English / ქართული / русский /
ლელა მენაბდიშვილი
ძალაუფლების დინამიკა თანამედროვე ოჯახში

ანოტაცია. წარმოდგენილ ნაშრომში განხილულია თანამედროვე ყოფაში როგორ ნაწილდება ძალაუფლება და გავლენა ოჯახის წევრებს შორის. ეს უკანასკნელი აყალიბებს გადაწყვეტილების მიღებას და ურთიერთობებს ოჯახში. თანამედროვე ძალაუფლების დინამიკა მნიშვნელოვნად განსხვავდება ტრადიციული, პატრიარქალური სტრუქტურებისგან, რომელთა მიხედვითაც ძალაუფლება ერთ ინდივიდშია კონცენტრირებული. დღეს ოჯახები მეუღლეთა საერთო ძალაუფლების მოწყობაზე არიან ორიენტირებულნი. როგორც სოციოლოგიური კვლევები ადასტურებს, ოჯახების უმეტესობაში მეუღლეებს შორის ძალაუფლება თანაბრადაა განაწილებული (77,5%), რაზეც მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ეკონომიკურ ფაქტორს. სხვადასხვა დროს ჩატარებულმა სოციოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ოჯახების გარკვეულ ნაწილში ძალაუფლების საკითხში გადამწყვეტი როლი ენიჭება იმ პირს, რომელიც ძირითადად ოჯახს ეკონომიკურად უზრუნველყოფს. დღეს, როგორც არასდროს, ძალიან ბევრი ქალი ახერხებს ოჯახის ეკონომიკურად უზრუნველყოფას. უმეტეს შემთხვევაში ეს ხდება მეუღლესთან ერთად, ამიტომ ასეთ ოჯახებში მეუღლეთა ერთობლივი შეთანხმებით ხდება შემოსავლების განაწილება (68,7%). ოჯახების გარკვეულ ნაწილში დარღვეულია შრომის თანაბრად გადანაწილების პრინციპი. მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცებიც არიან გარკვეულწილად ჩართული საოჯახო შრომაში, ქალზე მაინც უფრო მეტი ვალდებულება მოდის, რაც ხშირ შემთხვევაში უკმაყოფილების მიზეზი ხდება. კვლევები ადასტურებს, რომ განქორწინების უმეტეს ნაწილში ცოლია ინიციატორი. ამის უმთავრეს მიზეზად კი სახელდება ვალდებულებებისა და შრომის არათანაბარი განაწილება მეუღლეებს შორის. ოჯახის ძალაუფლების დინამიკის შესწავლამ დაგვანახა, რომ მკვეთრი ზრდის ტენდენცია გამოკვეთილია სიმეტრიული ძალაუფლების დინამიკისკენ, თუმცა კულტურული ნორმები, ინდივიდუალური პიროვნებები და კონკრეტული ოჯახური გარემოებები გარკვეულ როლს თამაშობს ოჯახში ძალაუფლების დინამიკის ჩამოყალიბების პროცესში.

საკვანძო სიტყვები: ძალაუფლება, გაცვლის თეორია, ვალდებულება, შრომის თანაბარი განაწილება.

შესავალი

ძალაუფლების ცნებას გამორჩეული ადგილი უჭირავს სოციალურ მეცნიერებებში. ოჯახური ცხოვრების კონტექსტში ძალაუფლების დინამიკა გულისხმობს ძალაუფლების განაწილებას ოჯახის წევრებს შორის. ტრადიციულად, ოჯახური სტრუქტურები ხშირად მიჰყვებოდა პატრიარქალურ ნიმუშებს, სადაც მამაკაცებს უფრო მეტი ძალაუფლება ჰქონდათ, რადგან ისინი  იყვნენ ოჯახის მთავარი მარჩენალები. თუმცა გენდერული როლების ცვლილებასთან ერთად შეიცვალა ძალაუფლების საკითხი. ოჯახებში ძალაუფლების დინამიკა განვითარდა. თანამედროვე ოჯახი ხასიათდება ტრადიციული, იერარქიული ძალაუფლების სტრუქტურებიდან უფრო თანასწორი და მოლაპარაკებითი ურთიერთობებისკენ გადასვლით. თანამედროვე ოჯახში ცოლ-ქმარს აქვს თანაბარი ძალაუფლება და მათი ოჯახის გარეთ საქმიანობაც ხშირად თანაბარია. ოჯახის ეკონომიკური პასუხისმგებლობა, არც თუ იშვიათ შემთხვევაში, ქალის პრიორიტეტი გახდა. მამაკაცის, როგორც მარჩენლის როლის შემსრულებლის შესაძლებლობის შემცირება იწვევს მისი ავტორიტეტისა და ოჯახის ლიდერის ფუნქციის დაკარგვას. ამავდროულად, წარმოების სფეროსა და საოჯახო საქმიანობაში ქალის როლის გაძლიერება ამ უკანასკნელს მეტ ძალაუფლებას ანიჭებს. ამასთანავე მეუღლეთა პარტნიორული ურთიერთობების ცვლილება მრავალ ქვეყანაში ხელს უწყობს ქორწინების გადავადებას. წყვილები, ჩვეულებრივ, ოჯახს ქმნიან კარიერისა და მატერიალური სიძლიერის შემდეგ. მეუღლეთა შემოსავლის სიდიდე  დაკავშირებულია ძალაუფლებასთან. ასევე  მნიშვნელოვანია ეკონომიკური ძალაუფლების სხვა წყარო – იმ რესურსების ღირებულება, რომლებიც ქმრებსა და ცოლებს ქორწინებაში მიაქვთ. ქორწინების დროს ფარდობითი აქტივების პოზიციები ქორწინებაში ეკონომიკური დამოუკიდებლობის მაჩვენებელია და, შესაბამისად, ძალაუფლების მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს.  სოციალურ მეცნიერებებში დაფუძნებული ოჯახის ყველაზე გავრცელებული ბეკერის მოდელი ვარაუდობს, რომ ოჯახის  ყველა წევრს აქვს იდენტური პრეფერენციები ან ოჯახის ერთი წევრის პრეფერენციები განსაზღვრავს რესურსების განაწილებას. ძალაუფლების დინამიკა არ არის სტატიკური, ისინი ჩამოყალიბებულია  მთელი რიგი ფაქტორებით, მათ შორის სქესით, ასაკით, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობით, კულტურული ნორმებით. ის შეიძლება შეიცვალოს ინდივიდუალური გარემოებების, ცხოვრებისეული ეტაპებისა და ოჯახის საჭიროებების მიხედვით.

ძირითადი ნაწილი

სოციოლოგები საოჯახო ძალაუფლების ოთხ სახეს გამოყოფენ: ავტონომიური ძალაუფლება, ქმრის ძალაუფლე­ბა, ცოლის ძალაუფლება, სინკრეტული ძალაუფლება.

ჩვენ მიერ ქ. თბილისში ჩატარებული  (2022 წელი) სოციოლოგიური კვლევისას რესპოდენტები იყვნენ ორმაგი კარიერის მქონე ოჯახების წარმომადგენლები, სადაც ორივე მეუღლე არის დასაქმებული და საკუთარი შემოსავლების მქონე. კვლევის შედეგების მიხედვით ოჯახების განაწილებამ ძალაუფლების შესაბამისად აჩვენა, რომ მათი უმრავლესობა სინკრეტული ძალაუფლებით სარგებლობს, ანუ ასეთი ტიპის ოჯახებში  მეუღლეთა შორის როლები თანაბრადაა განაწინებული. გადაწყვეტილებები მიიღება „კოლექტიური აზროვნების“ შედეგად, რაც არის თითოეული მეუღლის დამოუკიდებლობის აღიარება და არა კომპრომისი. ასეთი ოჯახები თითქმის 3,5-ჯერ აღემატება ოჯახებს ძალაუფლების დანარჩენი სახეებით.  ავტონომიური ძალაუფლების მქონე ოჯახებში ცოლ-ქმარს განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ ცხოვრების მიმართ, განსხვავებულია მათი ღირებულებითი ორიენტაციები, თუმცა გადაწყვეტილებები მიიღება ერთობლივად და მას კომპრომისული ხასიათი აქვს. თუ რამდენიმე ათეული წლის წინ საქართველოში ჭარბობდა ოჯახები ქმრის ძალაუფლებით, ჩვენ მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ასეთი ოჯახები ახლა ყველაზე მცირეა; ანუ ოჯახები, სადაც ქმრის პიროვნული თავისებურებები და მსოფლმხედველობა განმსაზღვრელია ოჯახის ყველა წევრისთვის, ხოლო ცოლი შემოფარგლულია მხოლოდ ტრადიციული „ქალური“ ვალდებულებებით, უფრო ნაკლებია, ვიდრე ოჯახები ცოლის ძალაუფლებით, სადაც ქმრის მნიშვნელობა მაღალია, რადგან ის მხოლოდ მამაკაცურ ვალდებულებებს არ ასრულებს, მას შეთავსებული აქვს „წმინდა ქალური“ ფუნქციებიც, თუმცა ცოლს დიდი ძალაუფლება აქვს და გადაწყვეტილებების მიღებისას მისი სიტყვა არის მთავარი. 

დიაგრამა 1. ოჯახების ტიპები ძალაუფლების მიხედვით (%).

  

წყარო: ავტორის უშუალი ჩართულობით 2022 წელს ჩატარებული სოციოლოგიური კვლევა. 

გასული საუკუნის მიწურულს ჩატარებული სოციოლოგიური გამოკვლევები[1] მოწმობდნენ, რომ მნიშვნელოვანი საოჯახო გადაწყვეტილებების (უძრავ-მოძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა, მნიშვნელოვანი თანხის სესხება-გასესხება და სხვ.) მიღებისას მამაკაცის პრიორიტეტი მკვეთრადაა გამოხატული. რესპონდენტთა 55% პასუხობს, რომ ოჯახში მნიშვნელოვან გადა­წყვე­ტილებებს მამაკაცი იღებს. იმ ოჯახების წილი, სადაც მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებს ქალი, არის მხოლოდ 15,4% [დურგლიშვილი ნ. 1997., 18-19]. სხვადასხვა დროს ჩატარებული სოციოლოგიური კვლევების განხილული შედეგები მეტყველებს, რომ ოჯახში ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება და ცვლილებების კვალდაკვალ ხდება ძალა­უფლების ბალანსის შეცვლა.

ოჯახის წევრები ძალაუფლებას მრავალი წყაროდან იღებენ, რომელთაგან ბევრი ასახავს იმ ვარიანტებს, რომლებიც ადამიანს ოჯახის გარეთ ექმნება. ძალაუფლების წყაროების  მიეკუთვნება ეკონომიკური, სოციალური  და ემოციური ძალაუფლება. ეკონომიკური ძალაუფლება ფინანსებზეა დაფუძნებული, სოციალური – სოციალურ სტატუსსა და  პატივისცემაზე, ხოლო ემოციური – სიყვარულზე. ძალაუფლების ამ წყაროებს შორის  გამორჩეულია ეკონომიკური რესურსების კონტროლი. მკვლევართა ნაწილი ამ ცნებას იყენებს ცოლ-ქმრის შემოსავლების, როგორც მათი ფარდობითი ძალაუფლების საზომების განმხილველად. ეკონომიკური ძალაუფლება გადამწყვეტი ფაქტორია იმის დასადგენად, თუ ვის უჭირავს გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება ოჯახში. ოჯახებში სადაც ერთი მეუღლე უფრო მეტს გამოიმუშავებს, ვიდრე მეორე, შეიძლება ძალაუფლება დისბალანსით გადანაწილდეს – უფრო მაღალშემოსავლიან მეუღლეს შედარებით მეტი გავლენა ჰქონდეს ძირითად ფინანსურ გადაწყვეტილებებზე. ამერიკელი სოციოლოგები რ. ბლანბერგი და მ.  კოლემანის აზრით, ცოლქმრული ძალაუფლების საფუძველი არის ეკონომიკური რესურსები. ეკონომიკურ ძალაუფლებას კი სამი ფაქტორი განსაზღვრავს: ქმრის აბსოლუტური შემოსავლები; ქმრისა და ცოლის შემოსავლების თანაფარდობა და შემოსავალთა დამოუკიდებელი აღრიცხვა [Егорова … //http//Lib.Sale/]. სხვადასხვა დროს ჩატარებულმა სოციოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ოჯახების გარკვეულ ნაწილში ძალაუფლების საკითხში გადამწყვეტი როლი ენიჭება იმ პირს, რომელიც ძირითადად უზრუნველყოფს ოჯახს ეკონომიკურად. საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის  მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით ეს მაჩვენებელი 6,5%-ს შეადგენდა, ხოლო  დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის მიერ 2002 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით – მხოლოდ 2,3%,  2015 წლის კვლევის მიხედვით კი – 2,8%. დროთა განმავლობაში ძალაუფლების დინამიკა იცვლება.

ოჯახმა, რომელშიც ერთი მეუღლე აკონტროლებს ფინანსებს, შეიძლება ცალმხრივად მიიღოს ფინანსური გადაწყვეტილებები,  ხოლო ოჯახი, რომელსაც აქვს საერთო ფინანსები, შეიძლება მოიცავდეს ღია დისკუსიებს ხარჯვისა და დანაზოგის შესახებ. საყოველთაოდ ცნობილია, რომ მეუღლეთა შორის უკმაყოფილების მიზეზი ყველაზე ხშირად ხდება ოჯახის შემოსავლების ერთპიროვნული განაწილების გამო. ჩვენი კვლევით მიღებულ შედეგებს თუ შევადარებთ საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის  მიერ ჩატარებულ კვლევის შედეგებს, დავინახავთ, რომ გასული საუკუნის მიწურულს „რესპოდენტთა 45,2%-ის ოჯახში გადაწყვეტილებას შემოსავლების განაწილების შესახებ იღებს მამაკაცი, ხოლო 32,6%-თან – ქალი“ [დურგლიშვილი ნ. 1997.,18-19].  თვალსაჩინოა ოჯახები, სადაც ძალაუფლება არათანაბარი ბალანსით ნაწილდება, ანუ ოჯახის ერთ წევრს აქვს არაპროპორციული გავლენა გადაწყვეტილებაზე, რაც პოტენციურად უარყოფს სხვების მონაწილეობას. 

დიაგრამა 2. შემოსავლის გამნაწილებელი პირი საქართველოს  ოჯახებში 

წყარო:  ავტორის უშუალი ჩართულობით 2022 წელს ჩატარებული სოციოლოგიური კვლევა. 

ოცდახუთი წლის შემდეგ მდგომარეობა მნიშვნელოვნადაა შეცვლილი – მკვეთრად   იზრდება ცოლ-ქმრის ერთობლივი გადაწყვეტილების წილი, მცირდება მამაკაცის როლი და იზრდება ქალის როლი. გამოკვლევების შედეგების შედარებითმა ანალიზმა აჩვენა, რომ თანამედროვე ოჯახები სულ უფრო მეტად მიიწევენ თანასწორი ძალაუფლების სტრუქტურებისკენ და უფრო მეტი აქცენტი კეთდება ერთობლივი გადაწყვეტილების მიღებაზე. 

სოციოლოგების ყურადღების მიღმა არ დარჩენილა ის ცვლილებები, რომლებიც თანდათან იკიდებდა ფეხს ოჯახში. ისეთი სოციოლოგები როგორებიც არიან იანგი და უილმოტი, აღნიშნავენ ოჯახების გადასვლას შედარებით სიმეტრიული ოჯახური სტრუქტურებისკენ, სადაც როლები და პასუხისმგებლობები უფრო თანაბრად ნაწილდება მეუღლეებს შორის. მკაცრი გენდერული როლების ნაცვლად თანამედროვე ოჯახებში ხშირად  მოლაპარაკებები იმართება იმაზე, თუ ვინ რომელ ამოცანას აიღებს ინდივიდუალური ძლიერი მხარეების, პრეფერენციების და სამუშაო-პირადი ცხოვრების ბალანსის გათვალისწინებით. ოჯახებში, სადაც ორი მშობელი მუშაობს, გადაწყვეტილებები შეიძლება გაიყოს, ერთი  მეუღლე ფინანსურ საკითხებში ლიდერობდეს, ხოლო მეორე – საოჯახო საქმეებში. მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციული ძალაუფლების სტრუქტურები შეიძლება ზოგიერთ ოჯახში შენარჩუნდეს, მრავალი მათგანი  მიისწრაფვის ძალაუფლების უფრო დაბალანსებული განაწილებისკენ, სადაც ორივე პარტნიორს აქვს ხმა გადაწყვეტილების მიღებასა და ოჯახის მართვაზე.

თანამედროვე ოჯახში დიდი მნიშვნელობა ენიჭება პასუხისმგებლობის, ვალდებულებებისა და შრომის  თანაბარ განაწილებას, რაც მეუღლეთა თანასწორობას უსვამს ხაზს. ასეთ შემთხვევაში ოჯახი მოქმედებს როგორც მცირე ჯგუფი –  საზოგადოების ყველაზე შეკრული და სტაბილური ერთეული. გაცვლის თეორია“ გვასწავლის, რომ ყველა ურთიერთობა დაფუძნებულია ღირებული „საქონლის“ ან „მომსახურების“ გაცემასა და დაბრუნებაზე. ოჯახური ურთიერთობებისას ინდივიდები ცდილობენ მაქსიმალურად გაზარდონ თავიანთი პასუხისმგებლობები სხვებთან მიმართებით, აწონ-დაწონონ ვის უფრო მეტი და ვის ნაკლები წვლილი შეაქვს ოჯახური ურთიერთობის ხელშეწყობის საქმეში. მაგრამ რა ემართება ოჯახის დინამიკას, როდესაც გაცვლით ურთიერთობაში ერთი მეუღლე არის წმინდა მოვალე, ხოლო მეორე წმინდა კრედიტორი? თავდაპირველად იქმნება წარმოდგენა, თითქოს შეიქმნა შაბლონი, რომელიც არეგულირებს დაქორწინებულ წყვილს შორის კონფლიქტების, დაძაბულობისა და უთანხმოების ბუნებას მათი ურთიერთობის განმავლობაში. შემდეგ ის მოქმედებს როგორც სტრუქტურა, რომელიც ზღუდავს მათ ურთიერთქმედებას. უთანასწორო გაცვლის უფრო მძიმე შემთხვევებში კი შედეგად შეიძლება  მივიღოთ  ძალადობა ოჯახში ან/და განქორწინება.

ჟურნალ „Couple and Family Psychology: Research and Ptactice”-მა გამოაქვეყნა 2013 წლის გამოკითხვის შედეგები. კვლევის მიზანი იყო იმ მთავარი ფაქტორების გამოვლენა, რომლებიც არსებით გავლენას ახდენენ განქორწინების გადაწყვეტილების მიღებაზე. კვლევაში მონაწილეთა შორის იყო 36 წყვილი, რომლებიც განქორწინდნენ კვლევიდან წინა 14 წლის განმავლობაში. ამ წყვილების ქორწინების საშუალო ხანგრძლივობამ 12,2 წელი შეადგინა. ხოლო მონაწილეთა საშუალო ასაკი 25,4 წლით განისაზღვრა. კვლევამ აჩვენა, რომ განქორწინების ძირითადი მიზეზი იყო ვალდებულებების ნაკლებობა (75%). რატომ შორდებიან ადამიანები შეერთებულ შტატებში? ამ კითხვაზე ყველაზე გავრცელებული პასუხიც კვლავ ვალდებულების ნაკლებობა (73%) იყო,  ასევე დასახელდა  თანასწორობის ნაკლებობა ურთიერთობაში (44%), რომელიც ბოლო ეროვნული კვლევის მიხედვით[2] დაფიქსირდა. საქართველოში განქორწინების მიზეზები შეისწავლა ქ. გოჩიაშვილმა სასამართლოში წარდგენილი საქმეების მიხედვით 2003 წელს[3]. დასახელებულ მიზეზებს შორის სიხშირის მიხედვით პირველ ადგილზე არის თანასწორობის ნაკლებობა ურთიერთობებში (85%). არაერთი კვლევა ადასტურებს, რომ დაქორწინებული წყვილებისთვის, რომლებსაც აქვთ მინიმუმ მსგავსი პასუხისმგებლობა სრულ განაკვეთზე მუშაობის შემთხვევაში, ქალები მაინც უფრო მეტ სამუშაოს ასრულებენ სახლში, ვიდრე მამაკაცები, მიუხედავად იმისა, რომ ისინიც ჩართული არიან საოჯახო საქმიანობაში. აშშ-ის შრომის სტატისტიკის ბიურომ აჩვენა, რომ საშუალოდ დღეში მამაკაცების 20% აკეთებს ისეთ საოჯახო საქმეს, როგორიცაა დასუფთავება, და რეცხვა, ქალების 49%-თან შედარებით [US Bureau of Labor Statistics]. საქართველოს მაგალითზე შეიძლება ვთქვათ, რომ ისეთი საქმიანობა, როგორიცაა სახლის დალაგება, საკვების მოტანა-მომზადება, შვილების აღზრდა, მათი წაყვან-მოყვანა ძირითადად მაინც ცოლის მოვალეობად რჩება, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ იმ საქმიანობაში, რომელიც შვილებს უკავშირდება, ოჯახების 30%-ში ორივე მეუღლეა ჩართული.

ყველაზე ხშირად მეუღლეთა შორის უკმაყოფილების მიზეზი ხდება ვალდებულებებისა და შრომის არათანაბარი განაწილება.  ფაქტია, რომ უფრო ხშირად განქორწინების ინიციატორები არიან უკმაყოფილო  ცოლები, რაც არაერთმა კვლევამ აჩვენა. განქორწინების თითქმის 70% ქალების მიერ არის ინიცირებული [https://www.wf-lawyers.com/divorce-statistics-and-facts/]. ამერიკული სოციოლოგიური ასოციაციის მიერ (ASA) 2015 წლის კვლევის მიხედვით, დადგინდა, რომ ყველა განქორწინების 2/3 ინიცირებულია ქალების მიერ.

სტენფორდის უნივერსიტეტის სოციოლოგიის ასოცირებული პროფესორის და ASA კვლევის ავტორის, მაიკლ რეზენფელდის თქმით: „ქორწინება, როგორც ინსტიტუტი, ცოტათი ნელა ასწრებდა გენდერული თანასწორობის მოლოდინებს. ცოლები კვლავ იღებენ ქმრების გვარებს და ზოგჯერ ზეწოლასაც ამის გასაკეთებლად. ქმრები ჯერ კიდევ ელიან, რომ მათი ცოლები საშინაო საქმეების დიდ ნაწილს შეასრულებენ და ბავშვებზეც იზრუნებენ“ [American Sociological Association (ASA) .2015].

ასე რომ, თუ ქალს აქვს დიდი მოლოდინი და პასუხისმგებლობა კარიერიდან, ასევე  დიდი მოლოდინი და პასუხისმგებლობა სახლში შესაძლოა ქორწინება მის ინტერესებში აღარ შედიოდეს. სწორედ ეს არის მიზეზი, რომ ქალები უფრო ხშირ შემთხვევაში არიან განქორწინების ინიციატორები.

დასკვნა

ოჯახის ძალაუფლების დინამიკა გულისხმობს, თუ როგორ ნაწილდება ძალაუფლება და გავლენა ოჯახის წევრებს შორის, რაც განაპირობებს გადაწყვეტილების მიღებას და აყალიბებს ურთიერთობებს. თანამედროვე ყოფაში ეს დინამიკა მნიშვნელოვნად განსხვავდება ტრადიციული, პატრიარქალური სტრუქტურებისგან, სადაც ძალაუფლება ერთ ინდივიდშია კონცენტრირებული. დღეს ოჯახები მეუღლეთა საერთო ძალაუფლების დამკვიდრებასა და მოწყობაზე არიან ორიენტირებული. როგორც სოციოლოგიური კვლევები ადასტურებს, ოჯახების უმეტესობაში მეუღლეებს შორის თანაბარი ძალაუფლებაა. ასევე ერთობლივი შეთანხმებით ხდება შემოსავლების განაწილება, თუმცა დარღვეულია შრომის თანაბრად გადანაწილების პრინციპი. მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცებიც არიან გარკვეულწილად ჩართული საოჯახო შრომაში, ქალზე მაინც უფრო მეტი ვალდებულება მოდის, რაც ხშირ შემთხვევაში უკმაყოფილების მიზეზი ხდება.  უნდა აღინიშნოს, რომ ტენდენცია გამოკვეთილია სიმეტრიული ძალაუფლების დინამიკისაკენ, თუმცა კულტურული ნორმები, ინდივიდუალური პიროვნებები და კონკრეტული ოჯახური გარემოებები – ყველაფერი ეს  ძირითად  როლს  თამაშობს  ოჯახში ძალაუფლების დინამიკის ჩამოყალიბების პროცესში. 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. გოჩიაშვილი ქ. (2003). განქორწინების სოციალურ-დემოგრაფიული ასპექტები. სადისერტაციო ნაშრომი.
  2. დურგლიშვილი ნ. (1997). ცვლილებები სოციალურ გარემოში და ქართული ოჯახი.
  3. მენაბდიშვილი ლ. (2025). ოჯახი, საზოგადოება,  სახელწიფო.
  4. American Sociological Association (ASA). (2015). National Standards for High School Sociology.
  5. US Bureau of Labor Statistics
  6. https://www.wf-lawyers.com/divorce-statistics-and-facts/


[1] კვლევა ჩატარდა გასული საუკუნის მიწურულს გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოს მიერ. საექსპერტო გამოკითხვა ჩაატარა ზ. ფირალიშვილმა, ხოლო სოციოლოგიური გამოკითხვა 300 რესპონდენტთან ჩატარდა ლ. გაფრინდაშვილის ხელმძღვანელობით.

[2] განქორწინების სტატისტიკა: 115-ზე მეტი კვლევა, ფაქტი და მაჩვენებლები 2024 წლისთვის. https://www.wf-lawyers.com/divorce-statistics-and-facts/

[3] სასამართლოში წარდგენილი 779 წყვილის საქმე იქნა შესწავლილი. სამწუხაროდ, დღეს განქორწინების მასალების შესწავლა შეუძლებელია კონფედენციალურობის გამო.