English / ქართული / русский /
ნანა მენაბდიშვილი
თანამედროვე საქართველოს ზოგიერთი დემოგრაფიული მონაცემი

ანოტაცია. საქართველოში დღეისათვის არსებული დემოგრაფიული მონაცემები ეგზისტენციურ საფრთხეს უქმნის ქართული სახელმწიფოს არსებობას. აშკარაა მოსახლეობის აბსოლუტური რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირება. გასული საუკუნის მიწურულიდან დღემდე ქვეყნის მოსახლეობა 1 225 400 კაცითაა შემცირებული. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა რეგიონებში. იქ მცხოვრები ახალგაზრდები ჩართულები არიან როგორც გარე, ისე შიდა მიგრაციაში და სოფლებში ძირითადად ხანდაზმულები რჩებიან. მათი გარდაცვალების შემდეგ კი სოფლები ცარიელდება. ქვეყანაში მოსახლეობის დაბერების პროცესი დაჩქარებულია. XXI საუკუნის დასაწყისიდან დღემდე გაიზარდა მოსახლეობის მედიანური ასაკი. ქალების მედიანური ასაკი 4,4 წლით არის გაზრდილი, ხოლო მამაკაცების 4,3 წლით. მედიანური ასაკის ზრდის ძირითადი მიზეზი შობადობის კლებაა. სოციოლოგიური კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა (1891ოჯახი) 44.2 პროცენტს ოჯახში არ ჰყავს 16 წლამდე ასაკის არც ერთი ბავშვი. ასეთი ოჯახები ყველაზე მეტია შესწავლილ ერთობლიობაში და ის ორჯერ აღემატება იმ ოჯახებს, სადაც 16 წლამდე ასაკის მხოლოდ ორი ბავშვია. შვილთა ფაქტობრივი რაოდენობა რესპონდენტთა ოჯახებში 1,9 ბავშვია. შობადობის ჯამობრივი კოეფიციენტი 2014 წლიდან მუდმივად მცირდება და 2024 წელს 1,7 შეადგინა. ეს მაჩვენებელი არ არის საკმარისი მოსახლეობის მარტივი აღწარმოებისათვისაც კი. ქვეყნის მთელ მოსახლეობაში გაიზარდა 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეთა წილი – 9.2%-დან 15.6%-მდე, ხოლო მოხუცების თანაფარდობამ ბავშვების რაოდენობასთან შედარებით მოიმატა 37.4%-დან 71.1%-მდე. საქართველოში 2020 წლიდან მოყოლებული დღემდე მიმდინარეობს ბუნებრივი კლება. ქვეყანაში ბუნებრივი მატების კოეფიციენტი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში 0,7%-სა და -3,8%-ს შორის მერყეობს. ქვეყნის მოსახლეობის კლებისა და დაბერების მთავარ განმსაზღვრელ ფაქტორებს წარმოადგენს შობადობა და მიგრაცია. გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული (გამონაკლისია 2020, 2022 და 2024 წწ.) ქვეყანაში ფიქსირდებოდა მიგრაციის უარყოფითი სალდო. 2023 წელს საქართველოს მოქალაქეთა უარყოფითმა მიგრაციულმა სალდომ 31.4 ათასით, ანუ თითქმის 1.8-ჯერ გადააჭარბა ქვეყანაში დაბადებულ ბავშვთა რიცხოვნობას. ემიგრაციულ პროცესებში ჩართულია სრულიად საქართველოს მოსახლეობა. გამოკვლევის მიხედვით გამოკითხული ერთობლიობის თითქმის 25%-ის ოჯახის წევრი ემოგრაციაშია. ემიგრაციაში წასული პირების უმეტესობა კი (68,8) ფერტილურ ასაკშია. რაც იმის მაუწყებელია, რომ ქვეყანა კარგავს რეპროდუქციულ პოტენციალს.

საკვანძო სიტყვები: მოსახლეობა, შობადობა, მოსახლეობის დაბერება, ბუნებრივი მატება, მიგრაცია.

შესავალი. თითოეული ჩვენგანის ყოველდღიური საქმიანობის დიდ ნაწილს –დაწყებული იმით, თუ სად ვცხოვრობთ, მაღაზიაში რას ვყიდულობთ და დამთავრებული იმით, თუ როგორ ვაძლევთ ხმას არჩევნებში –  დემოგრაფიული მონაცემები განაპირობებს, თუმცა ადამიანების უმეტესობამ არ იცის, რამდენად დიდ გავლენას ახდენს დემოგრაფია მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე.

დემოგრაფია არის თვისებები და სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორები, რომლებიც ქმნიან კონკრეტულ მოსახლეობას. ის მოიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას რეგიონის, ქვეყნის ან სულაც მსოფლიოს მოსახლეობის ასაკის, სქესის, ეთნიკური კუთვნილების, ქორწინების,  ოჯახური მდგომარეობის,  შობადობის, მოკვდაობისა და სხვა მაჩვენებლების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ დემოგრაფიული მონაცემები შეიძლება ფაქტებისა და ციფრების ერთობლიობად მოგვეჩვენოს, სინამდვილეში ისინი ბევრად უფრო ღრმაა. დემოგრაფიული მონაცემები არის სოციალურ-ეკონომიკური ინფორმაცია, რომელიც გვიჩვენებს კონკრეტული გეოგრაფიული ჯგუფის მახასიათებლებს კონკრეტულ დროს.  ის წარმოადგენს არა მხოლოდ დროის მოკლე მიმოხილვას, არამედ მას  შეუძლია აჩვენოს, თუ როგორ იცვლება ჯგუფები დროთა განმავლობაში.

დემოგრაფიული მონაცემები წარსული ქმედებების ან ქცევის საფუძველზე კონკრეტული ტერიტორიის ან ჯგუფისთვის „ნორმალური“ ან „მოსალოდნელი“ მდგომარეობის წარმოდგენის საშუალებას იძლევა, ასევე აჩვენებს, თუ როგორ იცვლება ან ვითარდება ეს მოსახლეობა. ტერიტორიას, რომლის შემადგენლობაც იცვლება ასაკის, სქესის, ეთნიკური შემადგენლობის, ოჯახის სტრუქტურით, შვილთა რაოდენობით ოჯახში და სხვა მრავალი მახასიათებლით, განსხვავებული მოთხოვნილებები და სურვილები ექნება. დემოგრაფია გვაწვდის ინფორმაციას მოსახლეობის ზომის, სტრუქტურისა და განაწილების შესახებ, რაც გავლენას ახდენს ეკონომიკურ ზრდაზე, რესურსების განაწილებაზე, სოციალურ მომსახურებასა თუ პოლიტიკურ სტრატეგიებზე. დემოგრაფიული მონაცემების ანალიზი საშუალებას იძლევა ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების, რესურსების ეფექტური განაწილებისა და ეფექტური პოლიტიკის ფორმულირებისათვის. არ არსებობს დარგი: ეკონომიკა, სოციალური მომსახურება, რესურსების განაწილება, პოლიტიკა, საარჩევნო პროცესები, გეოპოლიტიკა, საზოგადოებრივი საჭიროებების გაგება, სადაც დემოგრაფიული მონაცემები არ გამოიყენებოდეს

დღეს საქართველოს წინაშე მდგარი უამრავი სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემებიდან ერთ-ერთი უმწვავესი და ეგზისტენციალური საფრთხის შემცველია დემოგრაფიული კლება. ჩვენი ნაშრომის მიზანია ფართო საზოგადოებას გავაცნოთ ის საფრთხეები, რის წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა.

საქართველოს მოსახლეობა XXI საუკუნეში.  ჩვენი ქვეყნის  დემოგრაფიული სურათის მნიშვნელოვანი გაუარესება  XX საუკუნის 90-იან–XXI საუკუნის 20-იან  წლებს უკავშირდება. თუ 1989 წლის აღწერის მიხედვით საქართველოს მოსახლეობა ხუთ მილიონს აჭარბებდა, დღეს (2025 წლის 1 იანვრის მონაცემით) მხოლოდ 3 705,5 მილიონია. სამ ათეულზე მეტი ხნის განმავლობაში ქვეყნის მოსახლეობა თითქმის 1,5-ჯერ შემცირდა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა რეგიონებში. რეგიონებს თუ განვიხილავთ მოცემულ პერიოდში მოსახლეობის კლების მიხედვით,  დავინახავთ, რომ  სამეგრელო-ზემო სვანეთის მოსახლეობა  თითქმის სამჯერაა შემცირებული,  რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის –  2,3-ჯერ,  იმერეთის – 1,8-ჯერ,  სამცხე-       ჯა­ვახეთის – 1,7-ჯერ, გურიის – 1,6-ჯერ, კახეთისა და მცხეთა მთიანეთის – 1,5-ჯერ, ქვემო ქართლის – 1,4-ჯერ,  შიდა ქართლის – 1,3-ჯერ და აჭრის არ-ის – 1,1-ჯერ. მოყვანილი მონაცემები ცხადყოფს,  რომ მოსახლეობის კლება ყველა რეგიონს მეტ-ნაკლებად შეეხო. 2014 წელს ჩატარებული საყოველთაო აღწერის მიხედვით გაუკაცრიელებულია 223 სოფელი.  2024 წლის ახალი საყოველთაო აღწერა კიდევ რა სიურპრიზს გვიმზადებს, ამას სულ მალე გავიგებთ. რაც შეეხება თბილისის მოსახლეობის რიხცოვნობას, თუ 1989 წლის მონაცემების მიხედვით თბილისის მოსახლეობა 1 263 489-ს შეადგენდა, მიმდინარე წლის პირველი იანვრის მონაცემებით 1 282 600-ს გაუტოლდა. ფაქტობრივი მდგომარეობა ასეთია,  რაიონში მცხოვრები ახალგაზრდები ჩართულები არიან როგორც გარე, ისე შიდა მიგრაციაში და სოფლებში ძირითადად ხანდაზმულები რჩებიან. მათი გარდაცვალების შემდეგ კი სოფლები ცარიელდება.

მოსახლეობის სიმჭიდროვე გასული საუკუნის მიწურულს (მაგ, 1994 წელს) ერთ კვადრატულ კილომეტრზე 82-ის ტოლი იყო, მიმდინარე წელს უკვე 64,8 შეადგინა. იზრდება მოსახლეობის მედიანური ასაკი. მედიანური ასაკი  ეს არსებითად მოსახლეობის ასაკობრივი განაწილების შუა წერტილია, ანუ ეს არის მოსახლეობის შუაში არსებული ასაკი, რომლის ქვემოთ და ზემოთ განაწილებულია მოსახლეობის 50-50 პროცენტი. თუ გასული საუკუნის მიწურულს (მაგალითისთვის ისევ 1994 წლის მონაცემებს მოვიყვანთ) მედიანური ასაკი ქალებში 33,7 წელს, ხოლო მამაკაცებში 29,4 წელს შეადგენდა მიმდინარე წლის მონაცემების მიხედვით ქალებში 41 წელი, ხოლო მამაკაცებში 36,1 წელი გახდა. ეს მიუთითებს იმაზე, რომ აშკარაა მოსახლეობის დაბერება. მიუხედავად იმისა, რომ მედიანური ასაკის ზრდამ შეიძლება გამოიწვიოს უფრო გამოცდილი სამუშაო ძალის ყოლა და პოტენციურად დანაშაულის დონის შემცირება, მას ასევე შეუძლია დატვირთოს სოციალური უზრუნველყოფის სისტემები, ჯანდაცვის რესურსები და პოტენციურად შეანელოს ეკონომიკური ზრდა სამუშაო ძალის შემცირებისა და დაბალი პროდუქტიულობის გამო.

ქალების მედიანური ასაკი ყოველთვის მაღლია მამაკაცების მედიანურ ასაკზე, რადგან ის დამოკიდებულია სიცოცხლის ხანგრძლივობაზე. ახალი საუკუნიდან დღემდე ქალების მედიანური ასაკი 4,4 წლით არის გაზრდილი, ხოლო მამაკაცების 4,3 წლით. მედიანური ასაკის ზრდის ძირითადი მიზეზი შობადობის კლებაა.

შობადობა საქართველოში. 2019 წლამდე საქართველოში ხდებოდა მოსახლეობის მარტივი აღწარმოება, ანუ შვილების თაობა ანაცვლებდა მშობლების თაობას. 2019 წლიდან კი ქვეყანაში მოსახლეობის მარტივი აღწარმოებაც აღარ ხდება. დემოგრაფთა გაანგარიშებით მოსახლეობის მხოლოდ მარტივი აღწარმოებისათვის საჭიროა ერთ ეფექტურ ქორწინებაზე, რომელიც გრძელდება მთელ რეპროდუქციულ პერიოდში  და მთელი ამ ხნის განმავლობაში ნაყოფიერების უნარის მქონეა, საშუალოდ  მოდიოდეს 2,6 ბავშვი, ხოლო გათხოვილმა ქალმა გააჩინოს  საშუალოდ 2,15 ბავშვი [ბორისოვი ვ. 2001.,  257].  ეს არის საიმედო მაჩვენებელი ბავშვთა იმ რიცხვისათვის, რომელიც აუცილებელია დეპოპულაციის თავიდან ასაცილებლად. განვიხილოთ შობადობის ჯამობრივი კოეფიციენტი, რადგან ის ყველაზე ზუსტად ასახავს შობადობის დონეს. შობადობის ჯამობრივი კოეფიციენტი წარმოადგენს ერთი ქალის მიერ მთელი ცხოვრების განმავლობაში (პირობითად 15-49 წლის ასაკში) დაბადებული ბავშვების საშუალო რაოდენობას. საქართველოში  შობადობის ჯამობრივი კოეფიციენტი ყველაზე მაღალი 2014 წელს იყო, როცა მან შეადგინა 2,3.  მას შემდეგ ეს მაჩვენებელი მუდმივ კლებას განიცდის და  გასულ წელს 1,7-მდე დაეცა.  შობადობის ასეთი დაბალი ჯამობრივი კოეფიციენტი არ ყოფილა 2007 წლიდან მოყოლებული, თუმცა  გასული საუკუნის ბოლოსა და ახალი საუკუნის დასაწყისში შობადობის ჯამობრივი კოეფიციენტი 1,5-საც კი შეადგენდა. ცხადია, რომ ეს მაჩვენებელი არ არის საკმარისი დეპოპულაციის თავიდან ასაცილებლად.

ქვეყანაში შობადობის სურათის ნათელსაყოფად მოვიყვანთ დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის მიერ 2023 წელს ჩატარებული სოციოლოგიური  კვლევის შედეგებს.[1] ოჯახში ფაქტობრივი შვილების რაოდებობა განვიხილოთ ფერტილური ასაკის მქონე დაოჯახებულ რესპოდენტებში. სურათი ასეთია: რესპოდენტთა 44.2 პროცენტის ოჯახში არ არის 16 წლამდე ასაკის არც ერთი ბავშვი  და ასეთი ოჯახები ყველაზე მეტია შესწავლილ ერთობლიობაში. ის ოჯახები, სადაც 16 წლამდე  ბავშვი არც ერთი არაა, ორჯერ აღემატება ოჯახებს, სადაც ამავე ასაკის მხოლოდ ორი ბავშვია.  გამოკითხულ ერთობლიობაში (1891 ოჯახი) 16 წლამდე ასაკის საშუალოდ მხოლოდ 1,3 ბავშვია. რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება მოსახლეობის მხოლოდ მარტივი აღწარმოებისათვის ერთ ეფექტურ ქორწინებაზე საჭიროა საშუალოდ 2,6 ბავშვი. დაოჯახებული რესპონდენტების 6.5%-ს შვილი არ ჰყავს, ხოლო 2.7%-ს ოთხი და მეტი შვილი ჰყავს, თუმცა  ოჯახების ნახევარზე მეტი ორშვილიანი ოჯახებია.

რესპონდენტთა  რეპროდუქციული ქცევის შესწავლამ აჩვენა, რომ ზოგადად ოჯახში შვილთა ოპტიმალურ  რაოდენობად მიიჩნევენ 2,9 შვილს. ამასთან, მამაკაცებსა და ქალებს შორის ოჯახში შვილთა ოპტიმალურ რაოდენობაზე სრული თანხმობაა (ორივე სქესისათვის მისაღებია 2,9 შვილი). უნდა აღინიშნოს, რომ ოჯახში შვილთა ოპტიმალური რაოდენობა არ ნიშნავს საკუთარ ოჯახში შვილთა სასურველ რაოდენობას. როგორც სხვადასხვა გამოკვლევები აჩვენებს, ეს რიცხვი ყოველთვის მეტია საკუთარ ოჯახში შვილთა სასურველ რაოდენობაზე. რაც კიდევ ერთხელ დაასაბუთა ჩვენმა კვლევამ. რესპონდენტებისათვის საკუთარ ოჯახში  შვილთა სასურველი რაოდენობა 2,5-ია. ეს მაჩვენებელი 0,4-ით ჩამორჩება ზოგადად ოჯახში შვილთა ოპტიმალურ რაოდენობას. ამასთან საკუთარ ოჯახში შვილთა სასურველ რაოდენობას შორის მცირე განსხვავებაა მამაკაცებსა (2,6)  და ქალებს შორის (2,5). უნდა აღინიშნოს, რომ თუ რესპონდენტთა ოჯახებში მოხდება შვილთა სასურველი რაოდენობის რეალიზება, მაშინ ეს უზრუნველყოფს ჩანაცვლების პროცესს. მაგრამ ფაქტობრივად დაოჯახებულ რესპონდენტთა ოჯახებში იმაზე ნაკლები შვილია, ვიდრე მათთვისაა სასურველი. მათ ოჯახებში  შვილთა ფაქტობრივი რაოდენობა (1,9) იმაზე ნაკლებია, ვიდრე ჩანაცვლებისთვისაა საჭირო. ამასთან დაოჯახებული მამაკაცების ოჯახებში 1,8 შვილია, ხოლო ქალებში 1,9.  თუმცა იმ შემთხვევაში, თუ მოცემული ოჯახები მოახდენენ შვილთა მოსალოდნელი რაოდენობის სრულ რეალიზებას, მაშინ  მათ ოჯახებში იქნება 2,5 შვილი, რაც სრულიად შეესაბამება მათსავე მოსაზრებას შვილთა სასურველი რაოდენობის შესახებ. აუცილებლად გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ რესპონდენტების მესამედზე მეტი (33.5%) თვლის, რომ იმდენი შვილი ჰყავთ, რამდენის ყოლაც  სურდათ.  ამიტომ დიდი ალბათობით ისინი მეტ შვილს აღარ იყოლიებენ. დანარჩენები კი თვლიან, რომ შესაძლოა სასურველზე ნაკლები შვილი იყოლიონ, რის მიზეზადაც უმეტეს შემთხვევაში დასახელდა ოჯახის ფინანსური მდგომარეობა (32,5%).

რამდენიმე სიტყვით შევეხოთ შობადობის ასაკობრივ კოეფიციენტს, რომელიც არის გარკვეული ასაკის ქალების მიერ გაჩენილი ბავშვების საშუალო რიცხოვნობა და უჩვენებს ცოცხლად დაბადებულთა რაოდენობას შესაბამისი ასაკის 1000 ქალზე.  გასული საუკუნის მიწურულს შობადობის ასაკობრივი კოეფიციენტი ყველაზე მაღალი იყო 20-24 წლის ქალებში, 1994 წლის ჩათვლით მათ მერე მოდიოდა 20 წლამდე ასაკის ქალები, ხოლო 1995 წლიდან მდგომარეობა შეიცვალა. 20 წლამდე ასაკის ქალები ჩაანაცვლა  25-29 წლის ქალებმა.  2017 წლიდან მდგომარეობა კიდევ შეიცვალა –  მართალია, შობადობის ასაკობრივი კოეფიციენტი ყველაზე მაღალია კვლავ   25-29 წლის ასაკის ქალებში, მაგრამ ახლა უკვე მათ მერე მოდის 30-34 წლის ქალების ასაკობრივი ჯგუფი. ეს ტენდენცია გრძელდება დღესაც. ანუ საქართველოში თვალსაჩინოა გადავადებული მშობლობა, რაც იმას ნიშნავს, რომ რაც უფრო მაღალია ქალის ასაკი პირველი შვილის გაჩენისას, მით მეტია ალბათობა იმისა, რომ ის ვერ უზრუნველყოფს ჩანაცვლების პროცესს.

ბუნებრივი მატება. ამჟამად საქართველოში შობადობის დაბალი და მოკვდავობის შედარებით მაღალი დონის პირობებში თვალსაჩინოა კვაზი-წონასწორობის ახალი ერა, რომლისთვისაც, ძირითადად, დამახასიათებელია მოსახლეობის რეგრესული, დაბერებული სტრუქტურა, მოკვდაობის გადამეტება შობადობაზე და  დეპოპულაცია. ქვეყანის მთელ მოსახლეობაში გაიზარდა 65 წელს გადაცილებული მოსახლეობის წილი  9.2%-დან 15.6%-მდე, ხოლო მოხუცების თანაფარდობამ ბავშვების რაოდენობასთან მოიმატა 37.4%-დან 71.1%-მდე.

საქართველოში 2020 წლიდან მოყოლებული დღემდე ხდება არა ბუნებრივი მატება, არამედ ბუნებრივი კლება. ქვეყანაში ბუნებრივი მატების კოეფიციენტი ამ ხუთი წლის განმავლობაში 0,7%-სა და -3,8%-ს შორის მერყეობს. ბუნებრივი მატების განხილვამ რეგიონალურ ჭრილში დაგვანახა, რომ თბილისის, აჭარისა და ქვემო ქართლის გარდა ბუნებრივი კლება ყველა რეგიონისთვისაა მეტ-ნაკლებად დამახასიათებელი. დასახელებული სამი რეგიონიდან გამოვყოთ ორი – აჭარის არ და ქვემო ქართლი. აჭარაში არსებული ექვსი მუნიციპალიტეტიდან ბუნებრივი კლება არის მხოლოდ შუახევის მუნიციპალიტეტში, დანარჩენებში კი ბუნებრივი მატება გვაქვს. რაც შეეხება ქვემო ქართლს, მასში შემავალი შვიდი მუნიციპალიტეტიდან ბუნებრივი კლებაა რუსთავის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტებში, დანარჩენებში კი ბუნებრივი მატებაა. ყველა სხვა რეგიონების ბუნებრივი კლების მონაცემების განხილვამ გასული 2024 წლისთვის აჩვენა, რომ  ბუნებრივი კლება ყველაზე მაღალია იმერეთში (-2718). ბუნებრივი კლების მონაცემებს თუ კლების მიხედვით დავალაგებთ, ასეთ სურათს მივიღებთ: სამეგრელო-ზემო სვანეთი (-1951), კახეთი (-1008), შიდა ქართლი (-745), გურია (-707), მცხეთა-მთიანეთი (-557), რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი (-296), სამცხე ჯავახეთი (-156). მოყვანილი მონაცემები მეტყველებენ, რომ ქვეყანაში საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა.

მიგრაცია. ქვეყნის მოსახლეობის კლებისა და დაბერების მთავარ განმსაზღვრელ ფაქტორებს წარმოადგენს შობადობა და მიგრაცია. დემოგრაფიული კოლაფსი მხოლოდ რეპროდუქციული ქცევით ნაკლებად შესაძლებელი იყო, მასზე არადემოგრაფიულ (პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და სხვ.) ფაქტორებსაც რომ არ მოეხდინათ  მნიშვნელოვანი გავლენა. გასული საუკუნის ბოლოდან ემიგრაციის გავლენით მცირდებოდა და მცირდება საქართველოს რეპროდუქციული პოტენციალი.

გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული (გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ სამი წელი – 2020, 2022 და 2024 წლები) ქვეყანაში ფიქსირდებოდა მიგრაციის უარყოფითი სალდოები. ბოლო ხუთი წლის მონაცემებიდან გამოვყოფთ 2021 წელს, როცა მიგრაციის უარყოფითმა სალდომ შეადგინა  -26,0 და 2023 წელს -39,2.  2023 წელს საქართველოს მოქალაქეთა უარყოფითმა მიგრაციულმა სალდომ 31.4 ათასით, ანუ თითქმის 1.8-ჯერ გადააჭარბა ჩვენს ქვეყანაში დაბადებულ ბავშვთა რიცხოვნობას, ეს მაჩვენებელი თითქმის შვიდჯერ აღემატება წინა წლის იმავე მაჩვენებელს. საკმაოდ მაღალი ალბათობით არსებობს უკუპროპორციული დამოკიდებულება ქვეყნის რეგიონების მიხედვით ემიგრაციის მასშტაბებსა და შობადობის დონეებს შორის. ამის კარგ მაგალითს წარმოადგენს რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, სადაც ყოველ მეორე რესპონდენტს ოჯახის ერთი ან რამდენიმე წევრი ჰყავს ემიგრაციაში, შობადობის დონე კი მოკვდაობის მაჩვენებელს 2.6-ჯერ ჩამორჩება (2023 წ.: დაბადება – 226, გარდაცვალება – 580) [სულაბერიძე ა., სულაბერიძე ვ., არჩვაძე ი. 2024].

ჩვენ მიერ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკვლევის შედეგების მიხედვით ემიგრანტი წევრი ჰყავს გამოკითხული ოჯახების თითქმის მეოთხედს. საზღვარგარეთ ემიგრანტების გადინება ხდება საქართველოს ყველა კუთხიდან. გამოკვლევამ აჩვენა, რომ ემიგრანტთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელით გამოირჩევა თბილისი (37.3%), ქვემო ქართლი (16,7%) და იმერეთი (14,4%).  ემიგრაციაში ჩართულია სრულიად საქართველოს მოსახლეობა ყველა ასაკობრივი ჯგუფიდან. ემიგრაციაში წასული პირების უმეტესობა კი (68,8) ფერტილურ ასაკშია. რაც იმის მაუწყებელია, რომ ქვეყნიდან გაედინება სწორედ ის თაობა, რომელსაც შეუძლია შვილთა შობა. ამით  ქვეყანა  კარგავს  რეპროდუქციულ  პოტენციალს.

დასკვნა. ნაშრომში ჩვენ მიერ მოყვანილი დემოგრაფიული მონაცემები ნათელს ხდის ქვეყანაში არსებულ მძიმე დემოგრაფიულ ვითარებას. ამასთან, გაცილებით რელიეფურად ვლინდება ისეთი ნეგატიური პროცესები, როგორიცაა: მოსახლეობის აბსოლუტური რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირება და დაბერების პროცესის დაჩქარება, შობადობის მაჩვენებლების მკვეთრი ვარდნა მოკვდაობის პარამეტრების მნიშვნელოვანი მატების ფონზე, დეპოპულაციის კონტურები.  დღეისათვის არსებული დემოგრაფიული მონაცემები წარმოადგენს ეგზისტენციურ საფრთხეს ქართული სახელმწიფოს არსებობისთვის. ვფიქრობთ, სტატიაში განხილული საკითხები სახელმწიფოს დონეზე უნდა იყოს დასმული და გადაჭრილი. მინდა ბატონი პაატა გუგუშვილის აზრი გაგიზიაროთ: „საქმე ისაა, რომ  მიმდინარე დემოგრაფიული პროცესები იმდენად მნიშვნელოვანია და მისი შედეგები ქართველი ხალხის ეროვნული ორგანიზმისა და ტერიტორიული ორგანიზაციისა ისეთ სიღრმისეულ მოვლენებს შეეხებიან, რომელთა სტიქიურ მდინარებას ადვილად შეუძლია უკუმიუქცეველი შედეგები გამოიწვიოს“ [გუგუშვილი პ.   1985. 151.]. დღეს სწორედ ასეთი შედეგების წინაშე ვდგავართ. 

გამოყენებული ლიტერატურა

  1.  ბორისოვი ვ. ( 2001.)  დემოგრაფია.
  2. გუგუშვილი პ (1985). მოსახლეობა, ოჯახი, შვილიანობა.
  3. ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური და დემოგრაფიული ვითარება საქართველოში  (2025).
  4. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის შედეგები. ტომი I.  https://www.geostat.ge/media/44559/I-tomi.pdf
  5. საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის ეროვნული საყოველთაო აღწერის შედეგები. ტომი I. https://www.geostat.ge/media/20679/2014-wlis-aRweris-ZiriTadi-Sedegebi.pdf
  6. სულაბერიძე ა., სულაბერიძე ვ.,  არჩვაძე ი. (2024), დემოგრაფიული კოლაფსი საქართველოში.
  7. https://www.geostat.ge/ka/modules/categories/316/mosakhleoba-da-demografia


[1] 2023 წელს დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომლებმა გამოკვლევა ჩავატარეთ ოჯახთან დაკავშირებული სოციალური და დემოგრაფიული საკითხების შესწავლის მიზნით. კვლევა  რაოდენობრივი იყო და ჩატარდა სპეციალურად შედგენილი კითხვარით საქართველოს რეგიონებში. გამოკითხულთა წილი რესპონდენტთა საერთო რაოდენობაში მაქსიმალურად იყო მიახლოებული შესაბამისი რეგიონის მოსახლეობის წილთან საქართველოს მთელ მოსახლეობაში. გამოიკითხა 16-49 წლის მოსახლეობა შემთხვევითი შერჩევის გზით, წინასწარ შედგენილი კითხვარით. გამოკითხული იყო სულ 1891 რესპონდენტი, მათ შორის 605 (32.0%)  მამაკაცი და 1286 (68%)  ქალი.