![]() ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის საერთაშორისო სამეცნიერო
კ ო ნ ფ ე რ ე ნ ც ი ე ბ ი
"ეკონომიკა – XXI საუკუნე"
![]() |
|||||||||||||||||||
|
∘ ვლადიმერ სულაბერიძე ∘ საქართველოს დემოგრაფიული უსაფრთხოების სტრატეგია ანოტაცია. წარმოდგენილი ნაშრომი ეხება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხს – ჩვენი ქვეყნის დემოგრაფიული უსაფრთხოების სტრატეგიას. დღეს ეს საკითხი საკმაოდ აქტუალურია და მიზნად ისახავს ქვეყნის მოსახლეობის დეპოპულაციის შეჩერებას. ასევე მიგრაციის რაციონალიზაციით მოსახლეობის რიცხოვნობის ზრდის სტაბილიზაციას. მიზნიდან გამომდინარე, ძირითადი გადასაწყვეტი ამო¬ცა¬ნებია: ოჯახში ბავშვთა ყოლის მოთხოვნილების ზრდით, ქვეყანაში შობადობის სტაბი¬ლი-ზაცია მოსახლეობის გაფართოებული აღწარმობის დონემდე; მოსახლეობის ჯანმრთე-ლობის გაუმჯობესების ამაღლებით, მოსახლეობის მოკვდაობის შემცირება; დემოგრაფიული დაბერების ტემპის შენელება და დაბადებისას მოსახლეობის სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობის ზრდა; მიგრაციის რაციონალიზაცია და განსახლების ოპტიმიზაცია; ქორწინების სტიმულირება, მტკიცე ოჯახის ფორმირება და სხვ. ნაშრომში ფართოდაა წარმოდგენილი დემოგრაფიული პროცესების არასასურველი ტენდენციებით განვითარებისას დემოგრაფიულ საფრთხეთა მოსალოდნელი შედეგები. ასევე ყურადღებაა გამახვილებული სოციალურ-დემოგრაფიულ საფრთხეებზე მოქმედ ძირითად დემოგრაფიულ ფაქტორებზე. საკვანძო სიტყვები: მოსახლეობა, დეპოპულაცია, დემოგრაფიული უსაფრთხოების სტრატეგია. შესავალი. დღეს საქართველო დგას უმძიმესი დემოგრაფიული პრობლემების წინაშე, ეს კი უკვე მოკლევადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვანწილად საფრთხეს უქმნის ქვეყანას, მისი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას. არსებულ მოცემულობაში მნიშვნელოვანია აქტიური და ქმედითი ზომების შემუშავება და გატარება შექმნილი მძიმე მდგომარეობის გამოსასწორებლად. საქართველოს დემოგრაფიული საფრთხეები ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარეა და ეროვნული უსაფრთხოების ერთიანი სისტემის ერთ-ერთ ქვესისტემას წარმოადგენს. იგი ქვეყნის ეროვნული გენოფონდის უწყვეტობისა და პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტია. ის განსაზღვრავს მოკლე და გრძელვადიან პერიოდში საქართველოს მოსახლეობის დემოგრაფიული პოლიტიკის მიზნებს, ამოცანებს, პრინციპებს და ძირითად მიმართულებებს. დემოგრაფიული უსაფრთხოების სტრატეგიის გენერალური მიზანია: ქვეყნის მასშტაბით მოსალოდნელი დეპოპულაციის შეჩერება და მიგრაციის რაციონალიზაციით ქვეყნის მოსახლეობის რიცხოვნობის ზრდის სტაბილიზაცია. მიზნიდან გამომდინარე, ძირითადი გადასაწყვეტი ამოცანებია: ოჯახში ბავშვთა ყოლის მოთხოვნილების ზრდით, ქვეყანაში შობადობის სტაბილიზაცია მოსახლეობის გაფართოებული აღწარმობის დონემდე; მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესების ამაღლებით, მოსახლეობის მოკვდაობის შემცირება; დემოგრაფიული დაბერების ტემპის შენელება და დაბადებისას მოსახლეობის სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობის ზრდა; მიგრაციის რაციონალიზაცია და განსახლების ოპტიმიზაცია; ქორწინების სტიმულირება, მტკიცე ოჯახის ფორმირება და სხვ. ძირითადი ნაწილი საქართველოში 1992 წლამდე, საქართველოს მოსახლეობის რაოდენობრივი ფორმირების ძირითად კომპონენტს 1960-1991 წლებში ბუნებრივი მატება, ხოლო 1992 წლიდან დღემდე – გარე მიგრაცია წარმოადგენს. ქვეყანამ 2000 წელს დაამთავრა პირველი დემოგრაფიული გადასვლა და საბოლოოდ ჩამოყალიბდა ევროპის დასავლეთ ქვეყნებში 1970-იან წლებში დაწყებული მეორე დემოგრაფიული გადასვლისთვის დამახასიათებელი ლიბერალურ-დემოკრატიული სახის დემოგრაფიული ქცევა [Van De Kaa D. J. 1987: 30]. თავისი დემოგრაფიული განვითარებით დღეისათვის საქართველოში ფორმირება დაიწყო მოსახლეობის აღწარმოების უახლესმა ტიპმა, რომლისთვისაც დემოგრაფიული განვითარების კანონზომიერებიდან გამომდინარე, დამახასიათებელია შობადობის შემცირება და მოკვდაობის ზრდა, რასაც დეპოპულაცია მოჰყვება. შობადობის დონე, მოკვდაობასა და მიგრაციის მაჩვენებლებთან ერთად, არის ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი, რომელიც ქმნის მოსახლეობის სტრუქტურას და განაპირობებს ამ უკანასკნელის განვითარებას. მოსახლეობის სტრუქტურა და დინამიკა განსაზღვრავს ადამიანურ რესურსებს გრძელვადიანი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის. მოსახლეობის დაბალანსებული სტრუქტურა, რომელშიც არსებობს თანაფარდობა ახალგაზრდებს, შუახნის და ხანდაზმულ მოქალაქეებს შორის პრობლემების გარე შეიცვლება, რაც გრძელვადიანი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების წინაპირობაა. აღწარმოების დონეზე მუდმივად დაბალი შობადობის მაჩვენებელი და მიგრაციის უარყოფითი სალდო კი მოსახლეობის დაბერებას და მისი რიცხოვნობის შემცირებას განაპირობებს. 1980-იანი წლების ბოლოს საქართველოში შობადობის მაჩვენებელი მარტივი აღწარმოების დონეზე მაღალი იყო (შობადობის ჯამობრივი კოეფიციენტი 2,2‰). 1990-იანი წლების პირველ ნახევარში აღნიშნული მაჩვენებელი მნიშვნელოვნად ეცემა, 2015-2016 წწ.-ში შობადობის ჯამობრივი კოეფიციენტი მარტივი აღწარმოების დონეზე მაღალი იყო, თუმცა მომდევნო წლებში ეს მაჩვენებელი მუდმივად იკლებს და 2024 წელს 1,7‰-ს ტოლი ხდება, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ქვეყანაში არ ხდება მოსახლეობის მარტივი აღწარმოებაც კი. ქვეყანაში ადგილი აქვს „ბუნებრივ კლებას“ და ეს პროცესი უკვე ხუთი წელია გრძელდება (2020 წ. – 1,1; 2021წ – 3,8; 2022 წ. – 1,8; 2023წ – 0,7; 2024 წ. – 1,2) [სულაბერიძე ა. 2018: 79]. ქვეყანაში მიმდინარეობს მოსახლეობის დაბერების ტენდენცია – იზრდება მაღალი ასაკობრივი ჯგუფების წარმომადგენელთა წილი ქვეყნის მოსახლეობაში და შესაბამისად, კლებულობს ბავშვებისა და მოზარდების წილი. XXI საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისში, 1990-იან წლებთან შედარებით, დაახლოებით 1/3-ით შემცირდა საქართველოს მოსახლეობა. ამ პერიოდში 40%-ით შემცირდა 15 წლამდე ასაკის ბავშვების რაოდენობა, მაშინ როდესაც 65 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობის რაოდენობა გაიზარდა 17 პროცენტით. შესაბამისად, 65 წელს გადაცილებულთა წილი მოსახლეობაში გაიზარდა 9.2%-დან 15.6%-მდე, ხოლო მოხუცების თანაფარდობამ ბავშვების რაოდენობასთან მოიმატა 37.4%-დან 71.1%-მდე. იმის გათვალისწინებით, რომ მიგრაციის უარყოფითი სალდო იყო და რჩება საქართველოს მოსახლეობის კლების მთავარ განმსაზღვრელ პირობად (2023 წელს საქართველოს მოქალაქეთა უარყოფითმა მიგრაციულმა სალდომ 31.4 ათასით (თითქმის 1.8-ჯერ) გადააჭარბა ჩვენს ქვეყანაში დაბადებულ ბავშვთა რიცხოვნობას), მაშინ როდესაც წინა, 2022 წელს ამგვარი „გადაჭარბება’’ მხოლოდ 4.5 ათასს შეადგენდა, 2030 წლისათვის უკეთეს შემთხვევაში მოსალოდნელია მიგრაცია ფაქტიურად, ნულოვანი სალდოს ფარგლებში. უცხო ერების მიგრაციის ზრდის ფონზე გაგრძელდება ახალგაზრდობის ემიგრაცია, თუმცა, მათ რაოდენობას გადაფარავს უცხოეთიდან დაბრუნებული 65 წლის ასაკს გადაცილებული მოსახლეობა, რაც გაზრდის დემოგრაფიული დაბერების მაჩვენებელს. ამასთან ერთად, ქვეყნიდან ,,ტვინების’’ გადინება გავლენას იქონიებს ერთი მხრივ, ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ, მეორე მხრივ, უსაფრთხო დემოგრაფიულ განვითარებაზე [სულაბერიძე ა... 2024: 92]. დემოგრაფიული პროცესების არასასურველ ტენდენციებით განვითარებისას დემოგრაფიულ საფრთხეს გაზრდის უცხო ეროვნებათა მიგრაციის შედეგად ეთნიკური სტრუქტურის დარღვევის შედეგად ავტოქტონური მოსახლეობის შემცირება. ზემოთქმულიდან გამომდინარე 2030 წლამდე პერიოდში საქართველოს დემოგრაფიული უსაფრთხოების ძირითად ორიენტირებად უნდა იქცეს: - მოსახლეობის რიცხოვნობის 4,0 მილიონამდე სტაბილიზაცია; – მოსახლეობის ჯანმრთელობის განმტკიცება; – ოჯახში მესამე და შემდგომი რიგითობის ბავშვის ყოლის შედეგად შობადობის დონის გაზრდა; – ოჯახის ინსტიტუტის განმტკიცება, ოჯახურ ურთიერთობათა სულიერ-ზნეობრივი ტრადიციების აღორძინება და შენარჩუნება; – მიგრაციის რაციონალიზაცია და განსახლების ოპტიმიზაცია. მსოფლიოს მოსახლეობის ზრდა და დემოგრაფიული პრობლემები გაერომ მსოფლიოს წინაშე მდგარ 5 მთავარ პრობლემათა შორის აღიარა და შესაბამისად დემოგრაფიული უსაფრთხოება ეროვნული უსაფრთხოების სისტემის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტად წარმოდგა. სოციალურ-დემოგრაფიული უსაფრხოების პოლიტიკის დიაპაზონი საკმაოდ ფართოა და თითოეულის სტრატეგიული მიზნებიდან გამომდინარე, უნდა გატარდეს მაკრო, მეზო და მიკრო დონეზე. საქართველოს, დემოგრაფიული უსაფრთხოების კონცეფციაც ეროვნულ ინტერესებიდან გამომდინარეობს და დემოგრაფიულ პოლიტიკა საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებად უნდა მივჩნიოთ, რაც თავის მხრივ მჭიდრო ურთიერთდამოკიდებულებაშია ქვეყნის პოლიტიკურ, სოციალურ-კულტურულ, ეკონომიკურ, ეკოლოგიურ თუ სხვა სახის სისტემებთან. როგორც ეროვნული უსაფრთხოების ერთიანი სისტემის ერთ-ერთი ქვესისტემა, დემოგრაფიული უსაფრთხოება წარმოადგენს ქვეყნის ეროვნული გენოფონდის უწყვეტობისა და პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან გარანტს. იგი განსაზღვრავს მოკლევადიან პერიოდში პერიოდში საქართველოს მოსახლეობის დემოგრაფიული პოლიტიკის მიზნებს, ამოცანებს, პრინციპებს და ძირითად მიმართულებებს. კონცეფცია წარმოადგენდეს ორიენტირს, როგორც ცენტრალური ხელისუფლების, ასევე ადგილობრივი ორგანოებისათვის. იმ შემთხვევაში თუ დემოგრაფიული პროცესები არასასურველი ტენდენციით განვითარდება ქვეყანა დადგება საკმაოდ მრავალფეროვანი დემოგრაფიული საფრთხის წინაშე, რომელთა შორისაცაა მოსახლეობის კლება, მოსახლეობის დაბერება, დეპოპულაცია და სხვ. ცხრილი 1. დემოგრაფიული პროცესების არასასურველი ტენდენციებით განვითარებისას დემოგრაფიულ საფრთხეთა მოსალოდნელი შედეგები
წყარო: შედგენილია ავტორის მიერ. საქართველოში კომპლექსური დემოგრაფიული პოლიტიკის შემუშავების ქვაკუთხედია ამჟამინდელი აღწარმოების დონისა და შობადობის დონის გაზრდა. როგორც სოციოლოგიური გამოკვლევები ადასტურებენ მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილისთვის შვილთა სასურველი რაოდენობა აღემატება ორ შვილს, რაც მიუთითებს იმაზე, რომ შობადობის ჯამობრივი კოეფიციენტი შესაძლებელია მოსახლეობის მარტივი აღწარმოების დონეზე დარჩეს, თუ რაიმე ხელისშემშლელეი ფაქტორები არ მოახდენენ გავლენას. იმისათვის რომ მოსახლეობამ შეძლოს განახორციელოს შობადობასთნ დაკავშირებული სურვილები, საჭიროა იმ ბარიერების აღმოფხვრა, რომლებიც ხელს უშლიან შობადობასთან დაკავშირებული განზრახვების განხორციელებას. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა მოსახლეობის სტაბილურობის ისეთი დონის მიღწევა, რომელიც მდგრადი ეკონომიკური ზრდისა და სოციალური განვითარების მოთხოვნების შესაბამისი იქნება. ყურადღება უნდა გავამახვილოთ სოციალურ-დემოგრაფიულ საფრთხეებზე მოქმედი ძირითად დემოგრაფიულ ფაქტორებზე. რამდენადაც სოციალურ-დემოგრაფიული პოლიტიკის შემუშავებამდე უწინარესად გასათვალისწინებელია, თუ რა ვითარებაში უნდა განხორციელდეს იგი და ძირითადად არა გარე (არადემოგრაფიული) და შიგა (დემოგრაფიული) ფაქტორები შეუშლის ხელს მის ეფექტიან რეალიზაციას. გლობალური ხასიათის ფაქტორებია დემოგრაფიული განვითარების ობიექტური კანონზომიერებები და უცხოეთიდან "იმპორტირებული" დემოგრაფიული ქცევის სტანდარტები. გამოვყოფთ დემოგრაფიულ საფრთხეებზე მოქმედ ზოგიერთ ქვეყნის შიგა დემოგრაფიულ ნეგატიურ ფაქტორს: რეპროდუქციული ქცევის მკვეთრი ცვლილება. მოსახლეობის თვითმოვლითი ქცევის დაბალი დონე; დემოგრაფიული პროგრამების დაფინანსების სიმწირე; ორსული ქალებისათვის შეღავათების არასაკმარისობა; დემოგრაფიული დაბერების მაღალი დონე; ქორწინებათა და სასურველი რაოდენობის შვილთა ყოლის გადავადება; გარე მიგრაციის მაღალი ინტენსივობა; განსახლების სისტემის დეგრადაცია და ა.შ. საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პირველივე წლებიდანვე, მიუხედავად ქვეყანაში არასტაბილური პოლიტიკური და სოციალურ-ეკონონომიკური ვითარებისა და სუსტი ეკონომიკისა, ბიზნესის კეთების მიზნით განვითარდა უცხო ქვეყნებიდან იმიგრაცია. ამ პროცესში ისტორიულად მეზობელი მუსულმანი ქვეყნების მოქალაქეებთან ერთად აქტიურად ჩაერთვნენ გეოგრაფიულად საკმაოდ შორი, ჩინეთისა და ინდოეთის მრავალეროვნული და მრავალრელიგიური ქვეყნის მოქალაქეები. აღნიშნულს ქვეყნის დემოგრაფიული და რელიგიური სტრუქტურის ცვლილებები მოჰყვა და ქვეყანა მაღალი რეპროდუქციული ქცევის მქონე ბუდიზმის, ინდუიზმის და ისლამის მრწამსის მიმდევარი იმიგრანტების გარემოცვაში მოექცა. საქსტატის თანახმად, ბოლო 21 წელიწადში (2012-2023 წწ.) საქართველოში შემოვიდა 1 244 361 იმიგრანტი, რომელთაგან საერთო ჯამში 67.1% დაბალი რეპროდუქციული ქცევის მქონე ქრისტიანული ქვეყნების, ხოლო მესამედი – 32.9% საერთო ჯამში მაღალი რეპროდუქციული ქცევის მქონე მუსულმანური, ბუდიზმის და ინდუიზმის მრწამსის მქონე რელიგიების მიმდევარი ქვეყნების იმიგრანტები არიან [www.geostat.ge]. მიუხედავად ეროვნული და რელიგიური შეუთავსებლობისა, ქართველთა ტოლერანტობიდან გამომდინარე, არაქრისტიანული რელიგიის მქონე იმიგრანტებმა დაიმკვიდრესსაქართველოში საკუთარი ადგილი სოციალურ და კულტურულ სივრცეში, მათი სეგრეგაციის ნაცვლად ინტეგრაციის პროცესი პრევალირებს. მომავალში იმიგრანტთა რაოდენობრივ ზრდასთან ერთად სექტორული ინტეგრაციის განვითარებას ხელს შეუწყობს საქართველო-ჩინეთს შორის დადებული სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულების და შუა დერეფანთან ერთად ანაკლიის პორტის სრული ამოქმედება. ფაქტორთა ჩამოთვლა კიდევ შეიძლება, მაგრამ მათგან ძირითადად გამოვყავით უახლოეს მომავალში უწინარესად გადასაჭრელი პრობლემები, რომელთა გარეშეც ქვეყანაში მოსალოდნელი დეპოპულაციიდან გამომდინარე სოციალურ-დემოგრაფიული შედეგები გარკვეული დროის შემდეგ უფრო ძნელად გადასაჭრელი იქნება. დასკვნა. დემოგრაფიული უსაფრთხოების სტრატეგიას ნებისმიერი ქვეყნისთვის ეგზისტენციალური მნიშვნელობა გააჩნია. საქართველოს დემოგრაფიული უსაფრთხოების პრიორიტეტულ სფეროებს განეკუთვნება: შობადობა, მოკვდავობა, მიგრაცია და მათგან გამომდინარე მოსახლეობის სტრუქტურა და მოსახლეობის დაბერება. დღეს ქვეყანაში დემოგრაფიული პროცესები არასასურველი ტენდენციით ვითარდება, რამაც ქვეყანა დეპოპულაციის წინაშე დააყენა. საქართველოში კომპლექსური დემოგრაფიული პოლიტიკის შემუშავების ქვაკუთხედია ამჟამინდელი აღწარმოების დონისა და შობადობის დონის გაზრდა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა მოსახლეობის სტაბილურობის ისეთი დონის მიღწევა, რომელიც მდგრადი ეკონომიკური ზრდისა და სოციალური განვითარების მოთხოვნების შესაბამისი იქნება. გამოყენებული ლიტერატურა
|
||||||||||||||||||