფასის მატების ტემპი წინა წელთან შედარებით უსწრებდა ნომინალური მშპ-ის მატების ტემპს. [2] 2022-2023 წლებში საქართველოში მხოლოდ რუსეთიდან განხორციელებული ფულადი გზავნილების საშუალო წლიურმა მოცულობამ 3.1-ჯერ გადააჭარბა წინა 11 წლის საშუალო წლიურ მაჩვენებელს (1800 მლნ. აშშ დოლარი vs. 583 მლნ. აშშ დოლარი). [3] მოარული ფრაზა, რომ ყოველ მეორე ტაქსისტს „ბარდაჩოკში“ ორი დიპლომი უდევს, აღნიშნული მდგომარეობის თითქმის ფოლკლორული გამოხატულებაა. [4] ინგლისის ქალაქ მანჩესტერში მალაველი დოქტორების რაოდენობა უფრო მეტია, ვიდრე მთლიანად თავად მალავიში - ეს აიხსნება იმით, რომ განსხვავება ხელფასში 30-40-ჯერადია. - იხ. Денежные переводы мигрантов: Роль в социально-экономическом развитии Африки. – МэиМО, 2009, №7, с. 88. [5] იხ. Ральф Чами, Эккехард Эрнст, Коннел Фулленкамп и Энн Ёкинг. Существует ли ловушка денежных переводов?ю - ФИНАНСЫ И РАЗВИТИЕ | Сентябрь 2018, сс. 45. [6] იხ. იქვე, გვ. 46. [7] „წელიწადში მილიარდ ლარზე მეტს ვკარგავთ საცობის გამო - ეს თანხა საკმარისი იქნებოდა 2 ახალი მეტროსადგურის მშენებლობისთვის“. - bpn.ge, 24.04.2025 [8] ამ შეღავათებიდან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რომ ბევრი მთავრობა აქტიურად უბიძგებს თავის მოქალაქეებს ემიგრაციაში წასვლას, რასაც არც თუ იშვიათად თან სდევს ოფიციალური ემიგრაციის წახალისების სერვისები თუ სააგენტოები. ამგვარი დამოკიდებულების ჭეშმარიტების მომენტს“ წარმოადგენდა ბიძინა ივანიშვილის გულახდილი განცხადება-მოწოდება საქართველოს მოქალაქეების უცხოეთში წასვლის სამთავრობო მხარდაჭერის თაობაზე. |